ალეკო ელისაშვილი მოსამართლეს - 15 წელი ციხეში ისე უნდა გამიშვათ, ჩანაწერი გაქვთ და არ უნდა ამოიღოთ? - მე-19 საუკუნის სასამართლოა?

15 წელი ციხეში ისე უნდა გამიშვათ, ჩანაწერი გაქვთ და ჩანაწერი არ უნდა ამოიღოთ? - მე-19 საუკუნის სასამართლოა? კარგით რა, რანაირ ქვეყანას აშენებთ, უხერხულობას არ გიქმნით? - ასე მიმართა ტერორიზმში ბრალდებულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე, მოსამართლეს.

ალეკო ელისაშვილის აღნიშნული განცხადება, დაცვის მხარის შუამდგომლობაზე, მოსამართლის გადაწყვეტილებას მოჰყვა.

დაცვის მხარეს სურდა, რომ მოსამართლეს გაეცა განჩინება და ამოეღოთ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა სამხრე-კამერების ჩანაწერები, რომლებიც სასამართლოს შენობაში, მაშინ მივიდნენ, როდესაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებს ის უკვე დაკავებული ჰყავდათ. აღნიშნული შუამდგომლობა კი მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

"ტერორიზს მედავებით, 15 წელი ციხეში უნდა გავატარო და უხერხულობას მაინც ვერ გრძნობთ, რასაც იძახით, რომ არ არის მნიშვნელოვანიო? 15 წელი ციხეში ისე უნდა გამიშვათ, ჩანაწერი გაქვთ და ჩანაწერი არ უნდა ამოიღოთ? შეგრცხვეთ მაინც რაღაცის. ახლა რომ ამოიღოთ რა პრობლემაა? მე-19 საუკუნის სასამართლოა? კარგით რა, რანაირ ქვეყანას აშენებთ, უხერხულობას არ გიქმნით? და მერე იტყვით, რომ სისტემური ძალადობა არ არის ესო", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ასევე, სხდომის მიმდინარეობისას მოსამართლის წინაშე დაიკითხნენ სასამართლო მანდატურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მათ შორის, საერთო სასამართლოების იურისტი.

მოწმე დავით ხარებაშვილმა, რომელიც სასამართლო მანდატურის თანამშრომელია დაკითხვის დროს განაცხადა, რომ პოლიტიკოსზე არავის უძალადია და მასზე არაადამიანური მოპყრობის ფაქტი არ ყოფილა.

კიდევ ერთ-ერთი მანდატურის სამსახურის თანამშრომლის რევაზ ბუღადრიშვილის თქმით, როდესაც ალეკო ელისაშვილი გაანეიტრალეს, მას ჰკითხეს თუ რატომ ჩაიდინა აღნიშნული ქმედება, რაზეც ელისაშვილისგან მიიღო პასუხი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს არასამართლიანი გადაწყვეტილებები გამოჰქონდა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.

პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.

შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი ბრალდებულია კიდევ ერთ საქმეზე - პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე.

ის პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ამ საქმეზე ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა