რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, იზაბელა კასტროჯოვანს უმასპინძლა. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზაზა ვაშაყმაძემ იზაბელა კასტროჯოვანის რელიგიის სააგენტოს აქტივობების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობის პრაქტიკაზე გაამახვილა. კერძოდ, სააგენტოსა და ბავშვთა ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებზე: რელიგიურ ლიდერთა ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართულ სემინარზე „სასულიერო პირების როლი ბავშვის უფლებების დაცვის საქმეში“ და ერთობლივ ტრენინგზე „რელიგიის თავისუფლება და ბავშვის საუკეთესო ინტერესები“, რომელშიც საქართველოში რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
იზაბელა კასტროჯოვანიმ რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო თანამშრომლობის, მათ შორის, ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვა.
შეხვედრის დასასრულს, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს საჩუქრად სააგენტოს გამოცემები - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“, „რელიგიები საქართველოში“, „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით“ და „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით“ გადასცა.
შეხვედრა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.