“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - სამოქალაქო საზოგადოება წლები საუბრობდა ძალის გადამეტების, არასათანადო მოპყრობისა და დაუსჯელობის პრობლემაზე - ეს არ არის პოლიციელების თვითნებური ქმედებები, სახელმწიფოს პოლიტიკაა

ქართული სამოქალაქო საზოგადოება წლების განმავლობაში საუბრობდა საპოლიციო სისტემაში ძალის გადამეტების, არასათანადო მოპყრობისა და დაუსჯელობის პრობლემაზე - წლებია უკვე ეს არ არის ცალკეული პოლიციელების თვითნებური ქმედებები, ეს არის სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ პარტიას ეკისრებათ, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც „ტვ. პირველის" ეთერში გასულ კადრებს ეხმიანება, სადაც ჩანს, თუ როგორ სცემენ სამართალდამცველები პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებს.

განცხადების თანახმად, სწორედ მმართველი პარტიის მიდგომები და პრემიერი ირაკლი კობახიძის მიერ არაერთხელ გამოხატული “ნულოვანი თანაგრძნობის” პოლიტიკა განაპირობებს იმ მძიმე სურათს, რომელსაც საზოგადოება ბოლო თვეების განმავლობაში ყოველდღიურად ხედავს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ეხმიანება ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც პოლიციელების მიერ მოქალაქეების ცემისა და მათზე არაადამიანური მოპყრობის ფაქტს ეხება.

ქართული სამოქალაქო საზოგადოება წლების განმავლობაში საუბრობდა საპოლიციო სისტემაში ძალის გადამეტების, არასათანადო მოპყრობისა და დაუსჯელობის პრობლემაზე. სწორედ მსგავსი ფაქტების სიმრავლის გამო, წლების განმავლობაში ვითხოვდით ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებასა და ეფექტიანი საგამოძიებო მექანიზმების შექმნას.

მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ ხელისუფლებამ შექმნა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ამან პრობლემა თვისობრივად ვერ მოაგვარა. უფრო მეტიც, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელი, კოკა კაციტაძე, დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ „მაგნიტსკის“ სანქციების სიაში აღმოჩნდა, სწორედ იმ საფუძვლით, რომ პოლიციელების მიერ ჩადენილი სისტემური წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება არ მოხდა.

იმის ნაცვლად, რომ „ქართულ ოცნებას“ და მის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ეს უმძიმესი პრობლემა მოეგვარებინათ, მათ საერთოდ გააუქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ამასთან, არამხოლოდ პოლიტიკური რიტორიკისა, არამედ პრაქტიკის დონეზე დაამკვიდრეს პოლიციის მხრიდან ძალადობის ფაქტების იგნორირების, დაზარალებულთა მიმართ ნულოვანი თანაგრძნობისა და დაუსჯელობის პოლიტიკა. ამის დასტურია გავრცელებული ინფორმაცია, რომ 2026 წლის თებერვალში არასრულწლოვანის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების საფუძვლით დაკავებული პოლიციელი სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა, შესაბამისად მან პატიმრობაში მხოლოდ რამდენიმე თვე გაატარა. გარდა ამისა, დღემდე არ მომხდარა 300-მდე პირის მიმართ საპოლიციო ძალების მხრიდან განხოციელებული წამებისა თუ არაადამიანური მოპყრობის ეფექტიანი გამოძიება.

სწორედ მმართველი პარტიის ეს მიდგომა და ირაკლი კობახიძის მიერ არაერთხელ გამოხატული ნულოვანი თანაგრძნობის პოლიტიკა განაპირობებს იმ მძიმე სურათს, რომელსაც საზოგადოება ბოლო თვეების განმავლობაში ყოველდღიურად ხედავს. წლებია უკვე ეს არ არის ცალკეული პოლიციელების თვითნებური ქმედებები, ეს არის სახელმწიფოს პოლიტიკა, რაზეც პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილსა და მმართველ პარტიას ეკისრებათ.

შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წლების განმავლობაში საუბრობდა პოლიციის მიერ ჩადენილი წამების, ცემის, უკანონო გაშიშვლების, ღირსების შემლახავი მოპყრობისა და სხვა მძიმე დარღვევების შესახებ:

  1. გაშიშვლების უკანონო პრაქტიკა: https://bit.ly/3S2WIzT
  2. დაკავებულების წამება ან არაადამიანური მოპყრობა გდდ-ს თანამშრომლების მიერ: https://bit.ly/4eGmimS
  3. საბა სხვიტარიძის მიმართ პოლიციაში განხორციელებული წამება: https://bit.ly/4xyLFPg“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახუშტი მენაბდე - მოძრაობა „ეროვნულმა თაობამ“ რა მიზნებიც დაისახა და თქვა, დავიცავო, ხელისუფლების დასაცავი და პასუხისმგებლობაა, რომელსაც ის თავს ვერ ართმევს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.07.2026
„შენაქო შალე“ - კომფორტული დასვენება თუშეთის უნიკალურ გარემოში სილქ ჰოსფითალითისთან ერთად
უფასო ლარისა და დოლარის გადარიცხვები ბიზნესისთვის
„ზიგმა საბურთალო“ - მათთვის, ვინც ახალ სტანდარტს ეძებს