პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა დღესაც გრძელდება - ესეც „აკერმანის სახელმძღვანელოდანაა“, ამ სახელმძღვანელოს მიხედვით მოქმედებენ, თუმცა ვერ ხვდებიან, რომ დაძველდა „აკერმანის სახელმძღვანელოს“ მეთოდები და ყველამ ყველაფერი იცის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ვინ და რა თანამდებობაზე მყოფი პირი ჩაიდენს დანაშაულს, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება იქნება მყისიერი.
„დისკრედიტაციის მცდელობა პირველი შემთხვევა არ არის, უკვე წლებია მიმდინარეობს და ესეც აკერმანის სახელმძღვანელოდანაა, ამ სახელმძღვანელოს მიხედვით მოქმედებენ, თუმცა ვერ ხვდებიან რომ დაძველდა აკერმანის სახელმძღვანელოს მეთოდები და ყველამ ყველაფერი იცის. პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობა დღესაც გრძელდება, თუმცა რეალობა აბსოლუტურად სხვა არის, როდესაც ხდება კონკრეტული დანაშაული ამას ყოველთვის აქვს რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან და ეს მომავალშიც გაგრძელდება. ძალიან მძიმეა აღნიშნული კადრები, რაც ვნახეთ, თუმცა მეორე მნიშვნელოვანი თემაა ის, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვა მყისიერი რეაგირება და ყველა დამნაშავე არის დაკავებული. 40 000-მდე პოლიციელია უწყებაში, არსებობს კანონი, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს, რა თანამდებობის პირი იქნება, ამას მაშინვე მოჰყვება რეაგირება, როგორც ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ის მოძალადეები და დამნაშავეები დღეს არიან დასჯილები“, - განაცხადა კალაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, დაკავებულებს ბრალი უნდა დაუმძიმდეთ თუ არა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ეს კითხვა შესაბამისი უწყებისთვის უნდა იქნას მიმართული.
„მე არ ვარ პროკურორი, ამ შეკითხვას რომ მისვამთ. არსებობს შესაბამისი უწყება, რომელიც უფრო კომპეტენტურად გიპასუხებთ აღნიშნულ კითხვაზე. შეგიძლიათ მიმართოთ და მიიღებთ პასუხს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დანაშაული უნდა აღიკვეთოს და მოჰყვეს რეაგირება.“- განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, „ტვ პირველმა" „ნოდარ მელაძის შაბათში" კადრები გაავრცელა, რომელიც პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტს ასახავს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ძალადობის კადრებს პოლიციელები იღებდნენ და საერთო „ჩათში " აგზავნიდნენ.გადაცემის ანონსის გასვლის შემდეგ შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტავს, რომ პოლიციელების მიერ ჩადენილი ფაქტი 2022 წელს მოხდა, ხოლო აღნიშნული პოლიციელები 2026 წლის თებერვალში დააკავეს.