თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში უკვე 7 თვეა მიმდინარეობს ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის ექსკლუზიური კურსი. კურსი 2025 წლის ოქტომბერში დაიწყო და დღემდე ის უკვე 560-მა სტუდენტმა წარმატებით გაიარა.
ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის კურსს თსსუ-ის ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნარ-ჩვევების ცენტრი ატარებს.
ცენტრი უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ადმინისტრაციული სივრცეა, სადაც მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები ადამიანის გვამზე (კადავერზე) ანატომიური დისექციის ტექნიკას საფუძვლიანად ეუფლებიან. სასწავლო პროცესი მოიცავს სხვადასხვა ორგანოს - ღვიძლის, თირკმლის, ელენთის, გულისა და სხვა ანატომიური სტრუქტურების დეტალურ შესწავლას, რაც სტუდენტებს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ უნარებთან ინტეგრირებაში ეხმარება და ქირურგიული ანატომიის სიღრმისეულ გააზრებას უზრუნველყოფს.
სწავლების პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა კლინიკურად მოდელირებულ ქეისებსა და ლაპარასკოპიულ ანატომიას, სადაც სტუდენტები თანამედროვე ანატომიური კვლევის მეთოდებს პრაქტიკულად ეცნობიან. მსგავსი ფორმატის პრაქტიკული სწავლება საქართველოში პირველად სწორედ, თსსუ-ში - ამ კურსის ფარგლებში დაინერგა.
კურსის ფარგლებში სტუდენტები სწავლობენ ქსოვილებისა და ორგანოების სივრცითი ურთიერთობების ანალიზს, ქირურგიული მიდგომების ანატომიურ საფუძვლებსა და პრაქტიკულ გამოყენებას. პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა სამეცნიერო საქმიანობასაც - მორფოლოგიური და მორფომეტრიული კვლევების დაგეგმვას, ანატომიური მასალის მიღებასა და დამუშავებას, ანატომიური მოდელებისა და 3D რეკონსტრუქციების შექმნას, ასევე მიღებული შედეგების სწორ დოკუმენტირებასა და ანალიზს.
ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის ათდღიანი კურსი არჩევითი საგანია და მისი გავლა შეუძლიათ დიპლომირებული მედიკოსისა და დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს IV-დან X სემესტრის ჩათვლით. კურსზე დაშვების მთავარი წინაპირობა ანატომიის საბაზისო ცოდნაა.
ცენტრში დაგეგმილია დიპლომისშემდგომი სწავლების მოკლევადიანი კურსები სხვადასხვა სპეციალობაში. გარდა ამისა, ცენტრში მოქმედებს სტუდენტთა სასწავლო-სამეცნიერო ექსპერიმენტული მორფოლოგიის კლუბი. სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ კურსს, ერთიანდებიან ამ კლუბში, სადაც აგრძელებენ კვლევებს და ერთვებიან ტუტორინგის სასწავლო კომპონენტში თსსუ-ის იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ აღნიშნული საგნის შესწავლას.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნარ-ჩვევების ცენტრს თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი, კანცლერი ალექსანდრე ბუაჩიძე და რექტორის აპარატის უფროსი, ასოცირებული პროფესორი ირინა კაპეტივაძე ეწვივნენ. მათ ცენტრის ხელმძღვანელმა, მედიცინისა და სტომატოლოგიის საერთაშორისო ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით თოფურიამ ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის კურსი დეტალურად გააცნო.
ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.