4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული გენადი კუპრეიშვილი - პატივცემულო პროკურორო და მოსამართლე, თქვენზე ვლოცულობ, თქვენ ჩემი მდგომარეობა ვერ ან არ გაითვალისწინეთ, უფალმა შეგინდოთ!

პატივცემულო პროკურორო და მოსამართლე, თქვენზეც ვლოცულობ, თქვენ ჩემი მდგომარეობა ვერ გაითვალისწინეთ ან არ გაითვალისწინეთ, უფალმა შეგინდოთ! - ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა გენადი კუპრეიშვილმა საკუთარ საბოლოო სიტყვაში განაცხადა.

ის ერთ-ერთია 8 დაკავებულიდან, ვინც ბრალი არ აღიარა და საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდა.

“მე მინდა მადლობით დავიწყო - მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი ოჯახური მდგომარეობა გაითვალისწინა, ვინც თითოეული თეთრით დახმარება გაუწია ჩემს ოჯახს. მადლობა, ვისაც გული შესტკიოდა ჩემი პატიმრობის გამო, მინდა ისინი დავლოცო და ვლოცულობ კიდეც.

მინდა გითხრათ პატივცემულო პროკურორო და მოსამართლე, თქვენზეც ვლოცულობ, თქვენ ჩემი მდგომარეობა, კანონიერად ან უკანონოდ, ვერ გაითვალისწინეთ ან არ გაითვალისწინეთ, უფალმა შეგინდოთ.

მინდა შევეხო ჩემი აქ ყოფნის მიზეზს - რატომ ვარ აქ და რისთვის. ჩემი აქ ყოფნის მიზეზი უსამართლობაა, რომელიც ამ ქვეყანაში სუფევს - არჩევნები არის გაყალბებული! როცა არჩევანის უფლებას ართმევენ ადამიანს, კითხვის ნიშნები რჩება. ჩემთვის არჩევანი არის მონობასა და თავისუფლებას შორის. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის უფლება.

არჩევნებში ზოგს ძალით აიძულებენ ხმის მიცემას გარკვეულ კანდიდატზე, ზოგს ფულს სთავაზობდნენ, ზოგს აშინებდნენ, ეს ჩემთვის ამაზრზენია. რაც შეეხება ამ მთავრობას, უზურპირებულია, მიტაცებული აქვს ყველა ინსტიტუტი. იმედი მაქვს, სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე იქნება და ამ ყველაფერს გასცემს პასუხს. მივექანებით რუსეთისკენ, ვაგინებთ და ვლანძღავთ ევროპას, ვაქებთ რუსეთს. როცა ერთ-ერთი მოსამართლე ქვეყნიდან გაქცეულია და აცხადებს, რომ მოსამართლის მანტიით აპირებდა დარბაზში თავის ჩამოხრჩობას, ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

მე ძალიან გული მწყდება, რომ სასამართლოს მიადგა ზიანი და მისი იმიჯი ზიანდება. სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. პატივცემულო მოსამართლე, ლეგიტიმური კითხვა მებადება ხოლმე, მოსამართლე არის დამოუკიდებელი?” - განაცხადა კუპრეიშვილმა.

მას მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა საბოლოო სიტყვა შეაწყვეტინა და განუმარტა, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, სასამართლოზე, ყოფილ მოსამართლეზე და ა.შ. არ მოისმენდა სიტყვებს, რადგან ეს სასამართლოს უპატივცემლობა იყო.

ბრალდებული მის საქმეს შეეხო და აღნიშნა, რომ გამოძიება ცალმხრივად ჩატარდა.

“ტაქსის მძღოლად ვმუშაობდი და იმ დროს დამაკავეს. დავებარებინე გამოკითხვაზე და მივიდოდი, გამოძიება არათანმიმდევრულად მოიქცა, თითქოს მე ვიყავი ქვეყნის დამქცევი და ტერორისტი... 3 წამზე მეტი არ იყო, ღობე გადაინგრა. იქ სპეცრაზმი რომ დამენახა, არ გავეკარებოდი. მე სრულიად ხელშიშველი ვიყავი, აირწინაღიც არ მქონდა.

დამნაშავე არ ვარ და არც საპატიებელი არაფერი მაქვს, დამნაშავე არის ეს მთავრობა. ბატონო მოსამართლე, მოვაწერდი საპროცესო შეთანხმებას ხელს, მაგრამ იქ დამთავრდებოდა ჩემი თავისუფლება! მე თავისუფალი ადამიანი ვარ! მალე ფიზიკურადაც თავისუფალი ვიქნები! ვღელავ, რადგან ასეთ გამოსვლებს არ ვარ მიჩვეული, მე განა მოსამართლეებს შეურაცხყოფას მივაყენებ? მე ყველაზე ვლოცულობ, გაუნათოს გონება. დიდი უსამართლობა იქნება, თუ ამ ბიჭებს აქ გამოვკეტავთ. ამ ბიჭების ციხეში გამოკეტვით დიდი ზიანი მიადგება სასამართლოს. გარეთ ვებრძოდი უსამართლობას!..

ფართომასშტაბიანი ამნისტია უნდა მოხდეს და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს. პატივცემულო მოსამართლე, დიდი იმედი მაქვს თქვენი გონივრული გადაწყვეტილების!” - მიმართა კუპრეიშვილმა მოსამართლეს.

აღნიშნულ ეპიზოდზე სულ 14 ბრალდებული იყო, მათგან 6 პირს - გიორგი ქორქიას, გიორგი რურუას, ხვიჩა გოგოხიას, ლევან ჯიქიას, ლაშა ივანაძეს და სერგო მეგრელიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ, დანარჩენი 8 პირის - ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანის, ამირან დოლიშვილის, ანტონ ვარდანიძის, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილის, სულხან ტუღუშისა და რამაზ მამულაძის მიმართ კი სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 22 პირთან დაკავშირებით დათანხმდა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა