ცესკო - ცდილობენ, აუდიტის დასკვნა ცესკო-ს დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ - დოკუმენტში საუბარი არ არის არსებით გადაცდომაზე და ყველა საკითხზე არსებობს შესაბამისი ახსნა-განმარტება

დაინტერესებული მხარეები ცდილობენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა მანიპულაციური განცხადებებით ცესკო-ს დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ,-ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) განცხადებაშია აღნიშნული.

ცესკო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ დოკუმენტში საუბარი არ არის რაიმე არსებით გადაცდომაზე, ხოლო მიღებული 7 რეკომენდაციიდან 6 უკვე შესრულდა, 1 კი დიდწილად შესრულებულია.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 2023-2024 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტი, რომლის შედეგები 8 ივნისს საჯაროდ განთავსდა ვებგვერდზე და ამავე დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში გაიმართა მოსმენა.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, როგორც დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანოსთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაო და ის რეკომენდაციები, რომელიც გაიცა ცესკოს მიმართ. ეს არის მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესი, რომლის დროსაც მიღებული რეკომენდაციები ემსახურება პროცესის კიდევ უფრო დახვეწა/გაუმჯობესებას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გამოქვეყნებულ დოკუმენტში საუბარი არ არის რაიმე არსებით გადაცდომაზე და ყველა საკითხთან მიმართებაში არსებობს შესაბამისი ახსნა-განმარტება, რაც უწყებას წარდგენილი აქვს აუდიტის სამსახურში, ხოლო მიღებული 7 რეკომენდაციიდან 6 უკვე შესრულდა, 1 კი დიდწილად შესრულებულია.

ამის მიუხედავად, დაინტერესებული მხარეები ცდილობენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა მანიპულაციური განცხადებებით ცესკოს დისკრედიტაციისთვის გამოიყენონ. მანიპულაციური და დისკრედიტაციული განცხადებების ავტორებს საკმარისი იყო წაეკითხათ აუდიტის რეკომენდაციების შესრულების ანგარიში, რომელიც საჯაროდ იქნა განხილული პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები აღარ ექნებოდათ, თუმცა მათ ინტერესში არა სიმართლის გარკვევა, არამედ სხვადასხვა ტიპის მანიპულაციური ინფორმაციით საარჩევნო ადმინისტრაციის დაზიანებაა.

საარჩევნო ადმინისტრაცია გააგრძელებს ამომრჩევლის ინფორმირებას მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაციით და არ დატოვებს უპასუხოდ მცდარი აღქმების შექმნის ნებისმიერ მცდელობას, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ის“,-აღნიშნულია ცესკო-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მიერ 2023-2024 წლებში განხორციელებული საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. სამსახურის ცნობით, აუდიტის შედეგად სხვადასხვა სახის ნაკლოვანებები გამოვლინდა, რაც ეხება სამუშაო დროის აღრიცხვის და ხელფასის გაანგარიშებას, სახელფასო დანამატების გაცემას, შესყიდვებს, მივლინების ხარჯების ანაზღაურებას, აქტივების მართვას, შიდა კონტროლის სისტემას და ა.შ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა