მინდა, ერთი წამით წარმოიდგინოთ, რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა, ჰერჩინსკის იმედები რომ გამართლებულიყო და ამათ მოეგოთ არჩევნები და მათი მთავრობა ყოფილიყო ხელისუფლებაში, მადლობა ღმერთს, ჰერჩინსკის ეს სურვილი არ ახდა,- ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, „ოპოზიციის ალიანსში“ მიმდინარე დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, იმაზე უარეს მდგომარეობამდე მიიყვანდნენ ქვეყანას, ვიდრე ეს გააკეთეს 2004-2012 წლებში.
„მინდა, ერთი წამით წარმოიდგინოთ, რა დღეში იქნებოდა ჩვენი ქვეყანა, ჰერჩინსკის იმედები რომ გამართლებულიყო და ამათ მოეგოთ არჩევნები და მათი მთავრობა ყოფილიყო ხელისუფლებაში. მადლობა ღმერთს, ჰერჩინსკის ეს სურვილი არ ახდა. ქართველმა ხალხმა არ დაუჯერა ევროკავშირის ელჩს და საქართველოს არ ჰყავს დღეს ასეთი მთავრობა, თუმცა ძალისხმევა ძალიან დიდი იყო.
არამარტო წინასაარჩევნო მოწოდებებში გამოიხატებოდა ეს ყველაფერი, არამედ გამოიხატებოდა იმითაც, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, არცერთმა ელჩმა და ქვეყანამ საქართველოს შესაბამის სივრცეში არ მოულოცა არჩევნების წარმატებით ჩატარება.
რატომ? იმიტომ, რომ ეს ხალხი უნდოდათ ხელისუფლებაში. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ერთმანეთშიც კი ვერ რიგდებიან, მათი გადმოსახედიდან უნდა მოსულიყვნენ ხელისუფლებაში.
წარმოდგენაც კი არ მინდა სადამდე მიიყვანდნენ ისინი ქვეყანას. იმაზე უარეს მდგომარეობამდე მიიყვანდნენ ქვეყანას, ვიდრე ეს გააკეთეს 2004-2012 წლებში. ეს არის ხალხი, ვისი ხელისუფლებაში მოყვანაც უნდოდა ჰერჩინსკის და მის თანამზრახველებს. მადლობა ღმერთს, საქართველოში ასეთი მთავრობა არ შედგა. უბედურება იქნებოდა ასეთი ხალხის მთავრობა, თეორიულადაც არ მინდა ამის წარმოდგენა“,- განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ოპოზიციის მთელი ისტორია და მთელი მათი ბიოგრაფიები არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, სწორედ ამის გამოა, რომ მათ არ აქვთ არავითარი ნდობა საზოგადოებაში“.
მისი თქმით, ისინი პირდაპირ ემტერებოდნენ სახელმწიფოს იმ პერიოდში, როდესაც კეთილსინდისიერ ოპოზიციონერს უნდა დაეკავებინა სახელმწიფოებრივი პოზიცია.
„მთელი მათი ისტორია, პოლიტიკოსების ბიოგრაფია, დაწყებული 2004 წლიდან დღემდე, არის ამის დასტური. გამუდმებული საბოტაჟი სახელმწიფოს, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, რაც ჩვენ თვალწინ წარმოებდა, ასევე ის, რაც ხდებოდა გასული 4 წლის განმავლობაში - რევოლუციის ხუთი მცდელობა, აქედან 4 იყო ძალადობრივი და ყველაში იყო ჩართული მთელი ეს სპექტრი თავისი პოლიტიკური პარტიებით, თავისი ენჯეოებით და თავისი მედიასაშუალებებით. ეს იყო ჩვეულებრივი ღალატის ქრონიკა, რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით მთელი ამ წლების განმავლობაში. მათი პოზიცია ომთან დაკავშირებით ყველას გვახსოვს, რა იყო 2022 წელს და მოგვიანებითაც, ისინი პირდაპირ ემტერებოდნენ სახელმწიფოს იმ პერიოდში, როდესაც კეთილსინდისიერ ოპოზიციონერს უნდა დაეკავებინა სახელმწიფოებრივი პოზიცია. მათ ეს ვერ მოახერხეს, უფრო სწორად არ მოახერხეს, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ჰყავთ ერთადერთი პატრონი, ეს არის გარე ძალები, რომლებიც მათ აძლევენ დაკვეთებს და შემდეგ ისინი მოქმედებენ დაკვეთების შესაბამისად. მე კიდევ ერთხელ გავიხსენე, რა იყო ზეწოლის შინაარსი 2022 წელს და მოგვიანებითაც, რას გვთხოვდნენ დახურულ კარს მიღმა თუ საჯაროდ. ეს იყო ომში ჩართვა, ეს იყო მებრძოლი მოხალისეების გაგზავნა, ეს იყო სანქციების დაწესება და მერე რაღაცნაირად ემთხვეოდა ხოლმე, რომ ოპოზიციის ქმედებებიც პირდაპირ აგრძელებდა იმ მოთხოვნებს, რომლებსაც ჩვენ ვიღებდით დახურულ კარს მიღმა, თუ საჯაროდ. სრული თანხვედრა იყო, სრული კოორდინაცია იყო არაკეთილმოსურნე გარე ძალებსა და ადგილობრივ ოპოზიციას შორის. მთელი მათი ისტორია და მთელი მათი ბიოგრაფიები არის ერთიანი ღალატის ქრონიკა და ამას საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და სწორედ ამის გამოა, რომ მათ არ აქვთ არავითარი ნდობა საზოგადოებაში და ეს არჩევნებშიც გამოიხატება ხოლმე, ქუჩაშიც გამოიხატება ხოლმე და ეს არის გამოხატული ყველგან და ყველაფერში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.