ირაკლი ფავლენიშვილი - ჩვენ ყველანი ძალიან კეთილგანწყობილი ვართ ნანუკა ჟორჟოლიანის და მისი გუნდის წევრების შესაძლო ხილვით ჩვენი პარტიის რიგებში, ხოლო ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე, გავიგებთ, როცა ყრილობა ჩატარდება

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩვენ ყველანი ძალიან კეთილგანწყობილი ვართ მისი და მისი გუნდის წევრების ხილვით ჩვენი პარტიის რიგებში, - ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ნანუკა ჟორჟოლიანისადმი პარტიის დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებას შეეხებოდა იმის თაობაზე, რომ ჟორჟოლიანი და მისი გუნდი „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს შეუერთდნენ.

რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა ნანუკა ჟორჟოლიანმა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს, ფავლენიშვილის თქმით, საკადრო გადაწყვეტილებები, უახლოეს თვეებში, პარტიის ყრილობაზე, დელეგატთა უმრავლესობით პოზიციის გათვალისწინებით მიიღება.

„პარტიაში ცვლილებები მოხდება ყრილობაზე, რომელზეც იქნებიან დელეგატები, ჩვენი პარტიის წევრები, რომლებიც თვითონ განსაზღვრავენ რა და, როგორ მოხდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ჩვენ ყველანი ძალიან კეთილგანწყობილები ვართ მისი ხილვის და მისი თუნდაც გუნდის წევრების ხილვის ჩვენი პარტიის რიგებში. რაც შეეხება უკვე კონკრეტულ ცვლილებებს, არა მხოლოდ ნანუკა ჟორჟოლიანს, არამედ სხვა პოტენციურ თუ მოქმედ წევრებს აქვთ კონკრეტული ხედვები, კონკრეტული დღის წესრიგი და საინტერესო იდეები პარტიის რეფორმებთან დაკავშირებით. საბოლოო ჯამში, ვის უფრო მეტი მომხრე ეყოლება და ვინ უფრო შეძლებს თავისი იდეების დამტკიცებას უმრავლესობისთვის, ამას ვნახავთ უახლოეს თვეებში. თავმჯდომარის არჩევა ხდება დელეგატების მიერ, მანამდე მიმდინარეობს კონსულტაციები და სანამ კონსულტაციები მიმდინარეობს, არ ვაპირებ ამ თემაზე საუბარს. უბრალოდ დიდი პარტიაა და შესაძლოა, ბევრი მსურველი იყოს, შეიძლება ბევრი ჯგუფი იყოს, რომელსაც კონკრეტული კანდიდატი ჰყავს. საბოლოოდ ეს ყველაფერი ძალიან მალე გამოჩნდება, ამიტომაც არ მოგიწევთ დიდი ხანი ლოდინი. გადაწყვეტილებას იღებენ ის დელეგატები, რომლებიც ესწრებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას. როდესაც ყრილობა ჩატარდება, მაშინ გავიგებთ, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე. პარტიაში, როცა ახალი სახე ჩნდება, იმას არ ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მუშაობით არის ვინმე უკმაყოფილო. ახალი სახე ყოველთვის კარგია პოლიტიკური ძალისთვის. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ვინ იქნებიან [პარტიის თავმჯდომარეობის] კანდიდატები“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალური რეფორმებისა და პარტიის განახლების მიზნით ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი გუნდის შეერთება დააანონსა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს ენმ-ის „სახალხო ორგანიზაციად“ გარდაქმნის აუცილებლობას, რომელიც, მისი თქმით, უნდა იყოს არა ვიწრო-ელიტარული დაჯგუფება, არამედ ყველა მოქალაქის გაერთიანება. სააკაშვილის განმარტებით, ლიდერების პატიმრობის პირობებში პარტიას ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება სჭირდება, რისთვისაც ნანუკა ჟორჟოლიანს მისი სრული მანდატი და ნდობა აქვს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები