ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, - ასე უპასუხა ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში სეიედ ალი მოუჯანმა კითხვას, თუ რატომ არ დაუჭირა ირანმა აფხაზეთიდან დევნილთა დაბრუნების შესახებ გაეროს რეზოლუციას მხარი.
როგორც დიპლომატმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ირანულ მხარეს გაეროში რეზოლუციის საკითხზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
„ისრაელმაც არ დაუჭირა მხარი. იცით მიზეზი, ისრაელმა რატომ არ დაუჭირა მხარი? მე პასუხს გაგცემთ, მაგრამ ისრაელი საერთოდ არ გიპასუხებდათ ამ კითხვაზე. მათ ეშინიათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემის, მაგრამ მე არანაირი შიში არ მაქვს და თავისუფლად გაგცემთ პასუხს. ისინი არასდროს გაგცემენ ამ კითხვაზე პასუხს, რადგან წინააღმდეგობაში მოდის მათ პოლიტიკასთან, რომელიც პალესტინელ ლტოლვილებს ეხება. თუკი ისრაელი მხარს უჭერს საქართველოს და ზრუნავს ქართველ ლტოლვილებზე, ის ვალდებულია, ჰუმანური მიდგომები ჰქონდეს პალესტინელი ლტოლვილების მიმართაც. ასე, რომ ყოველთვის არის ორმაგი სტანდარტი ისრაელის პოლიტიკაში და ამ ორმაგი სტანდარტებიდან გამომდინარე, ისრაელი ვერასდროს დაუჭერს მხარს. მათთვის ლტოლვილი ყველა ერთნაირია, ქართველი იქნება თუ პალესტინელი. ჩვენ რატომ არ დავუჭირეთ მხარი?
მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. გასულ კვირას გორში ვიყავი და მეუფე ანდრიას შევხვდი. მეუფეს შეხვედრაზე ვუთხარი, რომ ძალიან ვამაყობ- როდესაც გორში საბჭოთა პერიოდში ძლიერი მიწისძვრა იყო, ირანელმა ხალხმა 140 ათასი ტონა ბრინჯი ჰუმანიტარული დახმარების სახით მიაწოდა გორის მოსახლეობას. მეუფემ ასეთი რამ მითხრა, ამ ფაქტითაც შეგიძლიათ იამაყოთ და ასევე შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი წინამორბედის გადაწყვეტილებით, რომელმაც ირანელი დიპლომატები 2008 წლის დროს თბილისიდან გორში ჩაიყვანა, რათა გორის ოკუპაციაც არ მომხდარიყოო. ჩვენ საერთოდ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიგვიღია. არის ნაცვალგების პრინციპი. თავის შეკავებაც არ არის ეს, კენჭისყრას არ დასწრებია და მონაწილეობა არ მიუღია. თავის შეკავებაც კიდევ პოზიციის დაფიქსირებაა. ქართული მხარე გარკვეულ რეზოლუციას არ ესწრება და კენჭისყრაში არ მონაწილეობს. ანალოგიურად, ჩვენც ამ რეზოლუციის დროს კენჭისყრაში არ ვმონაწილეობთ. თუმცა, სხვადასხვა დროს ქართველ ლტოლვილებს, როგორც აფხაზეთიდან, ასევე ცხინვალის რეგიონიდან ყოველთვის დავეხმარეთ. ასე, რომ ჩვენსა და ისრაელს შორის გარკვეული სხვაობა არის. ჩვენთვის მეგობრობას სხვანაირი მნიშვნელობა აქვს, ისრაელისთვის სხვანაირი. ირანის ელჩი პასუხს გაგცემთ კითხვაზე, შეგხვდებათ კიდეც, თუმცა მეეჭვება, ისრაელის ელჩი თქვენთან შეხვედრას დათანხმდეს. ისრაელის ელჩი იმის უფლებასაც აძლევს თავს ქართულ მხარეს პროტესტით მიმართოს, რატომ გაანათეთ ანძა ირანის დროშის ფერებშიო და გარკვეულწილად, მუქარის ენის ენით ესაუბროს საქართველოს მთავრობას. ჩვეულებრივი თანამშრომლობის ფორმაა, როდესაც თბილისის მერიამ თბილისის ანძა ირანის დროშის ფერებში გაანათა, ჩვენც, 26 მაისს თეირანში 435 მეტრიანი კოშკის ფონზე საქართველოს დროშა გამოვსახეთ. ისრაელში იყო 26 მაისს საქართველოს დროშის განათება?!“,-განაცხადა ირანის ელჩმა.
ცნობისთვის, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეზოლუციას, რომელიც ასამბლეამ მე-80 სესიის ფარგლებში მიიღო, 107 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მის წინააღმდეგ კი 8 ქვეყანა წავიდა, მათ შორის ირანი.