ბელფასტში არეულობა მეორე ღამესაც გაგრძელდა

ბელფასტში, დანით თავდასხმის შემდეგ, არეულობა მეორე ღამესაც გაგრძელდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

ჩრდილოეთ ირლანდიაში არეულობის მეორე ღამეს პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა.

დემონსტრანტები პოლიციის სპეცრაზმს აგურებითა და ბოთლებით დაესხნენ თავს, ასევე პოლიციას ბენზინის ბომბები ესროლეს. დემონსტრანტების ნაწილმა ავტომობილები და ნაგვის ურნები დაწვა.

BBC-ი წერს, რომ ბელფასტში არეულობა წინა ღამესთან შედარებით უფრო მცირე მასშტაბის იყო, თუმცა დამატებითი პოლიციის ჯგუფები მაინც გამოიძახეს.

პოლიციის განცხადებით, აღმოსავლეთ ბელფასტში, სადაც სამშაბათს ღამით დიდი მასშტაბის არეულობა იყო, ახლა 150 ადამიანი შეიკრიბა და მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ცნობისთვის, ბელფასტში არეულობა ორშაბათს მომხდარი დანით თავდასხმის შემდეგ დაიწყო. ჩრდილოეთ ბელფასტში სუდანელი მიგრანტი ადგილობრივ მამაკაცს დაესხა თავს. თავდასხმის ვიდეოკადრები სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რასაც მიგრანტების საწინააღმდეგო საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

სამშაბათს ღამით ბელფასტში დემონსტრანტებმა ავტომობილები, სახლები და ავტობუსი დაწვეს. ასევე, ძალადობრივმა დემონსტრანტებმა ოჯახები სახლებიდან გამოყარეს და ფანჯრები ჩაამსხვრიეს. შენიღბული დემონსტრანტები სამართალდამცავებსაც დაუპირისპირდნენ.

ოთხშაბათს დანით თავდასხმაში ბრალდებული სასამართლოს წინაშე წარდგა და ცნობილი გახდა მისი ვინაობა. ბრალდებული 30 წლის, სუდანის მოქალაქე ჰადი ალოდიდია, ხოლო დაზარალებული 40 წელს გადაცილებული სტივენ ოგილვია.

სუდანელ მამაკაცს ბრალი წაუყენეს სტივენ ოგილვის მკვლელობის მცდელობისთვის, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) რენტგენოლოგის მკვლელობის მუქარისთვის და დანის შენახვისა და ტარებისთვის. თავდასხმაში ბრალდებული ოთხი კვირით წინასწარ პატიმრობაში რჩება და სასამართლოს წინაშე დისტანციურად 8 ივლისს წარდგება.

დანით თავდასხმის შედეგად ოგილვიმ მარცხენა თვალი დაკარგა და დაზიანებული აქვს მარჯვენა თვალიც. ასევე, ოგილვის დაზიანებები კისრისა და ზურგის არეში აქვს მიღებული.

ოთხშაბათს საღამოს ოგილვის ოჯახმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია. ოგილვის ოჯახმა დემონსტრანტებს მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდა.

„გვსურს ნათლად განვაცხადოთ, რომ არეულობა მიუღებელია და წინსვლის ერთადერთი გზა მშვიდობიანი პროტესტია. ჩვენ ბევრი მიგრანტი გვყავს, რომელთაც ჩვენ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. არ გვსურს, რომ ეს საშინელი ტრაგედია ხალხის დასაყოფად ან შუღლის გასაღვივებლად იქნას გამოყენებული“, - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“