ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც სულ უფრო და უფრო დისტოპიას ემსგავსება, რაც ლიტერატურიდან და კინოფილმებიდან ვიცით - განსაკუთრებით „1984“-ის აზრის სამინისტროს ალუზიით! ვართ ავტორიტარული ქვეყანა, რომელიც ტოტალიტარულ ქვეყნებს ემსგავსება, - აღნიშნული შეფასება “ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა გიორგი სიორიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა, “დღის ნიუსრუმში“ გააკეთა.
სიორიძემ შს სამინისტროს ფარგლებში შექმნილ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საქმიანობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სიძულვილის ენის პრობლემას, რომლის დამამკვიდრებელიც თავად “ქართული ოცნებაა“, შს სამინისტროში შექმნილი სამმართველო ვერ გადაჭრის.
სიორიძის განცხადებით, აღნიშნული სამმართველოს არსებობის მიზანი ქვეყანაში თავისუფალი აზრის და გამოხატვის სივრცის მოსპობაა.
“შს სამინისტროს ახალ სამმართველოს ყველაზე მეტად ხალხში დამკვიდრებული სახელი - „სქროლვა-სქრინვის სამმართველო“ უხდება, რომელიც თავის საქმიანობას ბეჯითად შეუდგა და ადამიანების გამოხატვისა და თავისუფალი აზრის შეზღუდვა დაიწყო. სასამართლოები, რომლებიც თურმე ასე მოცლილები არიან, ამ სრულიად უაზრო საქმეებით კიდევ უფრო მეტად უნდა დაიტვირთონ. კარგად გვესმის თუ რა არის ამ ყველაფრის მიზანი. მიზანია ის, რომ მოისპოს ამ ქვეყანაში თავისუფალი აზრის გამოხატვის სივრცე, მათ შორის სოციალურ ქსელშიც. ამას სიძულვილის ენით ფუთავენ. ეს არის ერთ-ერთი რგოლი იმ ჯაჭვისა, რომელიც დაიწყო თავის დროზე ჯარიმების გამკაცრებით, 5 000 ლარიანი ჯარიმების დაწესებით, შემდეგ გზის გადაკეტვისთვის ადმინისტრაციული პატიმრობით, განმეორებისთვის - სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებით, ტროტუარზე დგომისთვის პატიმრობის დაწესებით.
ღვარძლისა და სიძულვილის სტანდარტი “ქართული ოცნების“ პირველი პირებმა: - შალვა პაპუაშვილმა, ირაკლი კობახიძემ, მამუკა მდინარაძემ, დიმიტრი სამხარაძემ და სხვებმა “მოღალატეებისა“ და “უსამშობლოების“ ძახილით დაამკვიდრეს. ხომ არ დაგვავიწყდა, რომ ეს ადამიანები ფიზიკურ დაპირისპირებაშიც ხშირად ერეოდნენ ხოლმე“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
სიორიძე ამ კონტექსტში აფასებს პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ ძალადობის ფაქტებს. მისი შეფასებით, ასეთი ტიპის დანაშაული სისტემურია და რომ არა გადაღებული და მედიით გავრცელებული ძალადობის ამსახველი კადრები, არავის პასუხისგებაში მიცემა არ მოხდებოდა.
რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციას იმის თაობაზე, რომ ადგილი აქვს პოლიციის დისკრედიტაციის მცდელობას, რაც მათივე სიტყვებით, “აკერმანის სახელმძღვანელოდანაა”, მათ სიორიძე პასუხობს, რომ “აკერმანის სახელმძღვანელოდან კი არა, კრემლის სახელმძღვანელოდან არის ის თითოეული ნაბიჯი და განცხადება, რასაც “ქართული ოცნება“ შხამიანი პროპაგანდისტული არხებით ავრცელებს“. სიორიძემ ამავე კონტექსტში აღნიშნა ისიც, რომ “ოცნება“ ტყუილებს კონსპირაციულ თეორიებზე დაყრდნობით ავრცელებს, რაც მისივე თქმით, სხვა ავტორიტარული ქვეყნების მიერ გავლილი გზაა და ამის ნახვა შესაძლებელია რუსეთში, ბელორუსში და ორბანის უნგრეთში.
