დავით დარჩიაშვილი - პოლიციელების მხრიდან 2022 წელს მომხდარი ძალადობა ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას ვერ გადაბრალდება - „განტევების ვაცების“ მოძიების ტაქტიკა ეფექტური ვერ იქნება, რადგან საუბარია ერთსა და იმავე გუნდზე

ისტორიულ, თუნდაც წინა ხელისუფლების გამოცდილებას ოდნავ მაინც რომ ითვალისწინებდნენ, მიხვდებოდნენ, რომ ასეთი ქმედებები ადრე თუ გვიან კრიზისით მთავრდება - ძალადობამ შეიძლება მყისიერი შედეგი მოიტანოს, საზოგადოება დაშინდეს და დაითრგუნოს, მაგრამ მთლიანობაში ეს სტაბილური პოლიტიკური სისტემის შესაქმნელად არანაირად არ გამოდგება, - აღნიშნული შეფასება “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“, ილიაუნის პროფესორმა დავით დარჩიაშვილმა გააკეთა.

დარჩიაშვილმა პოლიციელთა ძალადობის გასაჯაროებულ ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში ახალგაზრდებზე ძალადობა 2022 წელს მომხდარს რომ ასახავს, ეს იმ დროინდელ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს ვერ გადაბრალდება, რადგან ღარიბაშვილის პრემიერობისა და გომელაურის შს მინისტრობის დროს საპარლამენტო კონტროლის ბერკეტები დღევანდელი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელში იყო, ხოლო ამ ყველაფრის ზემოდან მაკონტროლებელი იყო და არის ბიძინა ივანიშვილი.

დარჩიაშვილის განცხადებით, ამ შემთხვევაში “განტევების ვაცების“ მოძიების ტაქტიკა ეფექტური ვერ იქნება, რადგან საუბარია ერთსა და იმავე გუნდზე, რომელიც ქვეყანას 2012 წლიდან მართავს.

“საკმარისი არგუმენტები და ფაქტები არსებობს იმის დასანახად, რომ ძალადობა პოლიციური კულტურის ნაწილია. შესაბამისად, სისტემის პრობლემურობა აქედან მომდინარეობს. დაშინების, დამცირების, ინფორმაციის ძალადობრივი მეთოდებით მიღების მიზნით ადამიანზე ფიზიკური ზემოქმედება ჩვეულებრივი ამბავია.

სამწუხაროდ, საქართველოს თანამედროვე ისტორიის მანძილზე ეს პრობლემა სულ იდგა და ახლაც დგას. როგორც ჩანს, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ძალადობის დაგმობა მხოლოდ მათი მომხრეების მიმართ ძალადობის დაგმობა იყო - ვინც მათ მოსწონთ იმათ წინააღმდეგ და საკუთარი თავის წინააღმდეგ ძალადობას გმობდნენ, მაგრამ ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლაში ძალადობა ჩვეულებრივ ამბად მიაჩნიათ. ამაშია დღევანდელი მმართველობის არამოდერნულობა და არადემოკრატიულობა.

ავტორიტარიზმის არსია, რომ საზოგადოება მორჩილებაში იყოლიოს და შემდეგ მაღალი ტრიბუნიდან გამოაცხოს მტკნარი ტექსტები, რომ ეს არის ეროვნული ინტერესი, ჩვენ სახალხო ინტერესს გამოვხატავთ, მაგრამ ხალხს აზრის გამოხატვის ყველანაირ საშუალებას ართმევენ.

ეს ის საშუალებებია, რის შექმნასაც საქართველოსგან ევროკავშირი ითხოვდა და თითქოს ეს ხელისუფლება ნებით, უნებლიეთ თუ იძულებით ასრულებდა. ეს იყო მთავრობისგან დამოუკიდებელი საპოლიციო დანაშაულის გამომძიებელი სტრუქტურების შექმნა, რაც ლოგიკურია, რადგან ორგანო, ვინ ემორჩილება მას, ვისი დანაშაულიც არის გამოსაძიებელი, დანაშაულს ვერ გამოიძიებს. ამიტომ იდგმებოდა ნაბიჯი იმისკენ, რომ დამოუკიდებელი სტრუქტურები გაჩენილიყო, მაგრამ ახლა ასეთ სტრუქტურებს ან აუქმებენ ან მაქსიმალურად ასუსტებენ.

კიდევ ერთი მაკონტროლებელი ეს არის სამოქალაქო საზოგადოება. სისტემურად, ინსტიტუციურად ავტორიტარიზმისგან, ძალადობისგან დაზღვეული ვერ იქნები თუკი ძლიერი სამოქალაქო სექტორი არა გყავს, რომელიც ამ ყველაფერზე განგაშს ტეხს ხოლმე. ეს არის დაცვა თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც, რადგან ძალადობის მანქანა შეიძლება მათ მიმართაც ამოძრავდეს, თუკი მთლად სათავეში მდგომს ასეთი სურვილი გაუჩნდება და მათი დამცავი არავინ და არაფერი არ იქნება. მითითება მხოლოდ იმაზე, რომ სასამართლო განსჯის, საკმარისი არ არის, რადგან სასამართლოს დამორჩილებაც შეიძლება“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

“დღის ნიუსრუმში“ საუბრის კიდევ ერთი მთავარი თემა იყო, ოპოზიციაში არსებული მდგომარეობა იყო. დარჩიაშვილის შეფასებით, საერთო სურათი ისეთია, რომ ოპოზიცია შინაგანად მყიფედ და სუსტად გამოიყურება, რაც მისივე თქმით, არ იძლევა იმედს იმისას, რომ ქვეყანაში მმართველი პარტიის სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა არსებობს.

დარჩიაშვილის განცხადებით, რაც მალე მორჩება თავდასხმები ან თუ ვინმეს თავშეკავება არ შეუძლია, ასეთი ადამიანი წინა რიგებიდან რაც მალე გაიწევა და ჩრდილში გადავა, დემოკრატიის გადარჩენისთვის მით უკეთესი იქნება.

დარჩიაშვილმა აქვე დააზუსტა, რომ ამ კონტექსტში გულისხმობს მათ, ვისაც პოლიტიკური აქტივობის საშუალება ეძლევა.

“როცა პოლიტიკოსი არის ციხეში, გარედან იმის კარნახი თუ როგორ მოიქცეს, არასწორი მგონია - ეს ეხება როგორც მიხეილ სააკაშვილს, ასევე ნიკა მელიას და სხვებსაც, რადგან ადამიანები იმ მდგომარეობაში არიან, როცა გარედან კარნახს ვერ დაიწყებ, თუ როგორ იმოქმედონ და როგორ არ უნდა იმოქმედონ, მაგრამ სისტემურად მუდმივი დაპირისპირებები და მუდმივი პოლემიკა, ოპოზიციურ ფლანგს ძალიან ასუსტებს და აზიანებს.

საერთოდ, პარტიების შიგნით პარტიული დემოკრატია და პროცედურული ურთიერთობები ისეთივე პრობლემაა, როგორც, ზოგადად, ქვეყანაში. ამ მხრივ, ქართული პოლიტიკური სისტემა ბევრ ხარვეზს შეიცავს. უკეთესი იქნება ყველა პარტიამ საკუთარ თავში ჩაიხედოს და თავის თავზე იზრუნოს“, - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა