მიხეილ სააკაშვილის პოსტი ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა. უახლოესი თვეების განმავლობაში აუცილებლად ჩავატარებთ ყრილობას, რის შემდეგაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი სიცოცხლე უნდა მიიღოს - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოსტს სოციალურ ქსელში, სადაც ის „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებაზე საუბრობს.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ ძალიან საინტერესო და კარგი იქნება ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი გუნდის ხილვა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში.
„ნამდვილად საჭიროა ახლებური მიდგომა, ახლებური ძალა. კარგი იქნება ახალი სახეების ხილვა „ნაციონალურ მოძრაობაში“. ჩვენ ვიცით, რომ ქალბატონი ნანუკა თავის გუნდთან ერთად ძალიან აქტიური გახლავთ, ძალიან საინტერესო და კარგი იქნება მათი ხილვა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში. ჯერჯერობით ეს არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, კონსულტაციები არ დასრულებულა. ეს არის მუშა და მიმდინარე პროცესი. ორივე მხრიდან არსებობს კეთილგანწყობა, ამიტომაც ვნახოთ რა იქნება მომავალში“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
რაც შეეხება „ოპოზიციის ალიანსისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ურთიერთობას, ირაკლი ფავლენიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ეტაპზე ალიანსს არ დატოვებს.
„ძალიან მარტივად გახლავთ საქმე, ამ ეტაპზე ჩვენ არ ვტოვებთ ალიანსს, რადგან ამის ტაქტიკური მიზნები და მიზეზები არ შექმნილა. ამ ეტაპზე ალიანსი რომ დისფუნქციურია, ეს იმ არასამუშაო გარემოს ბრალია, რომელიც შექმნეს არაეთიკური განცხადებებით და თავდასხმებით, მუდმივი აგრესიული ტონით. საქმიანი გარემო არ არის, იმის ნაცვლად, რომ ეს ხალხი საუბრობდეს კონკრეტულ დღის წესრიგზე და მაგალითად 20 ივნისის აქციას უერთდებოდეს, იძახის, რომ ეს მიშამ დააანონსა და გადმოდიან პიროვნულ თავდასხმაზე“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.