ლელა ჯეჯელავა - ქვეყნისთვის არის უხერხული, როდესაც ასეთი მიდგომებია პოლიტიკისადმი, როგორსაც ახლა ამჟღავნებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება

ქვეყნისთვის არის უხერხული, როდესაც ასეთი მიდგომებია პოლიტიკისადმი, როგორსაც ახლა ამჟღავნებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ჯეჯელავამ საქართველოს ამერიკასთან ურთიერთობებზეც ისაუბრა და ამ კონტექსტში ზაზა შათირიშვილის წერილი შეაფასა, სადაც შათირიშვილმა დაწერა, რომ „ტრამპი და მისი ადმინისტრაცია „დიფ სთეითის“ ისეთივე მარიონეტები არიან, როგორც მაკრონი ან მერცი“.

ანალიტიკოსმა ასევე ისაუბრა საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობაზეც და აღნიშნა, რომ ჩინეთისთვის საქართველო ცენტრალური აზია-კავკასიის ტრეკის ან ევროკავშირის მიღმა, როგორც ცალკე სახელმწიფო, არაფერს წარმოადგენს.

„ზაზა შათირიშვილის ტექსტი პრევენციული ტექსტია, რომ ამერიკასთან ურთიერთობის გართულების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ბირთვული მხარდამჭერები განწყობილი იყვნენ შეერთებული შტატების მიმართ ისე, როგორც უნდა იყვნენ და, შესაბამისად, ეს არ ჩათვალონ ხელისუფლების მარცხად, ეს არის შათირიშვილის მთავარი ამოცანა იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ამერიკასთან ურთიერთობების დინამიკა ისე იყო, რომ სანამ ტრამპს აირჩევდნენ, მანამდე ლამის მესიად იყო ის „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოცხადებული და 20 იანვარი საკრალურ თარიღად დაკიდეს, თითქოს 20 იანვრის მერე ყველაფერი იცვლებოდა. ახლა ასე რომ არ მოხდა, ბიძინა ივანიშვილი ხომ არ არის დამნაშავე, არა? ამიტომ ამას ახსნა უნდა ჰქონდეს, არგუმენტირებული და საფუძვლიანი და აგერ, დადო შათირიშვილმა ეს არგუმენტირებული ახსნა, რომ ტრამპი აღმოჩნდა „დიფ სთეითის“ ხელის ბიჭი თუ აგენტი.

ქვეყნისთვის არის უხერხული, როდესაც ასეთი მიდგომებია პოლიტიკისადმი, როგორსაც ახლა ამჟღავნებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.

რაც შეეხება ჩინეთს, მე არ მგონია ჩვენი მოსახლეობა ასეთი გაუთვითცნობიერებელი, რომ არ იცოდეს, ჩინეთის ორ ყველაზე დიდ მოკავშირეს, ირანსა და რუსეთს აქვს ძალიან სერიოზული ომი და ამ ომში ვერცერთი ვერ გამოიყურება მაინც და მაინც წარმატებულად, ჩინეთის დახმარების მიუხედავად, ვერც ეკონომიკური და ვერც სამხედრო თვალსაზრისით.

ჩინეთი მადუროს მხარესაც იყო და მადურო დარწმუნებული იყო, რომ ნავთობი, რომელსაც ის ჩინეთს აძლევდა და ეს ნამდვილად მუქთა ნავთობი იყო, გადამწყვეტი იქნებოდა ჩინეთის პოზიციისთვის, მაგრამ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ბაზრები ჩინეთისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რომელიმე, თუნდაც ძალიან მდიდარი ქვეყანა ცალკე აღებული.

ამიტომ, საქართველოს ჩინეთისთვის ცენტრალური აზია-კავკასიის ტრეკის ან ევროკავშირის მიღმა, როგორც ქვეყანა, არანაირად არ არის საინტერესო. საქართველოს გამო ის არანაირ დაპირისპირებაში არც ევროკავშირთან და არც შეერთებულ შტატებთან არ შევა“, - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა