ბრიუსელის მხრიდან ძალიან დიდი თხოვნა იყო, რომ ინფორმაცია მედიაში არ ყოფილიყო გატანილი, მაგრამ შეხვედრა დასრულებული არ იყო და ბრიუსელმა გაჟონა - ეს არის სირცხვილი, - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც ბრიუსელში, ევროკავშირ-საქართველოს სავიზო დიალოგთან დაკავშირებით გუშინ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, „შეხვედრამ ჩაიარა ისე, როგორც შეიძლებოდა პირველ შეხვედრას ჩაევლო მრავალთვიანი ურთიერთობების არქონის ფონზე".
„ძალიან დიდი თხოვნა იყო ბრიუსელის მხრიდან, რომ ინფორმაცია არ ყოფილიყო გატანილი მედიაში, მაგრამ შეხვედრა დასრულებული არ იყო და ბრიუსელმა გაჟონა, როგორც ყოველთვის ჟონავდა ამ პერიოდის განმავლობაში. ეს არის სირცხვილი, თუნდაც ბრიუსელის მხრიდან, რომელიც შეხვედრაზე გეხვეწება რომ ინფორმაცია გარეთ არ გაიტანო და შენ მეოთხე სართულიდან დაბლა არ ხარ ჩამოსული და მედიაში ინფორმაცია ჟონავს. მეორე მხრივ, იმასაც ვხედავთ რას წარმოადგენს „რადიო თავისუფლება". პირდაპირ პროპაგანდის რუპორად იქცა ამ ძალების მიერ, რომლებიც ცდილობენ ვიზალიბერალიზაციის საკითხი აქციონ შიდა დაპირისპირების თუ ხმაურის საგნად და საკუთარ ხელისუფლებასთან დაპირისპირების საგნად. რა თქმა უნდა, ამ თემით მანიპულირებას ცდილობენ. შეხვედრამ ჩაიარა ისე, როგორც შეიძლებოდა პირველ შეხვედრას ჩაევლო მრავალთვიანი ურთიერთობების არქონის ფონზე. პოზიციები გაიცვალა და ვნახოთ, შემდგომი შეხვედრები აჩვენებს. რამდენად გულწრფელად და კონსტრუქციულად არის ბრიუსელი მოწადინებული ურთიერთობაში, თუ ისევ პოლიტიკური არგუმენტები უნდა ისროლოს. ეს იყო სამუშაო შეხვედრა და ქართულმა მხარემ სამართლებრივად, დეტალურად გაიარა თითოეული კანონი, რაც მათ აინტერესებდათ“, - განაცხადა მახაშვილმა.
ცნობისთვის, „რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ბრიუსელში წყარო „უნაყოფოდ“ აფასებს ვიზების საკითხზე დიალოგს".
„წყაროს ცნობით, როდესაც ქართულ დელეგაციას ჰკითხეს, მზად არიან თუ არა კანონების შეცვლისთვის, პასუხად მიიღეს, რომ ისინი წარმოადგენდნენ ტექნიკურ ჯგუფს, ხოლო წამოწეული საკითხი პოლიტიკურია. საგარეო უწყების მაღალჩინოსანი გიორგი ტაბატაძე ევროკომისიასთან სავიზო საკითხთან დაკავშირებული დიალოგის შემდეგ აცხადებს, რომ „პოზიტიურადაა განწყობილი“. რადიო თავისუფლების ევროპის საკითხების რედაქტორს, რიკარდ იოზვიაკს კი ევროკავშირში მაღალი რანგის თანამდებობის პირი ანონიმურობის დაცვის პირობით ეუბნება, რომ ეს დიალოგი „საკმაოდ უნაყოფო“ იყო," - წერს „რადიო თავისუფლება".