კირ სტარმერის განცხადებით, გაერთიანებულ სამეფოში 16 წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალური მედიის გამოყენება აეკრძალებათ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, 16 წლამდე ასაკის პირებს ყველა ძირითადი სოციალური მედიის აპლიკაცია აეკრძალებათ.

„ეს არ არის ის, რასაც მსუბუქად ვაკეთებ. არ ვამბობ, რომ სოციალურმა მედიამ ახალგაზრდებს არანაირი სარგებელი არ მოუტანა, რადგან ცხადია, რომ ეს არასწორია. მაგრამ მთავრობა ყოველთვის არჩევანის გაკეთებაზეა ორიენტირებული და ჩემთვის ნათელია, რომ სრული აკრძალვა სწორი არჩევანია. ვსვამ კითხვას: ნამდვილად გვჯერა, რომ სოციალური მედია ქმნის ბედნიერ გარემოს ჩვენი შვილებისთვის? ნამდვილად გვჯერა, რომ ეს არის ადგილი, სადაც მათ შეუძლიათ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ? ვფიქრობ, ამ კითხვებზე პასუხის გაცემაც კი არ მჭირდება, არა? ყველა მშობელს შეუძლია საკუთარი თვალით ნახოს ეს. სოციალური მედია ბავშვებს უბედურს ხდის. ის ბულერებს მათ შევიწროებას და მათზე ძალადობის განხორციელებას უადვილებს და შესაძლოა, მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობასაც კი ავნოს“, - აღნიშნა სტარმერმა.

მისი თქმით, აპლიკაციები ხელს უშლის ბავშვებს საშინაო დავალებების შესრულებაში, კითხვაში, მეგობრების ნახვაში, სწორ დროს დაძინებაში და საბოლოოდ, მათ განვითარებას აზიანებს.

სტარმერი მიიჩნევს, რომ მშობლები მხარს დაუჭერენ ამ ქმედებას.

„არ ვარ მზად, კომპრომისზე წავიდე ჩვენი შვილების უსაფრთხოებასა და ბედნიერებასთან დაკავშირებით და სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს ეს აკრძალვა და სწორედ ამიტომ მოხდება ეს აკრძალვა“, - აღნიშნა სტარმერმა.

მისი თქმით, სოციალური მედიის კომპანიების წინააღმდეგ წასვლა ადვილი არ იქნება - რთული იქნება კანონმდებლობის მიღება და ამ აკრძალვის აღსრულება - მაგრამ ამ მიზნისკენ სვლას განაგრძობს.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, პროდუქტებს, რომლებზეც აკრძალვა არ ვრცელდება, როგორიცაა სათამაშო პლატფორმები, მოუწევთ ბავშვებისთვის უცნობებთან საუბრის აკრძალვა.

„ეს ჩვენს შვილებს უფრო ბედნიერს გახდის. და ჩვენ მათ მივცემთ მეტ დროს, მეტ უსაფრთხოებას, მეტ თავისუფლებას ზრდისთვის, მეტ შესაძლებლობას და საბოლოო ჯამში, სწორედ ეს არის მთავრობის დანიშნულება“, - აღნიშნა სტარმერმა.

კითხვაზე, როდის ამოქმედდება აკრძალვა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა უპასუხა: „ვიმედოვნებთ, რომ რეგულაციას შობამდე მივიღებთ და შესაბამისად, აკრძალვა მომავალი წლიდან, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან ამოქმედდება“.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა