პროკურორი - ელისაშვილის ცალსახა მიზანი  იყო, მართლმსაჯულების განხორციელებისთვის შეეშალა ხელი ცეცხლის წაკიდებით, გვაქვს ნათელი მტკიცებულება, ვიდეოჩანაწერი - რაც შეეხება სამხრე კამერების ჩანაწერებს, დაცვის მხარეს შეეძლო გამოეთხოვა

მოწმეებმა გვითხრეს, რომ ალეკო ელისაშვილის ცალსახა მიზანი იყო, მართლმსაჯულების განხორციელებისთვის შეეშალა ხელი და ეს გაეკეთებინა ამ ფორმით, ცეცხლის წაკიდებით და სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შექმნით, - ამის შესახებ პროკურორმა ანა ხუბეჯაშვილმა ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

პროკურორის განმარტებით, მოწმეებმა პროცესზე ისაუბრეს, როგორ შეაღწია ბრალდებულმა ელისაშვილმა სასამართლო შენობაში, როგორ დაასხა ბენზინი სხვადასხვა ადგილას და როგორ ცდილობდა ცეცხლის წაკიდებას.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ დაკითხა ექვსი პირი, მათ შორის ორი მანდატური და ერთი სასამართლოს წარმომადგენელი. მანდატურებმა დეტალურად გვითხრეს, თუ რა ქმედებები განხორციელდა ალეკო ელისაშვილის მიერ. კონკრეტულად კი, როგორ შეაღწია მან სასამართლო შენობაში, როგორ დაასხა ბენზინი სხვადასხვა ადგილას და როგორ ცდილობდა ცეცხლის წაკიდებას. ასევე, გვითხრეს, თავად როგორ შეძლეს მისი დაკავება და როგორ უწევდა ის წინააღმდეგობას, როგორ ემუქრებოდა მათ სიცოცხლის მოსპობით. ასევე, გვითხრეს ის, რომ ცდილობდა ამ პროცესში იარაღის გამოყენებას. სასამართლოს წარმომადგენელმა გვითხრა რა ზიანი დადგებოდა ქმედების დასრულების შემთხვევაში. ზიანი იქნებოდა ორი სახის - მატერიალური, რაც დაახლოებით 25 მილიონ ლარს აღემატება და მეორე, სასამართლოს ფუნქციონირება და მართლმსაჯულების განხორციელება გარკვეული პერიოდით შეწყდებოდა“, - განაცხადა პროკურორმა.

კითხვაზე, რატომ არ არის პოლიციელების სამხრე კამერები ამოღებული, პროკურორი პასუხობს, რომ „თუ ვინმეს ეს მნიშვნელოვნად მიაჩნდა, შეეძლო გამოეთხოვა, ჩვენ არ მიგვაჩნდა მნიშვნელოვნად იმიტომ, რომ არ იყო უშუალოდ შემხებლობაში საქმესთან“.

„საქმეში გვაქვს ისეთი ნათელი მტკიცებულება, როგორიც არის ვიდეოჩანაწერი, რომელიც სრულად ასახავს ბრალდებულის ქმედებებს დაწყებიდან დასრულების ჩათვლით, ამიტომ თუ ვინმესთვის რაიმე დამატებითი ინფორმაცია იყო მნიშვნელოვანი, ეს არ ყოფილა დასამალი და დაცვის მხარეს ნებისმიერ დროს შეეძლო მიემართა და დაედგინა, არსებობდა თუ არა ასეთი ჩანაწერი და გამოეთხოვა. ჩემთვის არ არის ცნობილი, ასეთი ჩანაწერი არსებობს თუ არა იმიტომ, რომ სამხრე კამერის არსებობა და ჩართულობა არ ნიშნავს იმას,რომ ეს ჩანაწერი აუცილებლად იარსებებს“, - განაცხადა ანა ხუბეჯაშვილმა.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა