ნანუკა ჟორჟოლიანი სააკაშვილის განცხადებაზე -  “ნაციონალურ მოძრაობაში” უნდა მოხდეს რევოლუციური ცვლილებები - რა ეტაპზე ვართ? - მოლაპარაკების

წინადადება საინტერესოა. გამოწვევა გააზრებული მაქვს, რომ არც ისე მარტივი იქნება, მაგრამ ასევე, მგონია, რომ შანსია დიდი ცვლილებების, - ასე ეხმაურება ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ „ერთობლივად შევთანხმდით, პარტიის რეფორმირებისთვის შემოვიერთოთ ბრწყინვალე ნანუკა ჟორჟოლიანი და მისი შესანიშნავი გუნდი“.

ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, ახლა მოლაპარაკებების ეტაპია და მეტ დეტალზე მოგვიანებით ისაუბრებს.

მისივე განცხადებით, პარტიამ მეტი ნდობა უნდა გამოუცხადოს ახალ სახეებსა და ახალგაზრდებს, რათა მათ ქვეყნის განვითარების ახალი დღის წესრიგი შექმნან.

ჟორჟოლიანი ასევე აღნიშნავს, რომ აფასებს სააკაშვილის მზადყოფნას ცვლილებებისთვის და მის ნდობას ახალგაზრდული ხედვების მიმართ.

ჟორჟოლიანი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის "მთავარი რეფორმატორების" პარტიის "ძველ შემადგენლობას ყველაზე კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია" აღნიშნული.

„მოკლედ, ამბავი ასეთია. მიშასგან მაქვს საინტერესო წინადადება, რაზეც პრინციპში უკვე დაწერა. “ნაციონალურ მოძრაობაში” უნდა მოხდეს რევოლუციური ცვლილებები - მთავარ ძალად ახალგაზრდები იქცნენ. რეგიონებში მუშაობა და დაპირისპირება პროპაგანდასთან, ახალი ინტერესების შექმნა, პოლიტიკური კინკლაობებიდან რეალურ საქმეზე გადასვლა, ისრების გასწორება მთავარი მტრისკენ. რა ეტაპზე ვართ? - მოლაპარაკების.

წინადადება საინტერესოა. გამოწვევა გააზრებული მაქვს, რომ არც ისე მარტივი იქნება, მაგრამ ასევე მგონია, რომ შანსია დიდი ცვლილებების. მოკლედ, ფიქრის და მოლაპარაკების ეტაპია. შეხვედრების, სხვების მოსაზრებების მოსმენის…

ვაფასებ მიშას საჯარო განცხადებას, რომ დიდი ცვლილებებისთვის მზადაა. პირად საუბრებშიც ესაა მთავარი თემა. კარი გაეხსნათ ახალ სახეებს, ახალგაზრდებს, იდეებით და ახლებური ხედვებით, საქართველო დიდი ჭაობიდან სწორედ ახალგაზრდულმა ხედვებმა უნდა ამოიყვანოს. პარტია მეტად უნდა ენდოს მათ, როგორც თავის დროზე, მიშას ენდობოდა და ქვეყნის მართვის საჭეს აძლევდა. ახლაც ამის დროა, ახალგაზრდებმა უნდა შექმნან დღის წესრიგი. ამ ნაწილში ვაფასებ მიშას ნდობას.

დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყნის მთავარი რეფორმატორების პარტიის ძველ შემადგენლობას ყველაზე კარგად ესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ახლა. როგორც კი მეტი დეტალი მეცოდინება, ხომ იცით, დაწერას ვერავინ დამასწრებს, ნუ მიშას გარდა“,- წერს ჟურნალისტი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალური რეფორმებისა და პარტიის განახლების მიზნით ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი გუნდის შეერთება დააანონსა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს ენმ-ის „სახალხო ორგანიზაციად“ გარდაქმნის აუცილებლობას, რომელიც უნდა იყოს არა ვიწრო-ელიტარული დაჯგუფება, არამედ ყველა მოქალაქის გაერთიანება.

სააკაშვილის განმარტებით, ლიდერების პატიმრობის პირობებში პარტიას ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება სჭირდება, რისთვისაც ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს მისი სრული მანდატი და ნდობა აქვს.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება