ალბათ, ის დრო მოვიდა, ოპოზიცია რომ გამართავს 20 ივნისთან დაკავშირებით აქციას, „ოცნებაც“ შეუერთდება - „ოცნების“ ხელისუფლებას გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე კი არ უნდა აღეძრა 20 ივნისზე, არამედ პირიქით, მადლობა უნდა ეთქვა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა, შალვა კერესელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, 2019 წლის 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მაშინდელმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ სახელმწიფო ინსტიტუტზე შტურმი აღკვეთა.
კერესელიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას და შსს-ს შტურმი რომ არ აღეკვეთა, დღეს „ოცნება" ხელისუფლებაში აღარ იქნებოდა.
„გამართონ [აქცია]. ოპოზიცია ბევრ რაღაცას აპირებს, ხან იქ გამოვა, ხან აქ, მაგრამ რა?! 20 ივნისთან დაკავშირებით არა ერთხელ ითქვა ჩვენი გუნდის პოზიცია, მათ შორის, ბატონი გიორგის მხრიდანაც. 20 ივნისის სხვა რომელიმე აქციასთან შედარება არ შეიძლება. 20 ივნისს სახელმწიფო ინსტიტუციაზე შტურმის მცდელობა იყო. პარლამენტის შენობის შტურმით აღებას ცდილობდნენ ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც ამოფარებულები იყვნენ გულმხურვალე ახალგაზრდებზე. ისინი მერე გაიპარნენ და დარჩნენ ახალგაზრდები. ეს არის სიმართლე. დღეს კიდევ გამოვლენ და ვაპირებთ აქციასო. გამოვიდნენ, ვინ უშლით?! ხელისუფლება, ალბათ, დიდი სიამოვნებით მისცემს ნებართვას, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით გამოვიდნენ და გააპროტესტონ.
ეგ შტურმის მცდელობა რომ არ აღკვეთილიყო, დღეს "ოცნება" ხელისუფლებაში ვერ იქნებოდა და ვერც ერთი თანამდებობის პირი. 20 ივნისის დაწყების საფუძველი ყველამ კარგად იცის. ეს გამოიწვია გავრილოვის ჩამოყვანამ. გავრილოვი სწორედ "ოცნების" ხელისუფლებამ ჩამოიყვანა და კობახიძემ ჩასვა საქართველოს პარლამენტის სავარძელში," - განაცხადა კერესელიძემ.
დეპუტატი ამბობს, რომ 2019 წლის 20 ივნისის აქციის 2024-2025 წლებში გამართულ აქციებთან შედარება არ შეიძლება, რადგან „სულ სხვადასხვა თემაა".
მისი თქმით, „20 ივნისს პირდაპირ იყო შტურმის მცდელობა", 2024-2025 წლებში კი მშვიდობიანი საპროტესტო აქციები იმართებოდა.
„2024-2025 წლებში არ ყოფილა შტურმის მცდელობა. ის იყო მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. 2024-2025 წლის საპროტესტო აქციებს ვერც ერთ შემთხვევაში შეადარებთ 20 ივნისს. სულ სხვადასხვა თემაა. 20 ივნისს პირდაპირ იყო შტურმის მცდელობა. გიორგი გახარიას და შსს-ს ეს რომ არ აღეკვეთა, დღეს ეს ხელისუფლება აღარ იქნებოდა. "ოცნების" ხელისუფლებას გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე კი არ უნდა აღეძრა 20 ივნისზე, არამედ პირიქით, მადლობა უნდა ეთქვა რომ "ოცნების" ხელისუფლება შეინარჩუნა. ისევე როგორც ჩორჩანას საქმეზე. ალბათ, ის დრო მოვიდა, ოპოზიცია რომ გამართავს 20 ივნისთან დაკავშირებით აქციას, "ოცნებაც" შეუერთდება მშვიდობიანი ფორმით, იმიტომ რომ ორივეს ერთი ინტერესი გააჩნია 20 ივნისთან დაკავშირებით," - განაცხადა კერესელიძემ.
ცნობისთვის, სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი, ერთი საქართველომ" 20 ივნისს, აქცია დააანონსა. აქცია ე.წ. გავრილოვის ღამის გახსენებას მიეძღვნება, რომლიდანაც 7 წელი გავიდა. ორგანიზატორების ცნობით, ისინი 20 ივნისს, საღამოს 19:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ. ცნობილია, რომ აქციას უერთდება პარტია "ნაციონალური მოძრაობაც".