ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა იმის თაობაზე, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე პოლიციის განყოფილებიდან გამოეთხოვათ სამხრე ვიდეო-ჩანაწერები.
როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდგომ განუცხადა, ამ სამხრე ვიდეო ჩანაწერის გამოთხოვის შემთხვევაში დადასტურდებოდა ალეკო ელისაშვილის უდანაშაულობა ტერაქტის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით.
„დღევანდელ პროცესზე ჩვენთვის ცნობილი გახდა არა მხოლოდ ის, რომ თურმე სამხრე ვიდეო-კამერების ჩანაწერები არსებობდა, არამედ ჩვენთვის ცნობილია ის, რომ სამხრე ვიდეო-კამერების ჩანაწერები დღესაც არსებობს საპატრულო პოლიციის შესაბამის განყოფილებაში. სწორედ ამიტომ ფორსმაჟორულ პირობებში ვიშუამდგომლეთ, რომ სასამართლოს განჩინება გაეცა ამ ინფორმაციის გამოთხოვაზე. ამ ვიდეოჩანაწერით დადასტურდებოდა ის, რომ მოგონილი განცხადებები, რაზეც მერე ცდილობენ, რომ ტერაქტად გადათარგმნონ, ბრალდებულის მხრიდან არ გაკეთებულა. ასევე ის სამხრე ვიდეო-კამერის ჩანაწერები დაადასტურებდა ბრალდებულის უდანაშაულობას, რომ შეუძლებელია ტერაქტის კვალიფიკაცია მისცემოდა 29 ნოემბერს განვითარებულ მოვლენებს, თუმცა, სამწუხაროდ, სასამართლომ უარი გვითხრა. ერთადერთი გაგრძელება და ლოგიკა არის ის, რომ ჩვენება რჩება ჩვენების წინააღმდეგ - ბრალდებულის ჩვენების წინააღმდეგ პატრული და მანდატურის ჩვენებები. ობიექტური მტკიცებულების, რაც არის ვიდეოჩანაწერი, გამოთხოვაზე, სასამართლო უარს გვეუბნება, რაც ნორმალური შეჯიბრებითი სასამართლოს პირობებში უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე ნიშნავს იმას, რომ ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ბრალდებული გაამართლოს მოსამართლემ“, - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, ნიღბიანი ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით, საბრძოლო მასალით და ტერორისტული აქტის განხორციელებისათვის საჭირო ნივთებით შეიარაღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მივიდა, ჩაქუჩის გამოყენებით სასამართლოს კანცელარიის შენობის გარე ფასადის მინა ჩაამტვრია და შეაღწია სასამართლოს შიდა სივრცეში.
პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მან ადგილზე განთავსებულ ნივთებზე და დოკუმენტაციაზე დიდი რაოდენობით აალებადი ნივთიერება დაასხა და ცეცხლის წაკიდებით სცადა ხანძრის გაჩენა. გამოძიების ცნობითვე, პოლიტიკოსი ერთ-ერთ მანდატურს თავს დაესხა და სცემა.
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილი ბრალდებულია კიდევ ერთ საქმეზე - პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნაზე.
ის პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ამ საქმეზე ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილს ძალადობით. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.