გიორგი შარაშიძე - უვიზო მიმოსვლას ემუქრება საფრთხე, კიდევ კარგად ითმენს ევროკავშირი, რადგან „ოცნების“ რეჟიმს არაერთი შანსი დაუტოვეს - ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა კი ვაშინგტონისთვის სიგნალია, „ქართული ოცნება“ აშშ-სთან ურჩი ბავშვის როლშია

უვიზო მიმოსვლას ემუქრება საფრთხე და ეს იქნება სერიოზული პოლიტიკური სიგნალი, რაც იქნება სირცხვილი და თავის მოჭრა მთელი მსოფლიოს მასშტაბით, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

გიორგი შარაშიძის განმარტებით, უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულება შეიცავს პუნქტს, სადაც მკაფიოდაა საუბარი, რომ ვიზალიბერალიზაციის მქონე ქვეყანა უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს და კანონის უზენაესობას და სწორედ ამ ყველაფერზე უარის თქმამ გამოიწვია უვიზო მიმოსვლის საფრთხის ქვეშ დაყენება.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა გიხრათ, დოკუმენტების დონეზე გეუბნებით, ჯერ კიდევ 2013 წელს, მაშინვე დოკუმენტში ჩადებული იყო ვალდებულება ადამიანის უფლებების დაცვისა და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარების. არავინ თქვას და დაიჯეროს, რომ იყო მხოლოდ ტექნიკური, პასპორტების დონეზე, მიგრაციისა და მიმოსვლის დონეზე არსებული შეთანხმება. ჯერ კიდევ 2013 წლიდან ჰქონდა საქართველოს აღებული ვალდებულება, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის სანაცვლოდ, საქართველოს უნდა მიეცა გარანტია ევროკავშირისთვის, რომ აქ იქნებოდა დაცული ადამიანის უფლებები. 2017 წლიდან ვსარგებლობთ ჩვენ უვიზო რეჟიმით, მაგრამ რა ხდება ბოლო წლებში? რატომ მიდის ევროკავშირი ამ უკიდურეს ზომაზე, რომ საუბარი დაიწყო უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე? მინდა გითხრათ, რომ კიდევ კარგად ითმენს ევროკავშირი. ამდენი ხნის განმავლობაში არაერთი გაფრთხილება და შანსი დაუტოვეს „ოცნების“ რეჟიმს, რომ რაღაც ზომები მიეღოთ. სულ ბოლო გაფრთხილება იყო დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეზღუდვა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ვიზალიბერალიზაცია ნაწილობრივ უკვე შეჩერებულია, უბრალოდ ეს არ ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს.

ვიზალიბერალიზაციის შეჩერება, შეფერხება - ეს არის პოლიტიკური სიგნალი და ნამდვილად დიდი დარტყმა საქართველოს მიმართ. სიმართლე გითხრათ, არ ველოდები, მაგრამ გააჩნია, „ოცნება“ თუ კიდევ გააგრძელებს ქმედებებს, გააგრძელებს ანტიდემოკრატიული კანონების მიღებას, როგორსაც იღებს, ბოლო-ბოლო აქამდეც მივა საქმე“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

რაც შეეხება საქართველო-ჩინეთისა და საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებს, გიორგი შარაშიძე აცხადებს, რომ ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორების შესახებ შეთანხმების გაფორმება სიგნალია აშშ-სთვის, რომ „ჩვენ იმას გავაკეთებთ, რაც გვინდა. ურჩი ბავშვის როლშია „ქართული ოცნება““.

„მე ნამდვილად არ ვთვლი, რომ ეს[ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორების შესახებ შეთანხმება] არის შემთხვევითი. ეს, რაც დღეს ხდება, პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ „ოცნებას“ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხისადმი, რაც არის საგარეო პოლიტიკა, არანაირი სტრატეგიული მიდგომა არ აქვს და მისი საგარეო პოლიტიკა შეიძლება ყოველდღე შეიცვალოს. ჯერ ამერიკას ეხვეწებიან ურთიერთობების გადატვირთვას, პროგრესის მოლოდინს გააჩენენ საზოგადოებაში, მერე ამერიკიდან მიიღებენ ძალიან ლოგიკურ და ბუნებრივ გზავნილებს, რომ „დიდი ბოდიში, მაგრამ ჩვენ გაკვირდებით, გელოდებით. თუ გსურთ გადატვირთვა, გვაჩვენეთ, რამდენად ხართ მზად, რომ შეცვალოთ ტრაექტორია და ქცევა“. ამის შემდეგ რას აკეთებს კობახიძე? ნაცვლად იმისა, რომ ღირსეულად და სათანადოდ უპასუხოს, ფაქტობრივად ტყუილში ადანაშაულებს მარკო რუბიოს. ამის შემდეგ უცბად ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა, რომელიც რა თქმა უნდა, სიგნალია იმისა, რომ ჩვენ იმას გავაკეთებთ, რაც გვინდა. ურჩი ბავშვის როლშია „ქართული ოცნება“ აშშ-სთან მიმართებაში“, - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“