ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯიუტად აქვთ ახირებული, რომ ქრონიკული ბოიკოტით გაარღვევენ სიტუაციას, გზები დაგვილოცია! ასჯერ რომ ეტყვი ადამიანს და მაინც არ ესმის, მაშინ ორი მომენტია: ვერც ვერასდროს გაიგებს ან სხვა რაღაცაშია საქმე, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, არჩევნების ბოიკოტი პოლიტიკური შეცდომაა და ოპოზიციამ მსგავსი პრაქტიკა აღარ უნდა გაიმეოროს.
„იცით რა უბიძგათ ამერიკელებს? - 2025 წელს არაფრის მომცემი ბოიკოტი დაინახეს. ვის გამოუცხადე 2025 წელს ბოიკოტი, როცა 22%-იანი კალაძე გყავდა თბილისში? ვის გამოუცხადა ოპოზიციამ ბოიკოტი?
ამერიკის საელჩოს ნათქვამი არ არის სავალდებულო ოპოზიციისთვის - შეიძლება მოისმინოს, შეიძლება გაითვალისწინოს ან არ გაითვალისწინოს, ეს არ არის სავალდებულო, მაგრამ შენ თუ გინდა მათთან სტრატეგიული თანამშრომლობა გააგრძელო, თუ ხედავ ამ ჭაობში ჩაფლული ქვეყნის გამოსავალს იმ ტიპის ქვეყნებთან ურთიერთობით, როგორიც არის ამერიკა, ევროკავშირი და ა.შ. უნდა ეცადო ეს წინადადებები გაითვალისწინო.
რაც არ უნდა მოხდეს, არ შეიძლება არჩევნების ბოიკოტიზირება. თუ გაყალბებები და უბედურებები ხდება პოსტსაარჩევნო პერიოდში, შენც გრჩება ნაბიჯის გადადგმის საშუალება. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ბოიკოტზე გავიდა, დღეს ხომ ფიქრობს, რომ ეს ბოიკოტი არ იყო სწორი. ხდება რაღაც, რაც შეცდომაში შეგიყვანს, ცოტა აფექტი იყოს, გაბრაზება და არაინფორმირებულობა, მაგრამ არჩევნებამდე ბოიკოტიო ეს არ არის სწორი, მაგრამ პოსტსაარჩევნო პერიოდში თუ უბედურება ხდება, შენ გრჩება ნაბიჯის გადადგმის საშუალება. ამაზეც გეკითხება შენ აშშ-ს საელჩო - რას პასუხობ მოქალაქეებს, რომლებმაც ხმა მოგცეს და ამ დროს, არჩევნებიდან 1 საათში, დამოუკიდებლად იღებ გადაწყვეტილებას და ამბობ, კარგად იყავიო.
რაც შეეხება ინსინუაციას, რომ ამ ყველაფრის მიღმა, ვიღაცამ, სადღაც დაინახა, რომ „ლელო“ ცდილობს აღიდგინოს საპარლამენტო მანდატები, ეს არის, როცა საკუთარი გაფუჭებულების მომენტიდან ხედავ 2024 წელს ჩადენილ ძალიან ცუდ გადაწყვეტილებას, არა მარტო სამართლებრივად, არამედ პოლიტიკურად არასწორ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა კაციტაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილმა 2025 წლის არჩევნების შესაძლებლობა „კაპიტულანტურად დათმო“, რაც, კაციტაძის შეფასებით, შეცდომა იყო.
„ადამიანებისთვის, რომლებსაც ჯიუტად აქვთ ახირებული, რომ ქრონიკული ბოიკოტით გაარღვევენ სიტუაციას, გზები დაგვილოცია! ასჯერ რომ ეტყვი ადამიანს და მაინც არ ესმის, მაშინ ორი მომენტია: ვერც ვერასდროს გაიგებს ან სხვა რაღაცაშია საქმე.
ჩემთვის არ გახდება საბაბი, რაღაც კონკრეტული მიზნის ვერ მიღწევა იმისთვის, რომ მე უარი ვთქვა არჩევნებზე. ეს გამორიცხულია! თუ ვარგიხარ, როგორც პოლიტიკოსი და ოპოზიცია, შექმენი დამცავი მექანიზმი, რომ ის არ განმეორდეს, რაც იყო. ამისთვის უნდა გამოგვეყენებინა 2025 წლის არჩევნები, რომელიც კაპიტულანტურად იქნა დათმობილი ცალკეული სუბიექტების მიერ“,-აცხადებს კაციტაძე.