ნუგზარ წიკლაური - ერთადერთი ენა, რომელიც ე.წ. ხელისუფლებას ჩვენთან სალაპარაკოდ დარჩა, არის ხელკეტის, ძალადობის, დამცირების ენა - საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა გაერთიანდეს მიზნის გარშემო, რომ არ მივცეთ სადისტების ხელისუფლებას ჩვენი მართვის შესაძლებლობა

ვფიქრობ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა გაერთიანდეს მიზნის გარშემო, რომ არ მივცეთ მოძალადეების და სადისტების ხელისუფლებას ჩვენი მართვის და ჩვენზე ბატონობის შესაძლებლობა,- ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის" წევრმა ნუგზარ წიკლაურმა „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ტვ. პირველის” ეთერში გასულ კადრებს, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემენ სამართალდამცველები პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებს.

ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, ეს კადრები უთუოდ ასახავს სისტემურ დანაშაულს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ.

„ჩვენ ამ კადრებით, ასევე გორში მომხდარის შესახებ გავრცელებული კადრებით ვხედავთ, რომ საქართველოს ე.წ. ხელისუფლებას არ აქვს არც არგუმენტები, არც სიტყვები საქართველოს მოქალაქეებთან სასაუბროდ. ერთადერთი ენა, რომელიც მათ დარჩათ ჩვენთან სალაპარაკოდ, ეს არის ხელკეტის, ძალადობის, შეურაცხყოფის, დამცირების და ციხეში გამოკეტვის ენა, ღირსების აყრის ენა. უბრალოდ, ამის გაძლება არის შეუძლებელი, არ უნდა აიტანოს საქართველოს მოქალაქემ. როდესაც ამას ემატება ის გარემოებაც, რომ ეს მოძალადეები ჩვენს ქვეყანას უკარგავენ ევროპულ მომავალს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შეინარჩუნონ ძარცვის უფლება - ვფიქრობ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა გაერთიანდეს მიზნის გარშემო, რომ არ მივცეთ მოძალადეების და სადისტების ხელისუფლებას ჩვენი მართვის და ჩვენზე ბატონობის შესაძლებლობა”,- განაცხადა წიკლაურმა.

ამ წუთებში, ფილარმონიასთან ოპოზიციის წევრები და მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ ლოზუნგით: „სისტემური წამება უნდა დასრულდეს“. დღევანდელი მსვლელობით ისინი ეხმაურებიან „ტვ.პირველის" მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემენ სამართალდამცველები პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა