ირაკლი კუპრაძე „ტვ პირველის“ ინფორმაციაზე - ჩვენი მოთხოვნაა, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე და დაისაჯოს - რეპრესიული სისტემა ივანიშვილის პირობებში ყოველდღიურად უფრო ძალადობრივი ხდება - დღეს ყველა უნდა შეუერთდეს საპროტესტო მსვლელობას

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, „ძლიერი საქართველო - ლელო“ კატეგორიულად მოითხოვს ყველა იმ პასუხისმგებელი პირის უმკაცრესად დასჯას, რომელიც მონაწილეობდა „ტვ პირველის" მიერ გავრცელებულ კადრებში, სადაც, „ფაქტობრივად, ჩანს, რომ ძალოვანი უწყების თანამშრომლები სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, რეალურად აწამებენ საქართველოს მოქალაქეებს, ახალგაზრდა პირებს“.

როგორც ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, დღეს, 19:00 საათზე ყველა უნდა შეუერთდეს მსვლელობას, რომელიც აპროტესტებს იმ ძალადობას, „რომელიც ივანიშვილის ხელისუფლების და სისტემის პირობებში არსებობს ჩვენ გარშემო“.

„მივმართავ მოქალაქეებს, რომლებსაც ხშირად აქვთ უნდობლობა იმ მოცემულობის მიმართ, რომელსაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე - კი, საქართველოში ძალოვანი უწყებები ივანიშვილის პირობებში იქცა რეპრესიის, ძალადობის, დევნის და უკანონობის სისტემურ სივრცედ!

უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების შვილებს, თქვენს შვილებს აჩერებენ ქუჩაში, სცემენ, აწამებენ და უსწორდებიან მიყრუებულ სამშენებლო ადგილებზე, როგორც ეს ვნახეთ გორში, ჩაკეტილ საპოლიციო უწყებებში, პოლიციის შენობებში, მაგრამ ეს ყველაფერი ცხადი და საჯარო ხდება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ვინმე ახერხებს ამ ყველაფრის გადაღებას და გასაჯაროებას.

არსებობს, სავარაუდოდ, ათასობით სხვა შემთხვევა, რომლის დროსაც ვერ შეძლეს საქართველოს მოქალაქეებმა მტკიცებულების მოპოვება. ცხადია, რომ საქართველოში რეპრესიული სისტემა ივანიშვილის პირობებში ყოველდღიურად ხდება უფრო და უფრო ძალადობრივი. უნდა დაისაჯოს ყველა პირი, მათ შორის ხელმძღვანელი პირები, რომლებიც არიან თანამონაწილეები ამ დანაშაულის, რადგან პირველი: მათ საპოლიციო სისტემაში შექმნეს დაუსჯელობის განცდა და მეორე: შეუძლებელია ვინმემ დაარწმუნოს საქართველოს მოქალაქე ან ჩვენ, რომ მსგავსი დამოკიდებულება არის ერთჯერადი. ეს ხდება ყველგან, ყოველდღიურად და უამრავ ისტორიას, რომელიც ვრცელდება საჯაროდ, სოციალურ ქსელში თუ ტელევიზიით, სამწუხაროდ, არ ახლავს მსგავსი მტკიცებულებები და საზოგადოება ეჭვის თვალით უყურებს. სინამდვილეში, ეს არის სისტემური დანაშაული, რომელიც შექმნა ივანიშვილმა, მისმა დაუსჯელობამ თბილისში, ქობულეთში, ქუთაისში, გორში, სამტრედიაში, რასაც მოჰყვა თვითმკვლელობის კასკადები. არ უნდა დაგვავიწყდეს დემურ სტურუა, თემურ აბზიანიძე, სხვები და სხვები, ვინც შეეწირნენ ამ ძალადობრივ სისტემას.

ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე და დაისაჯოს! მივმართავთ საზოგადოებას, რომ დღეს თქვენი შვილები უნდა დაიცვათ თქვენ სამოქალაქო პროტესტით. დღეს, 19:00 საათზე ყველანი უნდა შეუერთდეთ მსვლელობას, რომელიც აპროტესტებს იმ ძალადობას, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლების და სისტემის პირობებში არსებობს ჩვენ გარშემო“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

მისი თქმით, ფაქტი, რომელიც გავრცელებულ კადრებშია ასახული, 2022 წელს მოხდა და „4 წლის განმავლობაში სისტემაში იყვნენ ჩარჩენილები ის პოლიციელები, სარგებლობდნენ სახელმწიფოს მანდატით და სავარაუდოდ კიდევ მრავალგზის იძალადეს საქართველოს მოქალაქეებზე“.

„ის, რომ თებერვალში პოლიციელები დააკავეს, ეს მიუთითებს იმაზე, რომ მათ უკვე ჰქონდათ ინფორმაცია ამ საჯარო ფაქტების და ვიდეომტკიცებულებების გაჟონვის შესახებ. რაღაც დროს ეს აუცილებლად გახდებოდა საჯარო. გაუგებარია და ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, რატომ არის დაკავებული ის პირი, რომელმაც გატეხა ე.წ. ჩათი და გაასაჯაროვა ეს მტკიცებულებები. მხილება მოძალადე პოლიციელების არის გმირობა მაშინ, როცა ამით იცავ უდანაშაულო, უმწეო მოქალაქეს, რომელსაც ურტყამენ და აწამებენ პოლიციის დეპარტამენტებში თუ სხვადასხვა შენობებში.

ცხადია, რა მდგომარეობაც არის ივანიშვილის პირობებში - ეს არის ძალადობრივი სისტემა და მეორე მხარეს დაუსჯელობა, რომელიც ივანიშვილმა აქცია თავის მაჩვენებლად, რომელსაც არანაირი გამართლება არ გააჩნია!

ჩვენ გვაქვს ერთადერთი არჩევანი, ეს ძალადობრივი სისტემა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას, არ დავბრუნდეთ წარსულში, მაგრამ ეს აწმყოც, რომელიც იმეორებს იმ წარსულის რეპრესიებს, ძალადობას, ადამიანების წამებას უნდა დასრულდეს და ამ ქვეყნის მომავალი უნდა იყოს ისეთი, სადაც ჩვენი შვილები იქნებიან დაცულები!“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა