ბიძინა ივანიშვილი რეპრესიული პოლიტიკის ფორსირებას ახდენს - ე.წ. საბოტაჟის საქმის ფინალი ოპოზიციური პარტიების ლიდერებისთვის, სავარაუდოდ, მარტივი არ იქნება! რა თქმა უნდა, არსებობს მოლოდინი, რომ პოლიტიკურ ლიდერების დაკავების საფრთხე არის - რა თქმა უნდა, ჩემი პარტიის ლიდერები ამისთვის მზად არიან და ყველაზე უარესისთვის არიან განწყობილი, - ეს განცხადება პარტია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ გააკეთა.
კუპრაძის შეფასებით, “საბოტაჟის საქმე“ იმდენად გამოგონილი ისტორიაა, რომელიც “დანოსჩიკური დოკუმენტითა“ და ცრუ ჩვენების საფუძველზე დაიწყო, მოქალაქეებისთვის სასამართლო სხდომების ჩვენება იქნებოდა დასტური იმისა, რომ სასამართლო მხოლოდ ერთი ადამიანის მიერ იმართება. კუპრაძის თქმით, სასამართლო პროცესი სწორედ ამ მიზეზით დაიხურა.
“იმ ვარაუდისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან აშშ-სა და ევროკავშირის რიგ განცხადებებზე პასუხად ე.წ. საბოტაჟის - პოლიტიკური ლიდერების დევნის საქმე სპეციალური დამთხვევა იყო, გრაფიკს უნდა ჩავხედოთ. ვნახავთ, რომ სხდომა 24 ივნისს იყო ჩანიშნული და სრულიად შემთხვევით, ფარატინა ფურცლის საფუძველზე პროკურატურამ მოსამართლეს დაავალა, რომ სასამართლო პროცესი 24 ივნისიდან 11 ივნისს გადმოეწია. თუ აქამდე თვეში ერთი პროცესი იყო დაგეგმილი, ახლა კვირაში სამი ან ორი პროცესი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი რეპრესიული პოლიტიკის ფორსირებას ახდენს და ამ საქმის ფინალი ოპოზიციური პარტიების ლიდერებისთვის სავარაუდოდ მარტივი არ იქნება.
ივანიშვილი ფიქრობს, რომ იმ რეპრესიების ფონზე, რაც მას პოლიტიკური ლიდერების, მედიის, სამოქალაქო სექტორის მიმართ აქვს, ამით აშშ-ს და ევროკავშირის მოთხოვნებს პასუხობს. ეს კი არის მოთხოვნები იმის შესახებ, რომ არ გყავდეს პოლიტიკური პატიმრები, არ დევნო საკუთარი მოქალაქეები, სასამართლო იყოს თავისუფალი და ასე შემდეგ. ეს არის მოთხოვნები, რომელიც არა ევროკავშირს, არამედ ამ ქვეყანას სჭირდება. ქართველ ხალხს და საქართველოს მოქალაქეებს გვჭირდება ცალკე მდგომი დამოუკიდებელი სასამართლო.
ცხადად იგრძნობა ივანიშვილის პოზიცია, რომ ის აპირებს კიდევ უფრო კრიზისულ ვითარებაში შეიყვანოს ქვეყანა. ამან რა თქმა უნდა, მძიმე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს - მძიმე შედეგები, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებისთვის!
არსებობს მოლოდინი, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ რეპრესიებს ბოლომდე მიიყვანს. რა თქმა უნდა, არსებობს მოლოდინი, რომ პოლიტიკურ ლიდერების დაკავების საფრთხე არის. რა თქმა უნდა, ჩემი პარტიის ლიდერები ამისთვის მზად არიან და განწყობილი არიან ყველაზე უარესისთვის.
არ შეიძლება ივანიშვილის მიმართ ოპტიმიზმის საფუძველი გქონდეს, რომ ის გაკეთილშობილდება. არ შეიძლება ივანიშვილის მიმართ გქონდეს განცდა, რომ ის ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებას შეძლებს. ყოველთვის პირიქით აკეთებს - მაშინ, როდესაც კრიზისი არსებობს საგარეო როლზე, დასავლურ სამყაროსთან მას აქვს არჩევანი, რომ მორჩეს რეპრესიებს, მორჩეს სასამართლოთი თამაშს მურუსიძის ხელით, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, უკან გაიწვიოს რეპრესიული კანონმდებლობა, რომლითაც მედიას, სამოქალაქო სექტორს და პოლიტიკურ საქმიანობას ზღუდავს, ამის ნაცვლად, ის დამატებით რეპრესიულ კანონებს იღებს და ახალ შეკერილ საქმეებს ქმნის. ამიტომ მოლოდინი იმისა, რომ ივანიშვილი კიდევ უფრო დანაშაულებრივ ნაბიჯებს გადადგამს, არსებობს. მისი გაკეთილშობილების ოპტიმიზმი ჩვენ არა გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
“ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივნის ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე საგარეო ველზე საქმიანობას განაგრძობს, რაც საქართველოს ეროვნული ინტერესები დაცვაში გამოიხატება და მუდმივად არის ჩართული პოლიტიკური პარტიის საქმიანობაში.
