მსჯავრდადებულებმა უდავოდ მიიჩნიეს ყველა მტკიცებულება, სრულად აღიარეს და მოინანიეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების საქმის პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დღეს, 17:00 საათზე გაიმართება მორიგი სხდომა, სადაც დამტკიცდება საპროცესო შეთანხმება დამატებით 6 პირთან მიმართებით.
„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დაამტკიცა სახელმწიფო ბრალდებასა და დაცვის მხარეს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება და გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. აღნიშნული განაჩენის მიხედვით 8 პირი დამნაშავედ იქნა ცნობილი ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობისა და სტრატეგიული ობიექტის, კერძოდ პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების ფაქტზე. განაჩენის მიხედვით მსჯვრდებულებს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საპროცესო შეთანხმების პირობების შესაბამისად ჩაეთვალათ პირობით მსჯავრად, რის შემდეგაც 8-ვე მათგანი გათავისუფლდა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.
როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს 5 საათზე გაიმართება მორიგი სხდომა, სადაც დამტკიცდება საპროცესო შეთანხმება დამატებით 6 პირთან მიმართებით. გარდა ამისა, სახელმწიფო ბრალდება გამოხატავს მზაობას კონკრეტულ ბრალდებულებთან მიმართებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე, იმ შემთხვევაში თუკი ისინი დააკმაყოფილებენ საპროცესო შეთანხმების მოთხოვნებს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმეში მტკიცებულებების სახით მოთავსებული იყო ვიდეო მასალა, მათ შორის ჟურნალისტების მიერ პირდაპირ ეთერში გადაცემული ვიდეომასალა, სადაც აღბეჭდილია თითოეული მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება. აღნიშნული მტკიცებულებები დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიღებული. გარდა ამისა, საქმეს ერთვის ის ინფორმაცია, რაც შექმნილი და გადაღებული იქნა შსს-ის პრესსამსახურის მიერ, სადაც დეტალურად არის ასახული 64-ვე ბრალდებულის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედება. საქმეს ერთვის მთელი რიგი ექსპერტიზები, მათ შორის გარკვეულ შემთხვევაში დანიშნულია შესაბამისი კომპიუტერული ექსპერტიზა. აღნიშნული პასუხი არ არის ამ ეტაპისთვის ექსპერტიზის დასკვნის სახით მოსული, თუმცა შემდგომ ეტაპზე ანუ იმ საქმეზე, სადაც განაჩენია დამდგარი, სააპელაციო ინსტანციის ეტაპზე წარმოდგენილი იქნება ის განაჩენი უშუალოდ ორგანიზატორებთან მიმართებით. რაც შეეხება უკვე მსჯავრდებულ პირებს, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მათ უდავოდ მიიჩნიეს ყველა მტკიცებულება, სრულად აღიარეს და მოინანიეს მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება“, - განაცხადა პროკურორმა.
ცნობისთვის, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე ჯამში 64 პირია ბრალდებული, საიდანაც ამ ეტაპზე ბრალი აღიარა და ამის შესაბამისად, საპროცესო შეთანხმება უფორმდება 22 პირს.