„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის“ წევრი კომპანია „რეფორმერ ფიტნესი“ პარლამენტის მიერ მეწარმეთა შესახებ მიღებულ კანონს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. როგორც ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები, რომლებიც მეწარმე იურიდიულ პირებსა და მათ ხელმძღვანელებს საჯარო პოლიტიკურ აქტივობას უკრძალავს.
„სამართლებრივი დავის მიზანია ბიზნესსექტორის ფუნდამენტური უფლებების - გამოხატვის თავისუფლების, თავისუფალი მეწარმეობისა და კერძო სექტორის დამოუკიდებელი და თავისუფალი ხმის - დაცვა.
მიგვაჩნია, რომ ბიზნესს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი პოზიცია, დაიცვას თავისი ინტერესები და მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ დისკუსიებში ყოველგვარი ზეწოლისა და შეზღუდვის გარეშე.
აღნიშნული სამართლებრივი დავა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ერთი კომპანიისთვის, არამედ მთლიანად კერძო სექტორისთვის, რადგან იგი შეეხება იმ პრინციპებს, რომლებზეც თავისუფალი და კონკურენტული ეკონომიკური გარემო დგას. „თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“ სრულ მხარდაჭერას უცხადებს საკუთარ წევრ კომპანიას ამ პროცესში და გააგრძელებს ბიზნესის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.
კერძოდ, დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის მიერ 2026 წლის 4 მარტს მიღებული ცვლილებები, რომლებიც მეწარმე იურიდიულ პირებსა და მათ ხელმძღვანელებს „საჯარო პოლიტიკური აქტივობისთვის“, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება მათ ძირითად სამეწარმეო საქმიანობას, პირველად დარღვევაზე 20 000-ლარიან ადმინისტრაციულ ჯარიმას, ხოლო განმეორებით შემთხვევაში — სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, მათ შორის კომპანიის ლიკვიდაციას ან 3-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას უწესებს.
ასოციაცია და მოსარჩელე მხარე მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი ბიზნესის მიმართ მიზანმიმართულ შეზღუდვას წარმოადგენს, რადგან იგი ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ეწინააღმდეგება მეწარმეობის თავისუფლების კონსტიტუციურ პრინციპს, შეიცავს ბუნდოვან და ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და კერძო სექტორს საჯარო დისკუსიებში მონაწილეობისგან ფაქტობრივად გამორიცხავს. შედეგად, ზიანდება როგორც თავისუფალი ბაზრის, ისე დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური პრინციპები.
საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი მოთხოვნაა აღნიშნული სადავო ნორმების სრულად არაკონსტიტუციურად ცნობა და გაუქმება.
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია" , ახლაც და მომავალშიც, შეეცდება გამოიყენოს ქვეყანაში არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი, რათა ხელისუფლებებმა ვერ შეძლონ პირდაპირი ან შეფარული გზებით ბიზნეს სუბიექტების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ისინი ხელოვნურად მოწყვიტონ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
ჩვენი წევრი კომპანიის, „რეფორმერ ფიტნესის" სამართლებრივი ბრძოლა არის თითოეული ქართული საწარმოსა თუ მეწარმის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ჩვენ სრულად ვართ და ვიქნებით ჩართული პროცესში და ვიმედოვნებთ რომ დაწყებულ საქმეს წარმატებით მივიყვანთ სწორ და სამართლიან დასასრულამდე. ჩვენ გვსურს დავიცვათ ბიზნესის უფლება - ჰქონდეს საკუთარი ხმა ქვეყნის განვითარებაში და ეს უფლება დარჩეს ხელშეუხებელი“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.
ამასთან, როგორც „რეფორმერ ფიტნესის" დამფუძნებელმა გიორგი ფუტკარაძემ განაცხადა, კანონი ბუნდოვანია და აჩენს კითხვის ნიშნებს იმის თაობაზე, რა შეიძლება ხელისუფლებამ მიუღებლად ჩათვალოს.
