ზაზა ბიბილაშვილი - ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა ცალმხრივი ხელშეკრულებაა ბატონსა და ვასალს შორის - თბილისი აღიარებს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს, მაგრამ არ არის ნახსენები, რომ პეკინი აღიარებს საქართველოს აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად

„ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელის, ზაზა ბიბილაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე ამ ეტაპზე, უშუალოდ არ დგას, თუმცა არსებული პოლიტიკური კურსის გაგრძელების შემთხვევაში რისკი.

ბიბილაშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხრიდან შესაძლო სანქციები ან შეზღუდვები არ უნდა შეეხოს საქართველოს მოქალაქეებს, რადგან, შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და არა საზოგადოებას.

„ვიზალიბერალიზაციის რაღაც ეტაპზე მაინც დაემუქრება [საფრთხე] , თუმცა მინდა დავიჯერო, რომ ეს ეტაპი არ დაგდება, თუ დადგება დიდი ხნის შემდეგ. ამ ეტაპზე, საუბარია იმაზე, ვინც ამ ვითარებაზეა პასუხისმგებელი, მან უნდა აგოს პასუხი და არა ქართველმა ხალხმა, რომელსაც არანაირი წვლილი არ შეუტანია ამ რეალობაში, არამედ პირიქით, ქართველი ხალხი ყველანაირად ცდილობს, რომ რეალობა შეიცვალოს. „ქართული ოცნება“ რუსულ საბჭოთა სტილში ამბობს: „ არ შეიძლება ამ საკითხის პოლიტიზირება და ეს არის ტექნიკური საკითხი”. როგორ არის ტექნიკური საკითხი, ზუსტადაც, რომ პოლიტიკურია. ევროპის კავშირი პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც კონკრეტულ ღირებულებებს ეფუძნება და ამ ღირებულებათა არ არის თავსებადი ის, რასაც „ქართული ოცნება“ აკეთებს.

ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ევროკავშირმა ვერ დაუშვას ურთიერთობების გალღობა და მხოლოდ უარყოფით სპირალში შეჰყვეს „ოცნებას“. სხვა გამოსავალს და არჩევანს ესენი არ უტოვებენ ევროპას“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.

ექსპერტი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება“ მანიპულირებს ევროკავშირის საკითხით, იმ ფონზე, როცა საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ვიზალიბერალიზაციის შესაძლებლობით პრაქტიკულად არ უსარგებლია.

„თუ სწორად მახსოვს, ვიზალიბერალიზაციით საქართველოს მოსახლეობის 25%-ს უსარგებლია, ხოლო 75%-სთვის თეორიული საკითხია, შესაბამისად ამით წარმატებულად მანიპულირებს „ოცნება“. თუ რამე უმუშავებს ამ რეჟიმს, ეს არის პროპაგანდა, თავისი სანქცირებული ტელევიზიებით. მეორე მხარე ამ პროპაგანდას ვერ უპირისპირდება ამიტომ, რომ სხვა პრიორიტეტები აქვს, სხვა რაღაცებზე წუხან“,- განაცხადა ბიბილაშვილმა.

ბიბილაშვილმა ასევე შეაფასა საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული სტრატეგიულ პარტნიორობა.

მისი თქმით, შეთანხმება არათანაბარ პირობებს ეფუძნება და ძირითადად ჩინეთის ინტერესებს ემსახურება.

მისივე შეფასებით, დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა „ერთი ჩინეთის“ პრინციპის მხარდაჭერას, მაშინ როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ანალოგიური ფორმით არ არის ასახული.

„სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, რომელიც ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაიდო, არ არის სტანდარტული თანამშრომლობა, ეს არის ცალმხრივი ხელშეკრულება ბატონსა და ვასალს შორის. რომელიც სავსეა ცალმხრივი ფორმულირებებით: საქართველო ეთანხმება, საქართველო მიესალმება... ტერიტორიულ მთლიანობაზე ცალკეა გამოყოფილი ის, რომ საქართველო აღირებს ერთი ჩინეთის პრინციპს - ტაივანს რაც შეეხება. მაგრამ პირიქით არ არის ნახსენები, რომ ჩინეთიც აღიარებს საქართველოს აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად. ჩინეთი ცნობილია იმით, რომ განვითარებადი ქვეყნების დიდი ნაწილში ასეთი კაბალური ხელშეკრულებებით შედის და შესაბამისად მათთან ამყარებს ბატონის და ვასალის ურთიერთობას. ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ,რომ დასავლეთი გააღიზიანოს, გამოიწვიოს მათგან შესაბამისი რეაქცია და ეს ყველაფერი, ცხადია აწყობს რუსეთს“, - განაცხადა ბიბილაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“