“ის ნებისმიერ დროს შეიძლება დაბრუნდეს საქართველოში, როცა ამის აუცილებლობა და საჭიროება იქნება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილის გაფუჭებული, ჩასვრილი, გაუბედურებული საგარეო პოლიტიკა არის გამოსასწორებელი. ამისთვის ჩვენი პარტიის ლიდერი მამუკა ხაზარაძე ძალიან დიდი საქმეს აკეთებს ევროპის დედაქალაქში - ბრიუსელში. ევროპარლამენტიდან სულ რამდენიმე ქუჩის მიღმა ქართული კულტურის, პოლიტიკის და სოციალური საკითხების ეპიცენტრს ქმნის, რომელიც ღია იქნება არა მხოლოდ ჩვენი პარტიისთვის, არამედ თავისუფალი მოქალაქეებისთვის, ჟურნალისტებისთვის, კულტურის მუშაკებისთვის და სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის. ეს საქმე არის ის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომლის გაკეთების შესაძლებლობა სხვას არა აქვს, ეს მხოლოდ მამუკა ხაზარაძეს შეუძლია და ის ამას აკეთებს“, - განაცხადა კუპრაძემ.
კუპრაძემ აღნიშნა ისიც, რომ “ლელო - ძლიერი საქართველო“ სამართლიან არჩევნებს ითხოვს და არჩევნებისთვის ემზადება. მისი თქმით, პარტია საქართველოში - დედაქალაქსა და რეგიონებში, ასევე საგარეო ველზე იმ შინაარსობრივ საკითხებზე მუშაობს, რაც მოქალაქეებს აწუხებთ.
“ხელისუფლების ცვლილებების გზა არის სამართლიანი არჩევნები. ის, რომ ივანიშვილი წყალობას გადმოაგდებს, ამის მოლოდინი არ არსებობს - ის არის ავტორიტარი, დამნაშავე პოლიტიკური სახელი და გვარი, ვისგანაც წყალობას არ ველით. ველით იმის, რომ ივანიშვილი იქნება უფრო რეპრესიული, ძალადობრივი და უფრო არაადეკვატური. ამ ვითარებაში გამოსავალი არის ის, რაც მოხდა უნგრეთში - საზოგადოების სრული მობილიზება, ბრძოლის და მომავლის მიმართ რწმენის დაბრუნება და ტოტალური წინააღმდეგობა, ოღონდ არა დანებება, რაც არის ბოიკოტი!
ამიტომ, როცა შემდეგი არჩევნები მოვა - იქნება ეს რიგგარეშე, შუალედური თუ მორიგი არჩევნები, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ბოიკოტმა შედეგად მხოლოდ ივანიშვილის გაძლიერება მოიტანა. შევიდეს უნდა ბრძოლაში, ოღონდ ამისთვის უნდა იყოს კარგად მზად“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
მან აქვე დასძინა, რომ ოპოზიციური სპექტრი კარგად ვერ მოემზადება, თუ ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლით იქნება დაკავებული.
კუპრაძემ ამ კონტექსტში ოპოზიციურ ალიანსში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მათ ერთმანეთისა და სხვა პოლიტიკური აქტორების ლანძღვას თავი უნდა დაანაბონ.
“როცა ვიღებდით გადაწყვეტილებას, თუ როგორ განვითარებული “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ბედი, მათ შორის ზუსტად ვიცოდით ის, რაც მოხდებოდა. ეს მოხდა კიდეც - მართლები აღმოვჩნდით! თუკი არა გაქვს ერთი შინაარსობრივი შემადგენლობა, შეუძლებელია ეს ხელოვნური ერთობები მოქმედი და წარმატებული იყოს შეუძლებელია ეს შემადგენლობა სრულიად აღრეული ვექტორით წარმატებული ყოფილიყო. ამიტომ ჩვენ ჩვენი არჩევანი გავაკეთეთ. ვართ დამოუკიდებლად, არა ვართ დაკავებული სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ჭიდაობით, ტალახის სროლით“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.