„საკითხი ეხება 26 მარტს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის თანახმად მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ეკრძალებათ ისეთი სახის აქტივობების განხორციელება, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება მის სამეწარმეო საქმიანობას, მაგრამ შეიძლება ჩაითვალოს ისეთ აქტივობად, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, ან მიმართულია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისკენ, მათ შორისაა მმართველი ძალის წინააღმდეგ კრიტიკული აზრის გამოთქმა და ა.შ. აღნიშნული კანონი იმდენად ბუნდოვანია, რომ შეიძლება გამოყენებული იყოს კონკრეტული ბიზნესის წინააღმდეგ, როგორც ერთ-ერთი დამსჯელი მექანიზმი შერჩევითად იმ შემთხვევაში, თუ ეს ბიზნესი სახელმწიფოს მიმართ იქნება კრიტიკული აზრის გამომხატველი, მისი გადაწყვეტილებების კრიტიკულად შემფასებელი. სახელმწიფომ თუ ჩათვალა, რომ ეს აქტივობები მიმართულია სახელმწიფოს დღის წესრიგის შეცვლისკენ, შეიძლება ძალიან მკაცრი სანქცია გამოიყენოს, როგორიცაა ჯარიმები, ასევე პატიმრობა, კომპანიის ლიკვიდაცია და ასე შემდეგ“, - განაცხადა გიორგი ფუტკარაძემ.
მისი თქმით, ბიზნესი არა მხოლოდ მოგებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, არამედ დემოკრატიულ პროცესებში დადებით გავლენას უნდა ახდენდეს და თუ რამე არ მოსწონს, როგორც გადასახადების გადამხდელი ამა თუ იმ საკითხზე თავის პოზიციას უნდა გამოხატავდეს.
„კანონის ბუნდოვანება აჩენს კითხვებს, რა შეიძლება ჩათვალოს სახელმწიფომ ისეთ ქმედებად, რომელიც შეიძლება დასჯადი იყოს, ეს კონკრეტიკა კანონს არ ახლავს. შესაბამისად, არც ის ვიცით, რა მიზნით მიიღეს ეს კანონი. მინდა სიმბოლურად დარჩეს ისტორიას ეს მოვლენა. კიდევ ერთხელ გამახვილდეს ყურადღება ბიზნესის მხრიდან, რადგან ბიზნესი თვითონ არის გადასახადის გადამხდელი და მას უნდა ჰქონდეს იმის ძალა და უნარი, სახელმწიფოში თუ რამე არასწორი ხდება, მინიმუმ პოზიცია დააფიქსიროს. უკეთეს შემთხვევაში კი, ისეთი ნაბიჯები გადადგას, რომელიც არასწორ მოქმედებს შეაფერხებს, შეცვლის ან დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის და საზოგადოების განვითარებაზე“, - განაცხადა გიორგი ფუტკარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, როდესაც სახელმწიფო ბიზნესის საქმეში ერევა, ზიანდება როგორც ბიზნესი, ისე ქვეყანა.
„ერთხელ მოვისმინე მთავრობის რომელიღაც წარმომადგენლის მხრიდან: „ბიზნესმა თავის საქმეს მიხედოს და პოლიტიკაში ნუ ჩაერევაო“. საერთოდ არ მეხალისება ეს ამბები. ისედაც მინდა ჩემს საქმეს მივხედო, მაგრამ სახელმწიფოში ისეთი გარემო და სიტუაციაა ახლა, რომ ეს მორალურად არ მაძლევს იმის უფლებას, გავჩერდე და მხოლოდ ჩემს ბიზნესზე ვიფიქრო. რომ გვეუბნებიან ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ეს მოქალაქეებზე არანაირად არ აისახება. ეს ავტომატურად ახდენს გავლენას ბიზნესზე, პოლიტიკა პირდაპირ დაკავშირებულია ბიზნესზე“,-განაცხადა ფუტკარაძემ.