ევროკომისიის პრესსპიკერი საქართველოს მხარესთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე 11 ივნისს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

2026 წლის მარტში კომისიამ თავდაპირველი 12 თვის ვადით შეუჩერა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს - როდესაც უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ჩერდება, კომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან იწყებს პროცესს, რომელსაც გაძლიერებულ დიალოგს ვუწოდებთ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა მარკუს ლამერტმა განაცხადა, როდესაც უპასუხა „ევროსკოპის“ შეკითხვას საქართველოს მხარესთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე 11 ივნისს დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით.

„2026 წლის მარტში კომისიამ თავდაპირველი 12 თვის ვადით შეუჩერა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელ საქართველოს მოქალაქეებს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც წევრმა ქვეყნებმა ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. როდესაც უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ჩერდება, კომისია შესაბამის მესამე ქვეყანასთან იწყებს პროცესს, რომელსაც გაძლიერებულ დიალოგს ვუწოდებთ. მისი მიზანია იმ გარემოებების გამოსწორება, რომელმაც შეჩერება გამოიწვია. ამ კონტექსტში, 11 ივნისს გაიმართება პირველი შეხვედრა ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის. აი, რას ეხება ეს შეხვედრა“, - აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

მისი თქმით, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება.

„შეხსენებისთვის, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებსაც ვიზალიბერალიზაცია ეფუძნება, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემა. ეს ქმედებები შეუსაბამოა კავშირის ნორმებსა და ღირებულებებთან და აფერხებს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას“, - აღნიშნა მარკუს ლამერტმა.

კითხვაზე, რას უნდა ველოდოთ შეხვედრის შემდეგ, იქნება შეფასება, ღია შეფასება, იქნება კითხვების დასმის საშუალება, ბრიფინგი თუ რაიმე სხვა ფორმატი შეხვედრის შემდეგ ინფორმაციის მისაღებად, პრესსპიკერმა უპასუხა: „არა. ეს არის ტექნიკური შეხვედრა, რომელიც იმართება შეჩერების პროცესისა და კონტექსტის ფარგლებში. იქნებ შეხვედრის შემდეგ მკითხოთ, თუ შევძლებ ინფორმაცია მოგაწოდოთ“.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა