4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ვლადიმერ გველესიანი - სიცილით შევხვდები ჩემს განაჩენს, ეს იქნება დიდი სპექტაკლი, სადაც გამასამართლებენ - კობახიძე დაგვპირდა სიურპრიზს მოგიწყობთო და მოაწყო

ერთი ფაქტი არ მოუყვანია მოწმეს, ეს ადამიანი ჩემზე ძალადობდა, შეურაცხყოფას მაყენებდა ან რამეს ისროდაო, მაგრამ პროკურატურა 8 თვეა მიმტკიცებს, დამნაშავე ხარო. რაში ვარ დამნაშავე? - ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულმა ვლადიმერ გველესიანმა საკუთარ საბოლოო სიტყვაში განაცხადა.

ის ერთ-ერთია 8 დაკავებულიდან, ვინც ბრალი არ აღიარა და საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდა.

“ნოდარ მელაძის ეთერში რაც ვნახე, ამაზრზენია.... დავუბრუნებდი საქმეს - ვინც ხელისუფლებაშია, არავინ კითხულობს, რატომ გამოვხატავდით პროტესტს…

ჩემი დაკავება სასაცილო კი არაა, შოუ დამიდგეს სახლში...

ერთი თითიც კი, სუბიექტზე კი არა, ობიექტზეც არ მაქვს დაკარებული.

თურმე ღობე გადავანგრიე, ერთი კადრიც არ არსებობს, რომ ღობეს ფიზიკურად შევხებოდი, ან ვინმეზე მეძალადა ან ამის მცდელობაც მქონოდა. რომ მდომებოდა, თქვენი აზრით, ვინმე გამაჩერებდა? წინააღმდეგი ვარ ნებისმიერი ძალადობის! ერთი ფაქტი არ მოუყვანია მოწმეს, ეს ადამიანი ჩემზე ძალადობდა, შეურაცხყოფას მაყენებდა, ან რამეს ისროდაო, მაგრამ პროკურატურა 8 თვეა მიმტკიცებს, დამნაშავე ხარო. რაში ვარ დამნაშავე? როგორ შეიძლება აქციაზე დგომის გამო ადამიანს პროკურატურიდან 6 წლიანი ბრალი მოუტანო? ამ ბიჭებიდან არც სატელეფონო, არც ისე, არასდროს მქონია შეხება, გარდა იმისა, რომ 8 თვეა, ციხე-სასამართლოს გზაზე ერთად დავდივართ.

არ მრცხვენია და არ ვნანობ, რომ სამშობლოს სიყვარულის გამო მიწევს აქ ყოფნა...

კობახიძე დაგვპირდა სიურპრიზს მოგიწყობთო და მოაწყო. ექსპერტი მოვიდა, კითხვა, დავუსვი და ვერ გამცა პასუხი, რისი ექსპერტი იყო.

ბრალდებულის სტატუსი მაქვს და კობახიძე ამბობს, დამნაშავეები არიან და თუ მოაწერენ საპროცესო შეთანხმებას ხელს, გარეთ გავლენო. ვინ მისცა მას ამის უფლება? მე არ ვარ დამნაშავე, მე ვარ ბრალდებული!

სიცილით შევხვდები ჩემს განაჩენს, არა სასამართლოს უპატივცემლობის გამო, ეს იქნება დიდი სპექტაკლი, სადაც გამასამართლებენ და მე ვიქნები ტუსაღი! ჩემს შვილებს ვეტყვი, სახლში პირველი ჭიქა სამშობლოს სადღეგრძელო დალიეთ, რაც გასწავლეთ, არ გადაუხვიოთ, იყავით პრინციპულები!” - განაცხადა გველესიანმა.

აღნიშნულ ეპიზოდზე სულ 14 ბრალდებული იყო, მათგან 6 პირს - გიორგი ქორქიას, გიორგი რურუას, ხვიჩა გოგოხიას, ლევან ჯიქიას, ლაშა ივანაძეს და სერგო მეგრელიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ, დანარჩენი 8 პირის - ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანის, ამირან დოლიშვილის, ანტონ ვარდანიძის, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილის, სულხან ტუღუშისა და რამაზ მამულაძის მიმართ კი სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 22 პირთან დაკავშირებით დათანხმდა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა