მარცხით გაწბილებული რუსეთი გადასულია ახალ ამოცანაზე, თავის ლოიალურ „ქართული ოცნების“ რეჟიმთან ერთად, რაც არის ის, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი არამარტო რეალურად შეჩერდეს, სრულად იქნეს გაუქმებული,- ამის შესახებ „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის პოსტს, სადაც ის აღნიშნავს, რომ „ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ფუძემდებლურ პრინციპს და მას, თანაბარ ერთა კავშირიდან, „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს“.
მისივე თქმით, მზადდება საფუძველი იმისთვის, რომ ფორმალურად აღარ არსებობდეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროექტი.
„როგორც ჩანს, მარცხით გაწბილებული რუსეთი ახლა არის გადასული ახალ ამოცანაზე, თავის ლოიალურ რეჟიმთან, „ქართული ოცნების“ რეჟიმთან ერთად, რაც არის ის, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი არამარტო რეალურად შეჩერდეს, სრულად იქნეს გაუქმებული. ახლა, როგორც ჩანს, მზადდება საფუძველი იმისთვის, რომ ფორმალურად აღარ არსებობდეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროექტი, გზა და კურსი“,- განაცხადა გეგელიამ.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქ“ პოსტით გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ვეტოს უფლება შეიზღუდება.
როგორც პაპუაშვილი წერს, ბრიუსელის იდეა, მოახდინოს ქვეყნების უფლებრივი სეგრეგაცია, რადიკალურად ცვლის ევროკავშირის ფუძემდებლურ პრინციპს და მას, თანაბარ ერთა კავშირიდან, „პირველხარისხოვან“ და „მეორეხარისხოვან“ ერთა კავშირად აქცევს.
როგორც პაპუაშვილი განმარტავს, „ევროკავშირის პლაკატურ ფრაზას „ერთიანობა მრავალფეროვნებაში“, პრაქტიკაში სულ უფრო მეტად ანაცვლებს ლოზუნგი „არ გადაუხვიო გენერალურ ხაზს", რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიგიღებენ, თუ შენი ხმა მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას შეასრულებს“.