4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ალექსანდრე ჩილაჩავა - ჩემი მისვლის დროს ღობე ჩამონგრეული იყო და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ხალხი, რომელიც თურმე დამხობას აპირებდა, ეზოში არ შედიოდა - მთავრობა ამბობს, გვაღიარეთო, მთავრობამ აღიაროს, რომ დამარცხდა

ერთი ვიდეო არ არსებობს, რომ რაღაცას ვისვრი, ვამტვრევ, მაგრამ 8 თვეა ვზივარ და ვეძებ სამართალს, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა ალექსანდრე ჩილაჩავამ საკუთარ საბოლოო სიტყვაში განაცხადა.

ის ერთ-ერთია 8 დაკავებულიდან, ვინც ბრალი არ აღიარა და საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდა.

“როგორი არალოგიკურია პროკურატურა, ამის დამტკიცება მსურს. ორგანიზატორებად და მომწოდებლად ისეთი ხალხი შემოგვაჩეჩეს, რომლებთანაც არანაირი კავშირი არ მქონია. ჩემი გამოსვლის პირველი მიზეზი ბატონი კობახიძე იყო, როცა უარი თქვა ევროპულ კურსზე და საზოგადოებას განუცხადა, რომ არ აპირებს ქართველი ხალხის არჩევანს მიჰყვეს. ამის შემდეგ გამიჩნდა პროტესტი...

ჩემი მისვლის დროს ღობე ჩამონგრეული იყო და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს ხალხი, რომელიც თურმე დამხობას აპირებდა, ეზოში არ შედიოდა... ჯერ იყო და მოიყვანეს მოწმე, “ბალგარკის” მოწმე, რომელმაც არ იცოდა, რა შემადგენლობის იყო ღობე... პროკურორმა შედუღების ადგილას იყო გადამტვრეული ბოძიო, გადაეღოთ სურათი, ხომ ვნახავდით. მავთულით იყო ღობე გადაბმული, ყველამ ვნახეთ. დაცვის უფროსს დავუსვი შეკითხვა, არ გაგკვირვებიათ ასე უცებ რომ დაიმტვრა-მეთქი? არ გაკვირვებია, რადგან იცოდა, ასე მოხდებოდა. ღობე გადაჭრილი რომ არ ყოფილიყო, ახლოს დადგებოდნენ [დაცვის თანამშრომლები], ეს ზუსტად გამიზნული იყო, რომ ხალხი ხაფანგში გაბმულიყო. თუ სტრატეგიული ობიექტი იყო, ღობე ასეთი მოყანყალებული რატომ იყო?

არც ციხის მეშინია, პირველივე დღიდან ამისთვის მზად ვიყავი, ყოველდღე იყო მუქარა დაჭერის. ამ მშვიდობიან პროტესტზე ჩემი ნებით წავედი. ჩემთვის შეურაცხმყოფელია, რომ ვიღაცამ დამიძახა. დიდი პატივისცემა ბურჭულაძეს, ქვეყანა ასახელა, მაგრამ ამ კაცს არც კი ვიცნობ. არც აქ მყოფებს ვიცნობ. ერთი ვიდეო არ არსებობს, რომ რაღაცას ვისვრი, ვამტვრევ, მაგრამ 8 თვეა ვზივარ და ვეძებ სამართალს. სულ მესმის, სასამართლო დამოუკიდებელიაო, თქვენგანაც პატივცემულო მოსამართლე, მაგრამ საყვედური ან ადვოკატებზეა, ან ჩვენზე, პროკურორის მიმართ ერთხელაც არ მოგვისმენია....

მთავრობა ამბობს, გვაღიარეთო - მივმართავ მათ, მთავრობამ აღიაროს, რომ დამარცხდა და ჩაატაროს არჩევნები.... ყველა დაიჭირეს, ერთი ოპოზიციური ლიდერი არ არის გარეთ, ხალხს ედავებით იმას, რასაც თავად აკეთებთ, ქვეყნის მტრები ხართ!

ერთ ექსპერტზე მინდა ყურადღება გავამახვილო - ქუჩაზე კამერები დაწეული იყო, ასფალტს უყურებდაო. დამიმტკიცეთ, რომ ეს აქციის მონაწილეებმა დაწიეს და თქვენ არ დაწიეთ. ზღაპრებშიც უნიჭოები არიან.... საერთოდ არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, პირიქით, თქვენ მიგიძღვით დიდი როლი, რომ 8 თვეა ციხეში ვართ...

ძალადობის წინააღმდეგი ვარ, სიჯიუტით, უკან არ დახევით, გამარჯვებას მალე ვიზეიმებთ. იმედს ვიტოვებ, სასამართლო მიუკერძოებელია. დიდი იმედი მაქვს, გამამართლებელ განაჩენს გამოიტანთ”, - განაცხადა ჩილაჩავამ.

აღნიშნულ ეპიზოდზე სულ 14 ბრალდებული იყო, მათგან 6 პირს - გიორგი ქორქიას, გიორგი რურუას, ხვიჩა გოგოხიას, ლევან ჯიქიას, ლაშა ივანაძეს და სერგო მეგრელიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ, დანარჩენი 8 პირის - ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანის, ამირან დოლიშვილის, ანტონ ვარდანიძის, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილის, სულხან ტუღუშისა და რამაზ მამულაძის მიმართ კი სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 22 პირთან დაკავშირებით დათანხმდა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა