არჩილ გორდულაძე - ნანუკა ჟორჟოლიანი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შესისხლხორცებული ნაწილია, სააკაშვილისგან მისი მხარდაჭერა კი არის შიდა დაპირისპირებების სააშკარაოზე გამოტანა - გვინდა, რომ ეს სერიალი გაგრძელდეს

ნანუკა ჟორჟოლიანი კოლექტიური „ნაცმოძრაობის" შესისხლხორცებული ნაწილია - მოუთმენლად ველით ახალი სერიის გამოსვლას, გვინდა, რომ ეს სერიალი გაგრძელდეს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ნანუკა ჟორჟოლიანის მხარდაჭერა შიდა პარტიული დაპირისპირების სააშკარაოზე გამოტანაა.

გორდულაძე ამბობს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს არანაირი წარმატება არ ექნება.

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა" მხოლოდ და მხოლოდ დავალების შემსრულებელი, კონსტიტუციურ ფარგლებს გარეთ გასული ე.წ. პარტიაა. დავალებაც იყო, რომ ისინი როგორმე გაერთიანებულიყვნენ და საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ შეერთებული ძალებით ებრძოლათ, მაგრამ ეს ყველაფერი არ გამოდის. ამ პოლიტიკური ბანდის წევრებს ერთმანეთის მიმართ განსაკუთრებული ზიზღი აქვთ. ისინი ერთმანეთში ძალაუფლებას, თავიანთი პატრონის წინაშე ადგილსაც ვერ იყოფენ. შესაბამისად, ვხედავთ ამ დაპირისპირებას და ერთმანეთის შეურაცხყოფას, დაჭმას. კიდევ ერთი სერია ვიხილეთ, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს სერიალი გაგრძელდეს. მოუთმენლად ველით ახალი სერიის გამოსვლას. გვახსოვს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად სცადა არჩევნების გზით საქართველოს პარლამენტის წევრი გამხდარიყო. იგი იყო მაჟორიტარობის კანდიდატი, ასევე იყო სიაშიც, მაგრამ საქართველოს პარლამენტში ვერ მოხვდა და გადაიქცა ერთ ჩვეულებრივ პროპაგანდისტად, რომელიც ეთერ-ეთერ დადის, სხვადასხვა სოციალურ ქსელს იყენებს იმისათვის, რომ როგორმე დეზინფორმაციის გავრცელება გააძლიეროს. ვერავინ დაგვაჯერებს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი შორს იყო „ნაციონალური მოძრაობისგან". პირიქით, ის კოლექტიური „ნაცმოძრაობის" შესისხლხორცებული ნაწილია. ახლა "ნაციონალური მოძრაობის" უპირობო ბელადის, სისხლიანი სისტემატური მწამებლური რეჟიმის შემქმნელის, მიხეილ სააკაშვილისგან მისი მხარდაჭერა არის შიდა პარტიული დაპირისპირებების სააშკარაოზე გამოტანა. ნანუკა ჟორჟოლიანს რა წარმატება შეიძლება ჰქონდეს, საზოგადოებამ იმსჯელოს. რა თქმა უნდა, არაფერი, ნული," - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალური რეფორმებისა და პარტიის განახლების მიზნით ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი გუნდის შეერთება დააანონსა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს ენმ-ის „სახალხო ორგანიზაციად“ გარდაქმნის აუცილებლობას, რომელიც, მისი თქმით, უნდა იყოს არა ვიწრო-ელიტარული დაჯგუფება, არამედ ყველა მოქალაქის გაერთიანება. სააკაშვილის განმარტებით, ლიდერების პატიმრობის პირობებში პარტიას ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება სჭირდება, რისთვისაც ნანუკა ჟორჟოლიანს მისი სრული მანდატი და ნდობა აქვს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები