მოძრაობა „პროტესტSHE" - გავრცელებული კადრები კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ სახეზე გვაქვს სისტემური დანაშაული - ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს, ოღონდ ეს ვერ მოხდება საჩვენებელი დასჯებით - მნიშვნელოვანია ბრძოლა სისტემის ცვლილებისთვის

მედიის საშუალებით გავრცელებული კადრები კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ სახეზე გვაქვს სისტემური დანაშაული,- ასე ეხმაურება მოძრაობა „პროტესტSHE" „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც პოლიციელების მხრიდან ძალადობაა ასახული

„მოძრაობა პროტესტ-she“ -ის ერთობლივი განცხადება ფილარმონიასთან საზოგადოებას მოძრაობის წევრმა, მარიკა არევაძემ გააცნო.

„გუშინ, მედიის საშუალებით გავრცელებული კადრები, რომელიც უტყუარად ადასტურებს განყოფილებაში მომხდარ ძალადობას, აშკარად მიუთითებს და კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ სახეზე გვაქვს სისტემური დანაშაული. ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს, ოღონდ ეს ვერ მოხდება საჩვენებელი დასჯების ფარგლებში. ამიტომ მნიშვნელოვანია საზოგადოების ბრძოლა სისტემის ცვლილებისთვის და არა ერთეული სადამსჯელო ღონისძიებებისთვის, ისიც საჩვენებელი სადამსჯელო ღონისძიებებისთვის“,- განაცხადა მარიკა არევაძემ.

როგორც მან აღნიშნა, არ გაჩერდებიან და იბრძოლებენ იქამდე, ვიდრე „არ მოხდება სისტემის ცვლილება და სისტემის ცვლილების ფარგლებში ყველა დამნაშავის გამოვლენა და დასჯა"

ძალადობის კიდევ ერთ შემთხვევაზე ისაუბრა მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, თამუნა გიორგაძემაც. მისი თქმით, მას და ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს ერთი კვირის წინ, აგრესიული პირი თავს დაესხა, თუმცა მათთვის უცნობია, დაკავებულია თუ არა აღნიშნული პირი.

„ზუსტად ერთი კვირის წინ, აქ ამ ადგილას თავს დაგვესხა აგრესიული პირი, რომელმაც ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა და შემდეგ ფიზიკური. ხაზგასასმელია, რომ ლევან ზაზაძე ასრულებდა თავის პროფესიულ საქმიანობას, ის არის მედიის წარმომადგენელი.

ამ დრომდე არ მომხდარა ჩვენი, დაზარალებულების გამოკითხვა, რაიმე საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, კამერების ამოღება. ჩვენთვის უცნობია დაკავებულია თუ არა თავდამსხმელი.

აღნიშნულ ფაქტზე, ჩვენ წერილობითი ფორმითაც მივმართეთ შსს-ს და მოვითხოვეთ ფაქტის გამოძიება. ამასთან ვაცნობებთ, რომ გვაქვს სამედიცინო დოკუმენტაცია, სადაც ასახულია ფიზიკური დაზიანებები.

დღეს კი დანაშაულის ადგილიდან მედიის საშუალებით მივმართავთ და ვითხოვთ:

ჩაატაროთ ეფექტიანი გამოძიება მომხდარ ფაქტზე; დაუყოვნებლივ ამოიღოთ შემთხვევის ადგილზე არსებული სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები; ამოიღოთ სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს დაზარალებულების მიმართ ზიანის მიყენებას.

ჩაატაროთ სხვა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება შესაძლო დამნაშავის პასუხისგებაში მიცემის მიზნით”,- განაცხადა თამუნა გიორგაძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა