ანა ბუჩუკური იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილს - ეს პატარა კაცმაცუნები მაინც ვერ გააქცევთ პასუხისმგებლობისგან, ვერც ბრძანების გამცემს და ვერც 20 ივნისის ორგანიზატორ, გავრილოვის მასპინძელ ირაკლი კობახიძეს

პარტია “გახარია საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილეს, ბექა ძამაშვილს “პატარა კაცს“ და მატყუარას“ უწოდებს.

“როგორი პატარა კაცი ყოფილხარ, ბექა. ყველაფერთან ერთად მატყუარა. მე არ ვიცი, ადამიანებს რეჟიმი ასეთს რას გიხდით, მაგრამ ამ ქვეყანაში აპირებთ ცხოვრების გაგრძელებას?

ეს პატარა კაცმაცუნები მაინც ვერ გააქცევთ პასუხისმგებლობისგან, ვერც ბრძანების გამცემს და ვერც 20 ივნისის ორგანიზატორ, გავრილოვის მასპინძელ ირაკლი კობახიძეს“, - წერს ბუჩუკური სოციალურ ქსელში.

ანა ბუჩუკურის ეს შეფასება “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით ფრაქცია “საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივაზე ბექა ძამაშვილის გამოხმაურებას ეხება.

უფრო კონკრეტულად, ფრაქციამ “საქართველოსთვის” პარლამენტში “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დააინიცირა. დეპუტატმა გიგა ფარულავამ არსებულ კანონმდებლობას “დრაკონული“ უწოდა და როგორც განმარტა, მათ მიერ ინიცირებული კანონის პროექტის მიზანია 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი სტატუს-კვოს სრული აღდგენა და დაწესებული ბარიერების აღმოფხვრა, რითაც ფარულავას თქმით, უზრუნველყოფილი იქნება პროტესტის უფლების ეფექტიანი დაცვა.

პარტია "საქართველოსთვის" მიერ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის კრიტიკას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი გამოეხმაურა. ძამაშვილის შეფასებით, გიორგი გახარიას გუნდის მოთხოვნა, ცვლილებები შეიტანონ კანონმდებლობაში, არარაციონალური და "ღიმილისმომგვრელია", რადგან ეს ინიციატივა სწორედ იმ პოლიტიკური ჯგუფისგან მოდის, რომლის ხელმძღვანელიც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი მძიმე დარღვევების მთავარი ფიგურანტია.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ მაშინდელი შს მინისტრის არასწორად დაგეგმილი ოპერაციის გამო, სახელმწიფოს მძიმე შედეგების გამოსწორება მოუწია.

“გაჟღერებული ინიციატივა გახარიას გუნდის მხრიდან არის ნამდვილად ალოგიკური, არარაციონალური და ღიმილისმომგვრელი, რადგან ინიციატორები არიან სწორედ ამ გუნდის წარმომადგენლები. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 20 ივნისის საქმეზე სახელმწიფომ სტრასბურგის სასამართლოში დაადასტურა, რომ ნამდვილად ჰქონდა ადგილი პარლამენტის შტურმს და ასეთ დროს სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება, თავი დაიცვას. თუმცა, იმის გამო, რომ მაშინ შს მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა ამ აქციის შეწყვეტის ოპერაციას, ისე დაიგეგმა ეს ოპერაცია, რომ სახელმწიფოს დაუდგინდა დარღვევა, მრავალი დაზარალებული მივიღეთ და სახელმწიფოს მოუწია ევროპული სასამართლოს წინაშე ამ დარღვევების გამოსწორებაზე ზრუნვა,“ - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.

ძამაშვილის თქმით, გახარიას გუნდის მიერ მითითებული კანონმდებლობა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრებული არ არის და მათ განცხადებებს მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციის ხასიათი აქვს.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება