თუკი, ბრალდებული ზურაბ ჭავჭანიძე მოგვმართავს, ამ შემთხვევაში, ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობას განიხილავს, - ამის შესახებ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას არავის სთავაზობს, თავად ბრალდებულმა უნდა მიმართოს უწყებას, რის შემდეგაც, უკვე პროკურატურა შუამდგომლობას განიხილავს.
„სასამართლომ მოისმინა ბრალდებულების საბოლოო სიტყვა, ერთადერთი ბრალდებული, რომლის საბოლოო სიტყვის მოსმენაც დარჩა, არის ზურაბ ჭავჭანიძე. მომდევნო პროცესზე სასამართლო ბრალდებულის საბოლოო სიტყვას მოისმენს, რის შემდეგაც განაჩენს გამოაცხადებს.
საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, ბრალდების მხარის პოზიცია უცვლელია. ბრალდებულები თუ მომართავენ ბრალდების მხარეს, მომართვის შემთხვევაში, ინდივიდუალურად ხდება საპროცესო შეთანხმების განხილვა. არც ერთ ბრალდებულს ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებას არ სთავაზობს, თუ ისინი მომართავენ ბრალდების მხრეს, მომართვის შემთხვევაში ხდება განხილვა. ზურაბ ჭავჭანიძე, როგორც პროცესზე მისმა ადვოკატებმა განაცხადეს, მათთან პოზიციას არ აფიქსირებს, მას პოზიციის დაფიქსირება სასამართლო პროცესზე სურს. ბრალდებული რას განაცხადებს, მე ვერ გეტყვით, თუკი, მოგვმართავს, მომართვის შემთხვევაში, ბრალდების მხარე განიხილავს საპროცესო შეთანხმების შუამდგომლობას“, - განაცხადა იაკობიძემ.
რაც შეეხება ბრალდებულების ნაწილის განცხადებას, თუ რატომ არ წარადგინა პროკურატურამ სასამართლოში მათ წინააღმდეგ ვიდეომტკიცებულებები, პროკურორი პასუხობს, რომ ბრალდების მხარეს თითოეულ დაკავებულთან მიმართებაში აქვს ვიდეო მოპოვებული.
„თითოეულ ბრალდებულთან დაკავშირებით სწორედ, ვიდეოჩანაწერებია წარდგენილი, თუმცა, რამდენიმე ბრალდებულის საბოლოო სიტყვაში აღინიშნა, რომ კამერები სრულად არ იყო ამოღებული. რამდენიმე ათეული ტერაბაიტი ვიდეომასალა არის ამოღებული, განვითარებული მოვლენები 360 გრადუსით არის აღწერილი და სასამართლოში წარდგენილი. თუკი, რომელიმე ბრალდებულს რამე დანაკლისი ჰქონდა, დაცვის მხარეს შეეძლო ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედება ჩაეტარებინა. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის მიერ არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა.
რაც შეეხება განაჩენს, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარდგენილი არაერთი მტკიცებულებით და მათი შეფასებით, ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის ლოგიკური მოლოდინი გააჩნია. ამ შემთხვევაში ბრალად წარდგენილი ქმედება როგორც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაა, ასევე, სტრატეგიული ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა“, - განაცხადა იაკობიძემ.
აღნიშნულ ეპიზოდზე სულ 14 ბრალდებული იყო, მათგან 6 პირს - გიორგი ქორქიას, გიორგი რურუას, ხვიჩა გოგოხიას, ლევან ჯიქიას, ლაშა ივანაძეს და სერგო მეგრელიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ, დანარჩენი 8 პირის - ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანის, ამირან დოლიშვილის, ანტონ ვარდანიძის, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილის, სულხან ტუღუშისა და რამაზ მამულაძის მიმართ კი სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. ამ ეტაპზე, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 22 პირთან დაკავშირებით დათანხმდა.