„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ევროპელებს ურთიერთობების ნორმალიზებას სთხოვენ, მაგრამ რამდენიც გამოჩნდა იმედის მომცემი ნიშანი, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გამოსწორების, იმდენჯერ ვიხილეთ უარესი ესკალაცია ივანიშვილის მხრიდან, ისევ იმიტომ, რომ მას არ უნდა ადეკვატურ ფასსა და პირობებზე დათანხმება, მას ყველაფერი უნდა „ქოცურ“ ფასად, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო-ლელოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
გეგელიას თქმით, „ქართულ ოცნებას“ დასავლელ პარტნიორებთან სტაბილიზაცია საკუთარი ტყავის გადასარჩენად უნდა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ცალი ხელით ევროპელებს ურთიერთობების ნორმალიზებას სთხოვენ და მე პირველწყაროებისგან შემიძლია გითხრათ, როგორც აქ, ელჩებისგან, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, პოლიტიკოსებისგან. „ქოცები“ მათ წერენ, ელაპარაკებიან და სთხოვენ ურთიერთობების ნორმალიზებას ოღონდ „ქოცებს“ ნორმალიზება უნდათ საკუთარ, „ქოცურ“ ფასად.
ნორმალიზება რას ნიშნავს, რომ შენ გქონდეს გამართული ურთიერთობები მეგობარ, სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოებთან. ოფიციალური ვიზიტები არის ამის გამოხატულება. შენ თუ გაქვს გამართული ორმხრივი ურთიერთობები, შეხვედრაც იქნება, ფოტოც იქნება და, რაც ყველაზე მთავარია, ინვესტიციაც იქნება.
საგარეო პოლიტიკა არ იზომება სადღაც გარეთ და სადღაც სხვაგან არ ხდება, საგარეო პოლიტიკის მიზანი არის, რომ ჩვენ აქ, ამ ქვეყანაში ვიგრძნოთ მისი შედეგები. ვიგრძნოთ ფასებზე, სამუშაო ადგილებზე. ჩვენ კი რის შედეგს ვგრძნობთ? დაკარგული ინვესტიციები, იზოლირებული სახელმწიფო, ერევანმა გვაჯობა ყველაფერში. ერევანს გულით ვუსურვებ წარმატებას იმიტომ, რომ დემოკრატიული სომხეთი სჭირდება დემოკრატიულ საქართველოს, მაგრამ თავის მოჭრა არის, როცა საქართველო ათი და ოცი თავით უსწრებდა სომხეთს ყველა პარამეტრით - დემოკრატიაში, ეკონომიკაში, საგარეო პოლიტიკაში და ახლა ყველა პარამეტრში ჩამოვრჩებით მას მნიშვნელოვნად.
„ქოცებს“ ახლა ეს სტაბილიზაცია საკუთარი ტყავის გადასარჩენად უნდათ და არა ამ ქვეყანაში მეტი ნორმალურობისთვის, არა იმისთვის, რომ მეტი ინვესტიცია იყოს, მეტი ლიდერი ჩამოვიდეს, არა იმისთვის, რომ საქართველო ამაყად წავიდეს წინ, სტაბილიზაცია უნდათ იმისთვის, რომ თვითონ გადარჩნენ და ვიღაცას ხელი ჩამოართვან.
რამდენიც გამოჩნდა იმედის მომცემი ნიშანი, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გამოსწორების, იმდენჯერ ვიხილეთ უარესი ესკალაცია ივანიშვილის მხრიდან, ისევ იმიტომ, რომ მას არ უნდა ადეკვატურ ფასსა და პირობებზე დათანხმება. მას ყველაფერი უნდა „ქოცურ“ ფასად, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველაფრის გაკეთების გარეშე, მინიმალური მოქმედების შედეგად გავიდეს ფონს და მიიღოს ის რაც უნდა, მაგრამ ამერიკა და ევროპა მას ეუბნებიან, რომ არის კონკრეტული პირობები.
მე ვფიქრობ, რომ ის [ბიძინა ივანიშვილი] უარესად წაიყვანს ქვეყანას ჩიხში იმ იმედით, რომ ვინმეს შეაშინებს, ვგულისხმობ პარტნიორებს“, - განაცხადა გეგელიამ.
კითხვაზე, არის თუ არა შანსი, „ოპოზიციის ალიანსში“ გაწევრიანდეს „ძლიერი საქართველო-ლელო“, გეგელიამ უპასუხა, რომ მათი ადგილი იქ ორგანულად არ არის და ეს არასდროს მოხდება.
„ამ გადმოსახედიდან კიდევ უფრო სწორი მიმაჩნია, რომ არ შევუერთდით "ოპოზიციის ალიანსს". ის, რომ ალიანსში მსგავსი ტიპის დინამიკა იქნებოდა, რაც ახლა ხდება, მე პირადად ვიცოდი და დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ ეს არ არის მთავარი მიზეზი, რის გამოც არ შევუერთდით. იქ არ არის ჩვენი ადგილი შინაარსობრივად. ეს ჩვენ რამდენჯერმე ვნახეთ.
კი, ჩვენ ყველას გვაქვს ბრძოლის საერთო მიზანი, რაც არის ივანიშვილის დამარცხება, მაგრამ ეს აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს. ჩვენ არ ვაპირებთ ამ ალიანსში გაწევრიანებას არც ახლა და არც არასდროს. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ დავიცვათ ის შინაარსი, რაც ჩვენ გაგვაჩნია ამ წლების განმავლობაში. ორგანული კუთხით, იმ ალიანსში არ არის ჩვენი ადგილი.
შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ საუბარი გვაქვს საინტერესო აქტორებთან. ჩვენ უკვე ვაჩვენეთ ალიანსისა და კოალიციის წარმატებული გამოცდილება, მათ შორის, 2024 წელს. ჩვენ 2025 წელს აგრეთვე ვაჩვენეთ ის, რომ შეგვიძლია კოორდინირება ალიანსის გარეშე. ყველა ჯერზე ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია თანამშრომლობაც, კოორდინირებაც, მაგრამ მაშინ როცა არის სწორი და როცა არის სწორი მომენტი“, - განაცხადა გეგელიამ.