ირაკლი ფავლენიშვილი - ევროპელ პარტნიორებთან ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ არ უნდა დაისაჯოს მოსახლეობა და უნდა დაისაჯოს ივანიშვილის რეჟიმი, თუმცა, ალბათ, მოთმინების ფიალასაც აქვს ზღვარი

ჩინეთი არ უწყობს ხელს და პროაქტიულად არ ეხმარება ჩვენს ქვეყანას დევნილების დაბრუნებისა და ტერიტორიული სუვერენიტეტის დაცვის საკითხში. შეიძლება ვიღაცისთვის მისაღები იყოს, რომ მთავარი პარტნიორი არ იყოს ფუნდამენტურ საკითხებში შენი დამხმარე, მაგრამ ჩვენთვის ეს არის სრულიად მიუღებელი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ მიღებულ რეზოლუციას ჩინეთმა მხარი არ დაუჭირა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატები იყო, რომელიც „მზად იყო სამხედრო ნაბიჯების გადადგმისთვისაც ჩვენი ქვეყნის დასაცავად“.

„ჩინეთი არ უწყობს ხელს და არ ეხმარება პროაქტიულად ჩვენს ქვეყანას დევნილების დაბრუნების, ტერიტორიული სუვერენიტეტის საკითხებში. ვიღაცისთვის შეიძლება მისაღები იყოს, რომ შენი მთავარი პარტნიორი არ იყოს ფუნდამენტურ საკითხებში შენი დამხმარე, მაგრამ ჩვენთვის ეს არის სრულიად მიუღებელი. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს სტრატეგიული პარტნიორი იყო ამერიკა, რომელიც მზად იყო სამხედრო ნაბიჯების გადადგმისთვისაც ჩვენი ქვეყნის დასაცავად. ზოგადად, ჩვენი პარტნიორები მხარს უჭერდნენ ჩვენ სუვერენიტეტსა და სხვა ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებს. სწორედ ეს განასხვავებს ჩვენ საგარეო პოლიტიკას „ოცნების“ საგარეო პოლიტიკისაგან“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

რაც შეეხება ბრიუსელში, სავიზო დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრას, მისი თქმით, ოპოზიციის ინტერესია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება არ შეეხოს საქართველოს მოქალაქეებს და მხოლოდ „ივანიშვილის რეჟიმი და მისი წარმომადგენლები“ დაისაჯონ“.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო ახლოვდება საქართველო ჩვენი მთავარი მონაგარის დაკარგვასთან, ვგულისხმობ უვიზო მიმოსვლას. ამისთვის ყველაფერს აკეთებს ივანიშვილის რეჟიმი, თუმცა ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის ყველაფერს აკეთებს ოპოზიცია. ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობაში ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, რომ არ უნდა დაისაჯოს ქართველი მოსახლეობა, არამედ უნდა დაისაჯოს ივანიშვილის რეჟიმი და მისი წარმომადგენლები, თუმცა, ალბათ, მოთმინების ფიალასაც აქვს ზღვარი, ამიტომაც უნდა მოხდეს ამ სისტემის დემონტაჟი, რომ მოხდეს ამ საფრთხის თავიდან არიდებაც“, - აღნიშნა ფავლენიშვილმა.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება