თაზო დათუნაშვილი - მრავალშვილიანი ოჯახების უმრავლესობა დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმაა - ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „ძლიერი საქართველოს“ ამოცანა იქნება, მრავალშვილიანი ოჯახების ინდექსი დავიდეს ოთხიდან სამ შვილზე და დახმარება გაათმაგდეს

„ქართული ოცნება“ გატყუებთ, რომ თქვენთვის, თქვენი ოჯახების და მათი ფასეულობების დასაცავად ყოველდღიურად იღვწის, სინამდვილეში კი არაფერს აკეთებს საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა და ამიტომ, “ძლიერი საქართველოს” ინიციატივაა, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დახმარებები გაათმაგდეს.

„უმწვავესი დემოგრაფიული კრიზისი 2025 წელს გამოიხატა იმით, რომ საქართველოში 6500-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა. ეს არის საგანგაშო მდგომარეობა და ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მაჩვენებელი. ამ ყველაფრის უკან დგას “ქართული ოცნება”, რომელიც გატყუებთ, რომ თქვენთვის, თქვენი ოჯახების და მათი ფასეულობების დასაცავად ყოველდღიურად იღვწის, სინამდვილეში კი არაფერს აკეთებს საქართველოში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. მრავალშვილიანი ოჯახების უმრავლესობა დღეს სიღარიბის ზღვარს მიღმაა. კანონმდებლობით დადგენილია, რომ მრავალშვილიანად ითვლება მშობელი, რომელსაც 4 ან მეტი შვილი ჰყავს. 2026 წლის ბიუჯეტური მონაცემებით, 4 და მეტი შვილიანი ოჯახისათვის განსაზღვრულია შემდეგი ტიპის დახმარებები: ერთი ეს არის 30-ლარიანი დახმარება და მეოთხეს შემდეგ მომდევნო შვილზე ამ 30 ლარს 10 ლარი ემატება, რომლითაც სახელმწიფო ახდენს ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირებას. ამის მიღმა, თბილისში 18 წლამდე ასაკის შვილებისათვის, 4 ან მეტი შვილი ოჯახში, თბილისის მუნიციპალიტეტში დახმარება არის 50 ლარი. ეს თანხა არის მაქსიმუმი, სხვა მუნიციპალიტეტებში ეს დახმარება ამაზე ნაკლებია, ანუ 30 და 50 ლარი, თვეში 80 ლარი არის ის, რაც ემეტება "ქართულ ოცნებას" მრავალშვილიანი ოჯახებისთვის. ირაკლი კობახიძე თვლის, რომ 80-ლარიანი სუბსიდია და შეღავათი არის ის, რაც სახელმწიფომ დემოგრაფიული კატასტროფის დროს, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის უნდა გააკეთოს. სამარცხვინო რიცხვები და მაჩვენებლებია, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აბსოლუტური ბლეფი, ტყუილია ის, რომ “ქართული ოცნება” ზრუნავს ოჯახებზე და ოჯახური ფასეულობების დაცვაზე ამ ქვეყანაში. ჩვენი, “ძლიერი საქართველოს” ინიციატივა არის, რომ ეს დახმარების ტიპები, რომელიც ჩამოგითვალეთ, გაათმაგდეს შემდეგი წლების მანძილზე. საქართველო უნდა ამოვიდეს ამ დემოგრაფიული კრიზისიდან. ამისათვის საჭიროა, მინიმუმ ამ ტიპის სუბსიდიები, 30 და 50-ლარიანი დახმარების ოდენობა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის გაათმაგდეს. ამასთანავე, ეს საკანონმდებლო ანომალია, რომელიც თვლის, რომ მხოლოდ 4 და მეტი შვილის ყოლა ითვლება მრავალშვილიან ოჯახად, უნდა შეიცვალოს მანამ, სანამ საქართველოში არის ნეგატიური დემოგრაფიული მაჩვენებლები. მრავალშვილიანად ჩაითვალოს ოჯახი, რომელსაც ჰყავს 3 შვილი, მესამე შვილი უკვე უნდა ითვლებოდეს მრავალშვილიან ოჯახად და უნდა ექვემდებარებოდეს სუბსიდირების და დახმარების იმ სისტემას, რომელიც შემდეგ წლებში უნდა გაათმაგდეს. ეს არის “ძლიერი საქართველოს” ინიციატივა იმის საპირისპიროდ, რასაც მიზერულად აკეთებს “ქართული ოცნება”. მარტივად გეტყვით, თბილისის მუნიციპალიტეტში, სადაც ეს დახმარება ყველაზე მეტია, მხოლოდ 12 მილიონი ლარი არის გამოყოფილი, რომ მრავალშვილიან ოჯახებს დაეხმარონ. ამაზე სამჯერ მეტია იმავე საბიუჯეტო წელს გამოყოფილი იმისათვის, რომ ჩინოვნიკებმა ახალი ავტომობილები შეიძინონ“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

ის დარწმუნებულია, რომ “ქართული ოცნება” ამ ფარსს არ გააჩერებს და ყურსაც არ შეიბერტყავს“.

“ძლიერი საქართველოსთვის” ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რომ მრავალშვილიანი ოჯახების ინდექსი დავიდეს ოთხიდან სამ შვილზე და ყველა სუბსიდია, დახმარება გაათმაგდეს. საქართველოს სჭირდება ამ დემოგრაფიული კრიზისიდან გამოსვლა და ამას პოლიტიკური არარაობების სიტყვები არ უშველის, ამას უნდა კონკრეტული ქმედება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და “ძლიერი საქართველო” იქნება ის ძალა, რომელიც ამას გააკეთებს“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები