პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სამუშიას განცხადებით, მნიშვნელოვანია გაირკვეს, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება იმ პოლიციელების მიმართ, ვისზეც გავრცელდა ვიდეოკადრები, წამების მუხლით და რა სამართლებრივი სტატუსი აქვთ საქმეში ფიგურანტ პირებს.
როგორც სამუშიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, საზოგადოებას პასუხები სჭირდება, მიმდინარეობს თუ არა გამოძიება წამების მუხლით.
“როდესაც დანაშაულს გადაცდომას ეძახი, არის თუ არა ეს რბილი ფორმა?! გადაცდომას გადაცდომა უნდა დაარქვა. მიმდინარეობს თუ არა გამოძიება წამების მუხლით? ალბათობა იმისა, რომ წამების მუხლით მიმდინარეობდეს გამოძიება არსებობს. ამაზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია. შემდეგი კითხვაა თუ რა არის ამ ხალხის სამართლებრივი სტატუსი - არის თუ არა ეს სამი ადამიანი წინასწარ პატიმრობაში? ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას უნდა მიაწოდონ. თუ პოლიციის შენობაში ხდებოდა, მარტო იყო ეს ხალხი და დაკეტილი იყო შენობა? როდესაც ასეთი მძიმე დანაშაულის შესახებ უტყუარ მტკიცებულებას "ჩათში" აგდებენ, ჰქონდათ თუ არა დაუსჯელობის განცდა. რომ არ ყოფილიყო ვიდეო კადრები, მოხდებოდა თუ არა ვინმეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა?
ბევრ რამეზე შეიძლება თქვან, რომ მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ კითხვები და ამასთან დაკავშირებით პასუხები გვჭირდება“, - განაცხადა სამუშიამ.
მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია პასუხი გაეცეს კითხვას, მოხდებოდა თუ არა ვინმეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება იმ შემთხვევაში, თუ საქმესთან დაკავშირებული ვიდეოკადრები არ გავრცელდებოდა.
სამუშიამ ასევე გაიხსენა გირგვლიანის საქმე და აღნიშნა, რომ წარსულშიც საზოგადოების ზეწოლისა და პროტესტის შემდეგ დადგა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი.
„დავაკავეთო. კი, გასაგებია, რომ დააკავეთ, მაგრამ „გირგვლიანის საქმეზეც“ ასე საუბრობდნენ წინა ხელისუფლების დროს. ის სადისტები საზოგადოების ზეწოლის და პროტესტის მერე დააკავეს. ცნობილი საქმის მოსამართლეები არიან თუ არა დღეს მოსამართლეები?“,- განაცხადა სამუშიამ.