თავისუფლება არის ყველაზე მაღალი ღირებულება, ყველაფრად ღირს - მინდა ბიჭებს ვუთხრა, რომლებიც იქ არიან, დიდი მადლობა, რომ თქვენ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ. მე უბრალოდ ცოტა მოხუცი ვარ და ვერ გავუძელი, იმიტომ წამოვედი, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე გოგოლაძემ ჟურნალისტებს საპროცესო შეთანხმების გაფორმების შედეგად გათავისუფლების შემდეგ განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.
„თავისუფლება არის ყველაზე მაღალი ღირებულება, ყველაფრად ღირს. მინდა ბიჭებს ვუთხრა, რომლებიც იქ არიან, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ. იცოდეთ, რომ მეც მანდ ვარ. გამოვედი ციხიდან მეორე ციხეში, მაგრამ გავუძლებ. მე თქვენ გვერდით ვარ, ბიჭებო, დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ბიჭებო, რომ თქვენ ეს გადაწყვეტილება მიიღეთ. მე უბრალოდ ცოტა მოხუცი ვარ და ვერ გავუძელი, იმიტომ წამოვედი. ბევრი რამ იდო საქმეში, მაგრამ რა იყო მართალი და რა ტყუილი, ეგ არის საკითხი. მე ცოტა ჯანმრთელობა არ მიწყობს ხელს და ეს გამოსავალი იყო“, - განაცხადა ალექსანდრე გოგოლაძემ.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულ 8 პირს - ევა შანშიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღურწკაიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ყველა მათგანი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა, გარდა ევა შანშიაშვილისა, ვინაიდან ის გირაოს სანაცვლოდ ისედაც თავისუფლებაში იმყოფებოდა.