ვინმე რომც გადადგეს - შსს-ის მოადგილე, ნებისმიერი რეგიონის პოლიციის უფროსი და მინისტრიც რომ გადადგეს, იმდენად გადაღლილია პოლიციური სისტემა და იმდენად არეულია, ამას არაფერი ეშველება, მანამ, სანამ სისტემა არ გამოიცვლება თავიდან ბოლომდე, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ჭანტურიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, „ტვ პირველის" მიერ გავრცელებული კადრების კონტექსტში, ძალოვან სტრუქტურებში არსებული მდგომარეობის შეფასებისას განაცხადა.
ამასთან, როგორც გიორგი ჭანტურიამ აღნიშნა, ყველა ღირსეულმა და კეთილსინდისიერმა პოლიციელმა უნდა გაიაზროს, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია და ძალა საქართველოში, რომელიც პოლიციელის მუნდირს შეურაცხყოფს იმით, რომ სისტემას პარტიული მიზნებიდან გამომდინარე ადამიანებზე ძალადობის უფლებას აძლევს.
„რაც შეეხება ამ უმძიმეს კადრებს, რომელიც „ტვ პირველმა“ გაავრცელა - მიუხედავად იმისა, რომ სამი პოლიციელი დაპატიმრებულია და „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ თურმე პოლიტიკა აქვთ ამგვარი, რომ ნებისმიერ მსგავს დანაშაულზე პოლიციელებს სჯიან, ციხეში უშვებენ და სამსახურებიდან ათავისუფლებენ - რაც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხდება, სრული პასუხისმგებლობა არის „ქართულ ოცნებაზე“. ეს არ არის ერთეული შემთხვევა, რამდენიმე კვირის წინ ვიხილეთ გორში 10 თუ 11 ფორმიანი ადამიანი გაუსწორდა ერთ მოქალაქეს, რომელიც სამსახურიდან გამოვიდა და უბრალოდ ქუჩას გადადიოდა. წელიწადნახევრის წინ ქუჩაში ვიხილეთ შსს როგორ ძალადობდა შუა რუსთაველზე მოქალაქეებზე, მერე ჩვენ გვქონდა ინფორმაცია, დაკავებულ ადამიანებს პოლიციის შენობებში და მანქანებში აწამებდნენ და სცემდნენ, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამ პასუხისმგებლობასაც იგერიებდა. მე პირადად დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ვინმემ რომც აიღოს პასუხისმგებლობა, ვინმე რომც გადადგეს - შსს-ის მოადგილე, ნებისმიერი რეგიონის პოლიციის უფროსი და მინისტრიც რომ გადადგეს, იმდენად გადაღლილია პოლიციური სისტემა და იმდენად არეულია, ამას არაფერი არ ეშველება, მანამ, სანამ სისტემა არ გამოიცვლება თავიდან ბოლომდე. „ქართული ოცნება“ სანამ არ ისწავლის, რომ ძალაუფლების შენარჩუნება სხვანაირადაც შეიძლება, ეს ძალადობრივი კრიზისები რომელიც დღეს „ქართულ ოცნებას“ დაუდგა, აქედან პარტია ვერ გამოვა. „ქართულ ოცნებას“ თუ სჯერა, რომ ახლა პოლიციელებს დასჯის და ასე გააჩერებს ამ კრიზისებს, ეს ასე ვერ გამოვა, რადგან ძალადობა არის მათი წახალისებული, როდესაც სისტემას ეუბნები, რომ შენ შეგიძლია ადამიანები დააკავო, მერე ურტყა, მერე აწამო თუ ეს ადამიანები არიან ჩვენი პარტიის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, სისტემას უჩნდება კითხვა, მე თუ პარტიისთვის ვაკეთებ რაღაცას, ესე იგი მე შემიძლია ჩემი თავისთვისაც გავაკეთო ის რაც შემიძლია, რადგან მე კანონის წინაშე პასუხს არ ვაგებ და მერე ხდება ის კრიზისები, რაც ხდება და ამის გაჩერება არის შეუძლებელი. უნდა გაიაზროს ყველა ღირსეულმა და კეთილსინდისიერმა პოლიციელმა, რომ „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი პარტია და ძალა საქართველოში, რომელიც პოლიციელის მუნდირს შეურაცხყოფს იმით, რომ ადამიანებს და სისტემას ეუბნება, რომ შენ პარტიული მიზნებიდან გამომდინარე შეგიძლია ადამიანებზე იძალადო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, რამდენი ფაქტია ბოლო პერიოდის განმავლობაში, როცა ძალოვანი სისტემის წარმომადგენელმა თვითმკვლელობით დაასრულა ცხოვრება. კითხვა ხომ ჩნდება, რა ხდება, გინდა შსს-ში და გინდა სუს-ში. სისტემის შიგნით ისეთი არეულობა და დაძაბულობაა, რომ თვითონ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებიც კი დაუცველად გრძნობენ თავს. საქართველოს მოქალაქეებისთვის, იმ ადამიანებისთვის, ვინც 2012 წელს „ქართUლ ოცნებას“ მისცა ხმა იმის გამო, რაც ციხეებში ხდებოდა, ძალოვან სტრუქტურებში ხდებოდა, ახლა ეს კადრები, რაც ვრცელდება, არის ზურგში დანის ჩარტყმა და შეურაცხყოფა,“ - განაცხადა გიორგი ჭანტურიამ.