კაია კალასი ევროკავშირის სახელით სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე განცხადებას ავრცელებს - მოუთმენლად ველით მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სომხეთში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ევროკავშირის სახელით განცხადებას ავრცელებს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის განცხადებით, „ეს არჩევნები აჩვენებს სომხეთის მტკიცე ერთგულებას დემოკრატიის, მშვიდობისა და რეგიონში გაძლიერებული თანამშრომლობის, ასევე ევროპასთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების მიმართ“.

„ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კამპანია მკვეთრად პოლარიზებული იყო, არჩევნები ინკლუზიურად წარიმართა, მკაფიო პოლიტიკური ალტერნატივებით და მყარი სამართლებრივი ჩარჩოს საფუძველზე კარგად იყო ორგანიზებული“, - წერს კალასი.

მისი თქმით, „საარჩევნო კამპანია და კენჭისყრა რუსეთის მხრიდან უპრეცედენტო ჩარევის, ზეწოლისა და მუდმივი ჰიბრიდული თავდასხმების ფონზე წარიმართა“.

„მიუხედავად ამისა, ეს არჩევნები ასახავს სომხეთის დემოკრატიულ მდგრადობასა და რეფორმების გზაზე პროგრესს. ასევე, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს სომეხი ხალხის ერთგულებას ევროპული ღირებულებების და სტაბილური, უსაფრთხო და წარმატებული მომავლის მიმართ. ევროკავშირი მხედველობაში იღებს სომხეთის საარჩევნო ორგანოს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო კონტრაქტის“ აშკარა ლიდერობას აღნიშნავს. ევროკავშირი სომხეთისა და მისი ხალხის გვერდით მტკიცედ დგას და სომხეთის დემოკრატიული გზის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ურყევია. მოუთმენლად ველით სომხეთის მომავალ მთავრობასა და პარლამენტთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი