საგარეო უწყებამ პარლამენტს, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ, საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციები გააცნო

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციები გააცნო.

საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშის განხილვა, რომელიც 2021-2025 წლებს მოიცავს, ჟენევაში - 2026 წლის 26 იანვარს გაიმართა. საქართველოს შესახებ ანგარიშის განხილვაში მონაწილეობა გაეროს 106-მა წევრმა სახელმწიფომ მიიღო. სესიის ფარგლებში საქართველოს მიმართ 307 რეკომენდაცია გაიცა.

ხათუნა თოთლაძის ინფორმაციით, საქართველომ 159 რეკომენდაციას დაუჭირა მხარი.

„საქართველო მხარს არ უჭერს მთელ რიგ რეკომენდაციებს, მათ შორის არ იღებს რეკომენდაციებს ტრადიციულად, რუსეთის ფედერაციისგან მის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და საოკუპაციო რეჟიმების მხარდაჭერის გამო. საქართველო ასევე არ იზიარებს რეკომენდაციებს, რომლებიც გაიცა ისეთი ქვეყნებისგან, რომლებმაც რუსეთისთვის ერთგულების დადასტურების ნიშნად, თავის დროზე ჩვენი განუყოფელი რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა.

გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველო მხარს არ უჭერს რეკომენდაციებს, რომელიც ეხება კონკრეტული კანონმდებლობის გაუქმებას ან გადახედვას, გამოხატვის მშვიდობიანი შეკრებისა და პრესის თავისუფლებისთვის დაბრკოლების მოხსნის შესახებ რეკომენდაციას; რეკომენდაციებს სამართალდამცავთა მიერ დემონსტრანტების და ჟურნალისტების წინააღმდეგ ე.წ. არასათანადო მოპყრობასა და გადამეტებული ძალის გამოყენების შესახებ. სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის შესახებ და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ.

საქართველოს პოზიციის ამსახველ ცხრილში არის ყველა რეკომენდაციასთან მიმართებით მოკლე დასაბუთება თუ რატომ არ უჭერს მხარს საქართველო ცალკეული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ვალდებულებას“, - განაცხადა ხათუნა თოთლაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თითოეული ქვეყნის მიერ გაცემულ რეკომენდაციებთან მიმართებაში საქართველოს არგუმენტირებულ პასუხები აქვს.

საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვასთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიშის მიღება გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 62-ე სესიის ფარგლებში - 2026 წლის ივნის-ივლისში მოხდება.

ცნობისთვის, მთელ რიგ რეკომენდაციებს შორის, რომელსაც საქართველო არ იღებს და მხარს არ უჭერს, შემდეგი ქვეყნების შემდეგი რეკომენდაციებია:

გააუქმეთ კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული სისტემის დაცვას - კერძოდ, 2024 წლის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონი, “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (FARA) და 2024 წლის კანონი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" (ფინეთი);

გააუქმეთ ყველა რეპრესიული კანონი და ცვლილება, რომლებიც მიღებულია 2024 წლის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შემდეგ და მოიყვანეთ სამართლებრივი ჩარჩო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრულ შესაბამისობაში (ჩეხეთი);

გააუქმეთ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (დანია); (ლიხტენშტაინი); (ლიეტუვა); (სლოვენია); (უკრაინა);

შეასრულეთ ვენეციის კომისიის ყველა მიმდინარე რეკომენდაცია (ლიეტუვა);

გააუქმეთ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და “გრანტების შესახებ“ კანონის ცვლილებები და უკან გაიხმეთ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ საჩივარი (ნორვეგია);

გააუქმეთ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმდებლობა და “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, რომლებიც გავლენას ახდენს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებზე (ახალი ზელანდია);

გააუქმეთ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონები, რომლებიც ძირს უთხრის გამოხატვის, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას (პოლონეთი);

გააუქმეთ კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას, მათ შორის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, ოჯახური ღირებულებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი და “გრანტების შესახებ“ კანონსა და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ცვლილებები (შვედეთი);

გააუქმეთ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და „გრანტების შესახებ“ კანონის ცვლილებები სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ რეპრესიების დასრულების მიზნით (შვეიცარია);

გააუქმეთ კანონები, რომლებიც მიზანში იღებს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას, მათ შორის “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“, “გრანტების შესახებ“ კანონი და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის ბოლოდროინდელი ცვლილებები (ავსტრალია);

გააუქმეთ კანონები, რომლებიც არასათანადოდ ზღუდავს სამოქალაქო სივრცეს და მედიის თავისუფლებას, მათ შორის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და „გრანტების შესახებ“ კანონის ბოლოდროინდელი ცვლილებები (ბელგია);

გააუქმეთ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (კოლუმბია);

გააუქმეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და უზრუნველყავით, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, “შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი და სისხლის სამართლის კოდექსი შესაბამისობაში იყოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალსა და სტანდარტებთან (ირლანდია);

განიხილეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ “ კანონის, “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ და „გრანტების შესახებ“ კანონის ბოლოდროინდელი ცვლილებების გაუქმება, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების სრულად შესრულებისა და სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და ადამიანის უფლებათა დამცველების უსაფრთხო სივრცის მზარდად უზრუნველსაყოფად (იტალია);

მიიღეთ და შეასრულეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შესაბამისი კანონმდებლობის ცვლილებისა და გაუმჯობესების მიზნით (კვიპროსი);

საერთაშორისო სამართალთან, ვენეციის კომისიასა და ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის რეკომენდაციებთან შესაბამისობის მიზნით, გადახედეთ „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის და სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებებს, რომლებიც ამჟამად ზღუდავს შეკრების თავისუფლებას (გერმანია);

გააუქმეთ ან არსებითად გადახედეთ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონისა და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის ცვლილებებს (გერმანია);

გააუქმეთ ეროვნული კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასა და შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებას (ისლანდია);

გააუქმეთ კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას, მათ შორის, კანონები LGBTI-ის წინააღმდეგ და უზრუნველყავით ჟურნალისტების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და სამოქალაქო საზოგადოების ეფექტიანი დაცვა (ჩილე);

უზრუნველყავით, რომ ყველა არსებული და მომავალი კანონმდებლობა შესაბამისობაში იყოს აზრის, გამოხატვის, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებებთან, რათა ადამიანის უფლებათა დამცველებს, ჟურნალისტებს, აკადემიურ პერსონალსა და პოლიტიკოსებს მიეცეთ საქმიანობის შესაძლებლობა (კანადა);

მოხსენით დაბრკოლებები სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობისთვის, მათ შორის, გააუქმეთ ან შეცვალეთ ე.წ. კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ და „გრანტების შესახებ“ კანონის ცვლილებები (გერმანია);

გადახედეთ კანონმდებლობას, რომელიც ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას და უზრუნველყავით ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისგება და ყველა მსხვერპლისათვის მართლმსაჯულება (ლატვია);

შეუსაბამეთ კანონმდებლობა და პრაქტიკა საერთაშორისო სტანდარტებს გამოხატვის თავისუფლების, მშვიდობიანი შეკრებისა და სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობის დაცვის მიზნით (პორტუგალია);

შეუსაბამეთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და სისხლის სამართლის კოდექსი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებს (ესტონეთი);

დააჩქარეთ აღდგენითი მართლმსაჯულების შესახებ კანონის პროექტის მიღება (რუანდა);

გააუმჯობესეთ ეროვნული კანონმდებლობა „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის სრულად შესრულების მიზნით (შვეიცარია);

გააუქმეთ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, საქართველოს სხვა კანონებში შეტანილ 18 დაკავშირებულ ცვლილებასთან ერთად (კოლუმბია);

გააუქმეთ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონმდებლობა, რაც მკაცრად ზღუდავს LGBTQI+ თემის წევრების უფლებებს (ახალი ზელანდია);

გააუქმეთ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი და მიიღეთ ზომები LGBTI+ პირთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის, სტიგმატიზაციისა და ძალადობის აღმოფხვრის მიზნით (მექსიკა);

გააუქმეთ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონი და მიიღეთ ზომები LGBT+პირთა წინააღმდეგ სიძულვილის ენისა და ძალადობის აღმოფხვრის მიზნით (ნორვეგია);

გააუქმეთ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონში შეტანილი LGBTIQ+ საწინააღმდეგო დებულებები | (მალტა);

გააუქმეთ LGBTQIA+ საწინააღმდეგო კანონმდებლობა, მათ შორის, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი (ავსტრალია);

შეცვალეთ შიდა კანონმდებლობა, მათ შორის, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონი, რათა ცალსახად აიკრძალოს დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, და რელიგიისა ან რწმენის საფუძველზე (კანადა);

გააუქმეთ LGBT უფლებათა საწინააღმდეგო ცვლილებები (ესტონეთი);

გააუქმეთ დისკრიმინაციული დებულებები ეროვნულ კანონმდებლობაში და უზრუნველყავით სამართლებრივი დაცვა სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის და სქესობრივი მახასიათებლების მქონე პირებისთვის (ისლანდია);

სრულად დაიახლოვეთ სამართლებრივი ჩარჩო ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან (უკრაინა);

მიიღეთ კონსტრუქციული ზომები საკუთარი ხალხის შესაცნობად (იაპონია);

უზრუნველყავით სახალხო დამცველის ოფისი საკმარისი ადამიანური და ფინანსური რესურსებით, რათა მან ეფექტიანადა და დამოუკიდებლად შეასრულოს თავისი მანდატი, პარიზის პრინციპების შესაბამისად (ლიხტენშტაინი);

გააძლიერეთ ძალისხმევა უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის შშმ პირთა, მიგრანტების, LGBTQI+ პირთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით (ლუქსემბურგი);

ინკლუზიური საჯარო პოლიტიკისა და პრევენციული ქმედებების გზით, გააძლიერეთ ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, მათ შორის რასობრივი, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიის ან მიგრაციის სტატუსის საფუძველზე არსებული დისკრიმინაციის წინააღმდეგ (კამერუნი);

განაგრძეთ ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა პასუხისგების უზრუნველყოფის მიზნით (პაკისტანი);

უზრუნველყავით სამართალდამცავთა მიერ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის, წამებისა და გადამეტებული ძალის გამოყენების ყველა შემთხვევის სწრაფი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება და პასუხისგება (რუმინეთი);

დაიწყეთ საჯარო დემონსტრაციების კონტექსტში, ადამიანის უფლებათა დარღვევების, მათ შორის, სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებული გამოყენების დამოუკიდებელი გამოძიება (პოლონეთი);

უზრუნველყავით 2024 წლიდან მიმდინარე დემონსტრაციების კონტექსტში, სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, მათ შორის, წამების ბრალდებების დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიებები (შვეიცარია);

უზრუნველყავით საპროტესტო აქციების პერიოდში პოლიციის მხრიდან ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ბრალდებების დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი გამოძიება და დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო);

ჩაატარეთ სახელმწიფო მოხელეთა მხრიდან 2024–2025 წლების საპროტესტო აქციების პერიოდში ძალისა და ნაკლებად ლეტალური იარაღის გამოყენების საფუძვლიანი გამოძიება (კოლუმბია);

უზრუნველყავით არსებითი, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება, სისხლისამართლებრივი დევნა, დასჯა და ზიანის ანაზღაურება არასათანადო მოპყრობისა და ინციდენტების ყველა შემთხვევისა, რომელიც დაკავშირებულია დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტებულ გამოყენებასთან (ესტონეთი);

გამოიძიეთ ცნობები პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენების, მათ შორის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების თაობაზე და უზრუნველყავით მსხვერპლთათვის მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა, ზიანის ანაზღაურება და რეაბილიტაცია (გერმანია);

უზრუნველყავით ხელისუფლების ორგანოების მხრიდან წამების, არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების თაობაზე ბრალდებების სწრაფი, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება |(ირლანდია);

უზრუნველყავით სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებული გამოყენების, წამების, ან არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდების სწრაფი, დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიებები და უზრუნველყავით დამნაშავეთა პასუხისგებაში მიცემა (ალბანეთი);

უზრუნველყავით სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებათა დამცველების, ჟურნალისტებისა და მედია მუშაკების მიმართ ყველა თავდასხმის, აგრეთვე დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებული გამოყენების ბრალდებების სწრაფი, მიუკერძოებელი და საფუძვლიანი გამოძიება, სისხლისსამართლეზრივი დევნა, სანქციები და ზიანის ანაზღაურება (ბელგია);

უზრუნველყავით დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების თითოეული შემთხვევის დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიება (ჩეხეთი);

ჩაატარეთ ადამიანის უფლებათა დარღვევის თაობაზე ყველა ბრალდების დამოუკიდებელი გამოძიებები და პოლიციის მხრიდან ძალადობის კარგად დოკუმენტირებული შემთხვევების სისხლისსამართლეზრივი დევნა (დანია);

უზრუნველყავით სამართალდამცავი პირების მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების ყველა შემთხვევის დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიებები და ჩამოაყალიბეთ კონკრეტული და აღსრულებადი გარანტიები მომავალში მსგავსი დარღვევების თავიდან ასაცილებლად (ნიდერლანდების სამეფო);

ჩაატარეთ საჯარო დემონსტრაციების კონტექსტში ადამიანის უფლებათა დარღვევების ყველა სერიოზული ბრალდების, მათ შორის თვითნებური დაკავებებისა და სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გამოყენების სწრაფი, დამოუკიდებელი და საფუძვლიანი გამოძიებები (ლიხტენშტაინი);

უზრუნველყავით მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა და დასჯა არასათანადო მოპყრობის, წამებისა და ინციდენტების ყველა შემთხვევისა, რომელიც დაკავშირებულია სამართალდამცავთა მხრიდან დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებულ გამოყენებასთან (ლიეტუვა);

აღმოფხვერით მშვიდობიანი დემონსტრაციების კონტექსტში ადამიანის უფლებათა დარღვევები (ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკა);

გაათავისუფლეთ ყველა პოლიტიკური პატიმარი (უკრაინა);

უზრუნველყავით, რომ პირებს, რომლებიც დაკავებული არიან თავიანთი უფლებებით სარგებლობისთვის, აქვთ დაუყოვნებლივი წვდომა ჯანდაცვის სერვისებზე, იურიდიულ კონსულტაციაზე და წინაპირობების გარეშე სარგებლობენ დროული და სამართლიანი სასამართლოთი და მათი საქმეები განიხილება დამოუკიდებელი მექანიზმის მიერ (კანადა);

გაათავისუფლეთ ყველა პირი, რომელიც პოლიტიკური მოტივითაა დაკავებული და უზრუნველყავით სამართლიანი სასამართლოს უფლება (საფრანგეთი).

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა