როგორც ვხედავ, [ოპოზიციას] მთავარი პრობლემა აქვთ სწორედ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც იყო, არის და იქნება აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ნანუკა ჟორჟოლიანი შევა თუ არ შევა პარტიაში, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იქნება აფილირებული მიხეილ სააკაშვილთან. თუ ეს არის დანარჩენი ოპოზიციისთვის პრობლემა, ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, პრობლემა პრობლემად დარჩება, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლელა ჯეჯელავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაანონსებულ განახლების პროცესს.
როგორც მან აღნიშნა, „სიახლე და ნაბიჯი უძრაობიდან წინ ყოველთვის არის პოზიტიური. ოპოზიციურ პარტიებს კი სჭირდებათ ახალი ენერგია და ახალი ძრავი“.
„ძალიან ცოტა ინფორმაცია მაქვს პარტიის შიგნით არსებულ ვითარებაზე. არასდროს ვყოფილვარ ამ პარტიის წევრი, უბრალოდ, ცხადია, შიგნით არსებულ ვითარებაზე ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, სიახლე და ნაბიჯი უძრაობიდან წინ ყოველთვის არის ჩემი აზრით, პოზიტიური.
ნანუკა ჟორჟოლიანს ვიცნობ როგორც სამოქალაქო აქტივობაში ჩართულ ადამიანს, გარდა თავისი ძირითადი პროფესიული მოვალეობისა. ვნახეთ, რომ კარგად ართმევს თავს მენეჯმენტს. უნარიანი ადამიანია ამ თვალსაზრისით. ფაქტია, რომ პარტიას გარკვეული პრობლემები აქვს. რა ტიპის პრობლემებია ეს პარტიის შიგნით, რამდენად შეძლებს ამის მოგვარებას ნანუკა ჟორჟოლიანი, ეს უკვე მისი გადასაწყვეტია. ალბათ, უფრო ღრმად იცნობს თვითონ შიგნით მიმდინარე პროცესებს. ძალიან გამიჭირდება რამე გითხრათ. ოპოზიციურ პარტიებს ნამდვილად სჭირდებათ ახალი ენერგია, ახალი ძრავი და ბუნებრივია, ეს პროცესს ხელს შეუწყობს. თავად „ნაციონალური მოძრაობის“ და დანარჩენი ოპოზიციის მიმართებას თუ შევხედავთ, მე როგორც ვხედავ, იქ მთავარი პრობლემა აქვთ სწორედ მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც იყო, არის და იქნება აფილირებული „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ნანუკა ჟორჟოლიანი შევა, თუ არ შევა პარტიაში, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იქნება აფილირებული მიხეილ სააკაშვილთან. თუ ეს არის დანარჩენი ოპოზიციისთვის პრობლემა, ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, პრობლემა პრობლემად დარჩება.
პარტია, რომელიც 14 წლის განმავლობაში არის განსაკუთრებული წნეხის ქვეშ ხელისუფლების მხრიდან, პარტია, რომელმაც ძალიან დიდ შიდა რყევებს გაუძლო, რამდენჯერმე მოხდა პარტიიდან გარკვეული ნაწილის გასვლა, საკმაოდ ხელშესახები და წონიანი ნაწილის გასვლა, მიუხედავად ამისა, პარტია მაინც მყარად ინარჩუნებს ოპოზიციურ სპექტრში წამყვანი პარტიის როლს, მას ჰყავს ამომრჩეველი, რომელიც ძალიან სტაბილური და ერთგული ამომრჩეველია, რითაც ბევრი სხვა პარტია ვერ დაიკვეხნის, მათ შორის, ოპოზიციური. შესაბამისად, ამ ყველაფერზე დაყრდნობით განახლების რესურსი რატომ არ უნდა ჰქონდეს?!“- განაცხადა ჯეჯელავამ.
რაც შეეხება იმას „ნაციონალური მოძრაობაში“ დაანონსებული განახლება გააჯანსაღებს თუ არა თავად ოპოზიციურ სპექტრს, ჯეჯელავას თქმით, „გააჯანსაღებს“.
„თუ შიდა დემოკრატიის თვალსაზრისით „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაიდგმება ნაბიჯები და ნანუკა ჟორჟოლიანის იქ მისვლა სწორედ ამ შიდა დემოკრატიის გაძლიერებას მოემსახურება, რასაკვირველია, გააჯანსაღებს“,- აღნიშნა ჯეჯელავამ.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიკალური რეფორმებისა და პარტიის განახლების მიზნით ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანისა და მისი გუნდის შეერთება დააანონსა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს ენმ-ის „სახალხო ორგანიზაციად“ გარდაქმნის აუცილებლობას, რომელიც, მისი თქმით, უნდა იყოს არა ვიწრო-ელიტარული დაჯგუფება, არამედ ყველა მოქალაქის გაერთიანება. სააკაშვილის განმარტებით, ლიდერების პატიმრობის პირობებში პარტიას ფუნდამენტური განახლება და გააქტიურება სჭირდება, რისთვისაც ნანუკა ჟორჟოლიანს მისი სრული მანდატი და ნდობა აქვს.