კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-14 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, აღნიშნულ მასშტაბურ სამეცნიერო ფორუმს, რომელიც ტრადიციულ ხასიათს ატარებს, უნივერსიტეტი ყოველწლიურად მასპინძლობს და იგი მიზნად ისახავს ახალგაზრდა მკვლევართა შორის აკადემიური დისკუსიის სტიმულირებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.
მათივე ცნობით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა, რომელმაც ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის ცხოვრებაში სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის მნიშვნელობას. დამსწრე აუდიტორიას და მონაწილეებს მიესალმნენ დოქტორანტურის სამსახურის უფროსი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ნინო მინდიაშვილი და სამეცნიერო კვლევების დეპარტამენტის უფროსი, კონფერენციის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე სესილი გოგიბერიძე.
„წელს საერთაშორისო კონფერენციამ 300-მდე ქართველ და უცხოელ სტუდენტს უმასპინძლა. ახალგაზრდა მკვლევარებმა საკუთარი ნაშრომები და სამეცნიერო მოხსენებები ქართულ და ინგლისურ ენებზე წარადგინეს. კონფერენციის ფარგლებში მუშაობა მიმდინარეობდა 8 სექციაში, რომლებიც თემატურად 15 ქვესექციად გადანაწილდა. სამეცნიერო მიმართულებები მოიცავდა ისეთ აქტუალურ სფეროებს, როგორებიცაა: ბიზნესი და ტექნოლოგიები; მედიცინა; მევენახეობა-მეღვინეობა; ჟურნალისტიკა; ინგლისური ენა და ლიტერატურა; საერთაშორისო ურთიერთობები; სამართალი.
აღსანიშნავია, რომ დამკვიდრებული ტრადიციისამებრ, წელსაც კონფერენციის მუშაობაში აქტიურად ჩაერთო „მომავალ სტუდენტთა სექცია“. აღნიშნული პლატფორმა საშუალებას აძლევს საქართველოს სხვადასხვა საჯარო და კერძო სკოლის უფროსკლასელებს, ჯერ კიდევ სასკოლო ასაკიდანვე გაითავისონ აკადემიური სივრცე, გამოსცადონ საკუთარი ძალები კვლევით საქმიანობაში და წარადგინონ პირველი სამეცნიერო ნაშრომები.
თითოეულ სექციაში წარმოდგენილი მოხსენებები და კვლევის შედეგები დარგობრივმა ექსპერტებმა და პროფესორებმა შეაფასეს. კონფერენციის დასასრულს ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა“- ნათქვამია ინფორმაციაში.