“საპროტესტო აქციების დროს ადამიანები დაასახიჩრეს, აწამეს, სიკვდილის პირამდე მიიყვანეს. იმის თქმის საფუძველს, რომ საპოლიციო დანაშაული სისტემურია, დათო ქაცარავას, ლევან ხაბეიშვილის, ალეკო ელისაშვილის შემთხვევები მაძლევს. ალეკო ელისაშვილი, რომელსაც პროცესები ყოველდღიურ რეჟიმში ჩაუნიშნეს, პოლიტიკური დევნის მსხვერპლია, ისევე როგორც კონკრეტული ცემა ლეგიტიმური ეჭვის საფუძველს გვაძლევს, რომ ეს მამუკა მდინარაძის შურისძიება იყო. იყო სხვა უამრავი - 300-ზე მეტი შემთხვევა, მათ შორის ჟურნალისტებზე, რაც მალულად არ ხდებოდა და ყველაფერი პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.
როდესაც ამ ყველაფერზე დასავლელ პარტნიორებს რეაქცია ჰქონდათ და შს სამინისტროს წარმომადგენლები უმძიმეს სასანქციო პაკეტში მოაყოლეს - “მაგნიცკის სიაში“ შეიყვანეს, პასუხად ეს ადამიანები ირაკლი კობახიძემ ღირსების ორდენზე წარადგინა. აღარაფერს ვამბობ ტიტუშკებზე, რომელთაც ოფიციალური ფორმა არ ეცვათ“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
სიორიძემ საქართველოსთან დაკავშირებით ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International-ის მომზადებული ანგარიშიც შეაფასა. მისი თქმით, Amnesty International-ი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული უფლებადაცვითი ორგანიზაციაა, რომელიც არც ერთი ქვეყნის ხელისუფლებას არ ინდობს და “მის შეფასებაზეც ეყოთ უტიფრობა, როცა გამოვიდნენ და ანგარიშს უსამართლო უწოდეს“.
“ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მის წინააღმდეგაა. საუბრობდნენ გლობალური ომის პარტიაზე, “დიპ სტეიტზე“, ევრობიუროკრატიაზე, ავითარებდნენ კონსპირაციულ თეორიებს. ევროკავშირი, აშშ-ის ძველი და ახალი ადმინისტრაცია - ყველა თურმე ივანიშვილისა და “ქართული ოცნების“ წინააღმდეგ არის. Amnesty International-ის შეფასებაზეც ეყოთ უტიფრობა, როცა გამოვიდნენ და თქვეს, რომ ანგარიში არის უსამართლო.
Amnesty International-ი ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული უფლებადაცვითი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც არც ერთი ქვეყნის ხელისუფლებას არ ინდობს - მათ შორის არც დემოკრატიულებს. გაგახსენებთ, რომ როდესაც აშშ-ში ჯორჯ ფლუიდის შემთხვევა მოხდა, რაც ერთეული შემთხვევა იყო, მთელი აშშ-ში დაიცა - ამ ყველაფერს რამხელა ტალღა მოჰყვა....
როდესაც საუბარია სიძულვილის ენაზე, სისტემურ ძალადობაზე, დეზინფორმაციაზე, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 35-წლიან პერიოდში, ეს ყველაფერი ყველაზე უარესს ნიშნულზეა დაყვანილი. ამასთან, 2022 წლის შემდეგ - უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველომ ყველაზე დიდი რეგრესი განიცადა. ამ ფონზე, “ქართული ოცნება“ კვლავ ამბობს, რომ სინამდვილეში ყველა მას ებრძვის.
ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, დემოკრატიული სივრცე ამ ქვეყანაში მომსპარია, თავისუფალი სასამართლო არ არსებობს. ეს არის ის ძირითადი ღირებულებები, რაც ევროკავშირს უდევს საფუძვლად და ახლა “ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ჩვენ ევროკავშირი გვაშანტაჟებს.
ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე თითოეული მოქალაქისთვის ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს 100%-ით “ქართულმა ოცნებამ“ გამოიწვია
ვიზალიბერალიზაცია არის პრივილეგია იმისთვის, რომ ევროკავშირის ღირებულებებს მინიმალურ სტანდარტით მაინც აკმაყოფილებდე. როდესაც ამის საპირისპიროს აკეთებ, შენი ამომრჩევლებისთვის ბინძური პროპაგანდა გრჩება“, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.