როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, პოლიტიკური ძალა „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატი და კომიტეტის წევრი, მივმართავ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა და დღის წესრიგში მთავარი განსახილველი საკითხი უნდა იყოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მიმდინარე ბოლო პროცესები,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატმა სოფო ხორგუანმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ გადაუდგამს არცერთი ქმედითი ნაბიჯი დეოკუპაციის პოლიტიკისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით და ამ ფონზე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიის მიტაცების ახალი ეტაპი დაიწყო.
„ამოქმედდა მოსკოვსა და ცხინვალის რეჟიმს შორის მაისში გაფორმებული ე.წ. „სამოკავშირეო ურთიერთქმედების გაღრმავების ხელშეკრულება“ და დაიწყო მისი პრაქტიკული აღსრულება.
ამის დადასტურებაა რუსეთის მიერ წარმოებული საკადრო პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. კერძოდ, რუსეთმა ცხინვალში გაგზავნა რუსი საკადრო ჩინოსანი მარატ კამბოლოვი, რომელიც ჯერ დე ფაქტო პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა და ახლა, მედიის ცნობით, იგეგმება მისი დანიშვნა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის „პრემიერ-მინისტრად“.
ეს ხელშეკრულება მიზნად ისახავს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სამხედრო სფეროების სრულ ინტეგრაციას რუსეთის ფედერაციასთან, რაც პირდაპირ წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ მორიგ ქმედებას და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ჩვენი სუვერენიტეტი იმდენად მტკიცეა, როგორც არასდროს და ეს, ძირითადად, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების გაფუჭებასა და გერმანიის ელჩის ლანძღვაში გამოიხატება.
სახელმწიფო უნდა ასრულებდეს თავის ფუნქციას. საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.
სწორედ ამიტომ, როგორც საპარლამენტო ოპოზიცია, პოლიტიკური ძალა „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატი და კომიტეტის წევრი, მივმართავ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა და დღის წესრიგში მთავარი განსახილველი საკითხი უნდა იყოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მიმდინარე ბოლო პროცესები; საკითხის შესწავლისას კომიტეტმა უნდა განიხილოს სამართლებრივი, დიპლომატიური და პოლიტიკური შესაძლებლობების გამოყენების გზები, მათ შორის, მიმდინარე ანექსიის პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართვა და სხვა სამართლებრივი გამოსავლის მოძიება;
რა თქმა უნდა, კომიტეტის სხდომაზე უნდა მოიწვიონ შესაბამისი უწყებებიდან უფლებამოსილი და კომპეტენტური პირები.
სახელმწიფო უნდა იყოს ქმედითი, რეალურად უნდა იცავდეს საქართველოს ხალხის ინტერესებსა და ქვეყნის სუვერენიტეტს.“- განაცხადა სოფო ხორგუანმა.