საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილი მინისტრის, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატის, კახა კახიშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია, რა გახდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ბოლო ბრიფინგის ჩატარების მიზეზი, რადგან მისივე შეფასებით, საზოგადოებისთვის ისედაც ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ცენტრალური ფიგურაა.
როგორც კახიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, ბრიფინგზე ისეთი ახალი ინფორმაცია არ გაჟღერებულა, რომელიც საგანგებო ბრიფინგის ჩანიშვნას საჭიროებდა.
მისივე შეფასებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ივანიშვილს კობახიძისთვის მსგავსი ბრიფინგის ჩატარება დაევალებინა.
"ირაკლი კობახიძის ბრიფინგში ისეთი რამ არ იყო ნათქვამი, რა წინა პირობა ჰქონდა ვერ მივხდი. გუშინდელი ბრიფინგის შინაარსი ისედაც ყველამ ძალიან კარგად ვიცოდით. პარტია ბიძინა ივანიშვილის მიერ არის დაფუძნებული და მას რომ უპირობო რეიტინგი აქვს, "ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა იცის. მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება თავმჯდომარე და აღმასრულებელი მდივანი, ამომრჩეველი ცენტრალურ ფიგურად ბიძინა ივანიშვილს აღიქვამს.
ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს, ის არ ეტყოდა „გამოდი და დამიცავი”. გამორიცხულია, ასეთი რამ არასდროს ჩვევია - „იცი, რა შენ ხვალ ბრიფინგი ჩაატარე“ - მე არ მომეწონა... შეიძლება თვითონ [ირაკლი კობახიძე} ჩათვალა საჭიროდ. რა, განაპირობა მისი გუშინდელი ბრიფინგი იმაზე, რაც ისედაც ვიცოდით და რაც ანა-ბანაა, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველმა ისედაც იცის. ეს ყოველდღიურად რატომ უნდა თქვა, ამას ვერ ვხვდები. დებატებიც არ იყო ისეთი მწვავე, რომ ადგე და საგანგებო ბრიფინგი ჩაატარო.
ბიძინა ივანიშვილს იმდენი აქვს თავის ცხოვრებაში ნანახი, ფიქრობთ, რომ ისეთ მიამიტია, ყველა სიტყვას იჯერებს, ჩემსას ან კობახიძისას? რა თქმა უნდა, მას სხვა შეხედულება აქვს, პირიქით, ზედმეტი ქება არც სიამოვნებს. ივანიშვილმა შეძლო არა მხოლოდ ფულის შოვნა, არამედ შენარჩუნებაც, ხელისუფლების გასტუმრება და ხელისუფლებაში ყოფნაც. ე.ი გამოდის, რომ მთლად მიამიტურად ყველა ქება-დიდებას არ უკვეთავს და მეორეც, არც სჯერა“, - განაცხადა კახიშვილმა.
კახიშვილი განცხადებით, არ არსებობს ნიშნები, რომლებიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შესაძლო გადაყენებაზე მიუთითებს.
როგორც კახიშვილმა განაცხადა, თუ ხელისუფლებაში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება რომელიმე პოლიტიკური ფიგურის თანამდებობიდან წასვლის შესახებ, მსგავსი საჯარო განცხადებები ამ პროცესზე გავლენას ვერ მოახდენს და ამის მაგალითებიც არსებობს.
„მე ვერ ვხედავ წინაპირობად იმას, რომ კობახიძეს მოხსნიან. როდესაც გადაწყვეტილია, რომ ვიღაც უნდა მოხსნან და ვიღაც უნდა წავიდეს, ასეთი განცხადებები რომ არ შველის, ყველამ კარგად ვიცით, რა თქმა უნდა, ირაკლიმაც ძალიან კარგად იცის. იმიტომ, რომ სხვის მაგალითებზე მაინც ჰქონდა ნანახი. სხვა მიზეზი იყო, რაც ჩემთვის ამოუხსნელია“,- განაცხადა კახიშვილმა.