თბილისის მერი 13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო

13 ივნისის მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან ერთად დაესწრო.

თბილისის მერმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„2015 წლის 13 ივნისი ძალიან მძიმე იყო ჩვენი ქალაქისთვის. გვახსოვს, რა საშინელება დატრიალდა - გვყავს ათეულობით გარდაცვლილი ადამიანი, რამდენიმე კი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. ასევე, მივიღეთ განადგურებული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა. ძალიან მძიმე იყო ეს ყველაფერი, თუმცა ამავე დროს, ეს დღე იყო გაერთიანების, ერთად დგომის სიმბოლოც. ჩვენ ვნახეთ ახალგაზრდები, დიდები, პატარები, ყველა რეგიონიდან, ყველა ქალაქიდან ჩამოსული, რომლებიც შესაბამის სამსახურებს შიშველი ხელებით ეხმარებოდნენ და გვერდით ედგნენ ჩვენს დედაქალაქს. კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი, ასევე დედაქალაქის მერის მოადგილეებმა და საკრებულოს წევრებმაც მიაგეს.

ცნობისთვის, თბილისში, 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი დაკარგულია. სტიქიური უბედურება 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო - მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, ნახევრად დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და „მზიურის“ პარკი. წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი.

უსახლკაროდ რამდენიმე ათეული ოჯახი დარჩა. მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა